1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ვოლოდიმირ ზელენსკი ბომბებსა და ზურგში ბზარებს შორის- კიეველი ლიდერის ხუთი პრობლემა” -Corriere della Sera
“ვოლოდიმირ ზელენსკი ბომბებსა და ზურგში ბზარებს შორის- კიეველი ლიდერის ხუთი პრობლემა” -Corriere della Sera

“ვოლოდიმირ ზელენსკი ბომბებსა და ზურგში ბზარებს შორის- კიეველი ლიდერის ხუთი პრობლემა” -Corriere della Sera

793
0

იტალიის გაზეთი „კორიერე დელა სერა“ (Corriere della Sera) 4 იანვრის ნომერში აქვეყნებს სტატიას სათაურით „ვოლოდიმირ ზელენსკი ბომბებსა და ზურგში ბზარებს შორის: კიეველი ლიდერის ხუთი პრობლემა“ (ავტორი – პაოლო ვალენტინო).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

გასული წლის ბოლოს თავის გამოსვლაში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ 2024 წელს რუს დამპყრობლებს „უკრაინელთა რისხვა დაატყდება“, მტერი განადგურებული იქნება და ომიც დასრულდება. არ შეიძლება არ გამოვხატოთ აღფრთოვანება კიეველი ლიდერის შეუპოვრობითა და მამაცობით, რომელიც ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ იბრძვის, თანაც ამას ამბობს რუსეთის არმიის მიერ კიევისა და სხვა ქალაქების მასირებული დაბომბვისა და ინტენსიური სარაკეტო შეტევის ფონზე.

ვლადიმერ პუტინმაც, სხვათა შორის, თავის საახალწლო გამოსვლაში აღნიშნა, რომ მასაც სურს ომის დასრულება, თუმცა, რა თქმა უნდა, თავისი პირობებით. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის ამჟამად ხუთი ძირითადი პრობლემა აქვს, რომელიც მან აუცილებლად უნდა მოაგვაროს.

  1. დასავლეთის სოლიდარობის შესუსტება

ევროსაბჭოს დეკემბრის სამიტზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამარჯვება მოიპოვა – დაიწყო მოლაპარაკება უკრაინის ევროკავშირში მიღებისათვის. მაგრამ სინამდვილეში უკრაინის გამარჯვება უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ნაბიჯმა დაჩრდილა, რომელმაც ვეტო დაადო კიევისათვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას. რასაკვირველია, არსებობს გზები, თუ როგორ შეიძლება უნგრეთის ვეტოს გვერდი აუხვიო, მაგრამ ეს დიდ დროს მოითხოვს. ანალოგიური სიტუაცია შექმნილი აშშ-ის კონგრესშიც, რომლის მიერ (უფრო ზუსტად, რესპუბლიკელი კონგრესმენების ნეგატიური პოზიციების გამო) უკრაინისათვის 61 მილიარდი დოლარის გამოყოფა ვერ მოხერხდა. ვოლოდიმირ ზელენსკის შეშფოთება აშკარად ჩანს, როცა იგი დასავლეთს მოუწოდებს დახმარების გასაგრძელებლად. მით უმეტეს, რომ ჰორიზონტზე დონალდ ტრამპის ავბედითი აჩრდილი მოჩანს.

  1. რეიტინგის დაცემა

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული შერჩევითი გამოკითხვის თანახმად, უკრაინელთა მხოლოდ 54% დარწმუნებული იმაში, რომ ქვეყანა სწორი გზით მიდის. „ეს სიგნალია, – ამბობს ვლადიმერ პანიოტო, ისტიტუტის დირექტორი, – იმისა, რომ ომისაგან გამოწვეული დაღლილობა ფრონტიდან ზურგში გადმოდის და მოსახლეობაზეც გავლენას ახდენს. გარდა ამისა, ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგიც მცირდება: შარშან ომის დაწყების დროს მისი პოპულარობა 90%-ს აჭარბებდა, ახლა კი 60%-მდეა დაცემული.

  1. რთული სამხედრო სიტუაცია

მოსახლეობის მზარდი პესიმიზმი პირდაპირ არის გამოწვეული კონტრშეტევის ჩაშლით – უკრაინელებს იმედები გაუცრუვდათ და გული გაუტყდათ. მოწინააღმდეგე მხარეების მიერ ომი ერთმანეთის გამოფიტვისაკენ არის მიმართული. ამ მხრივ რუსეთს შედარებით უფრო „კარგი“ პოზიციები აქვს – ვლადიმერ პუტინი უყოყმანოდ ყრის ათასობით რუს ჯარისკაცს სისხლიან ხორცსაკეპში. კიევში ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ უკრაინელებს ძველებურად სჯერათ თავიანთი არმიისა, მაგრამ ნაკლებად ენდობიან ვოლოდიმირ ზელენსკის როგორც უმაღლესი მთავარსარდლის უნარს, რომელიც ხშირად ერევა სტრატეგიულ არჩევანში და სამხედროების საქმიანობაში.

  1. ოპოზიციის გამოღვიძება

თანხმობა უკრაინის ხელისუფლებაში უკვე წარსულს ჩაბარდა. გასული წლის ნოემბერში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და გენერალ ვალერი ზალუჟნის შორის უთანხმოება გაჩნდა. უკრაინული მასმედიის ცნობით, კონფიდენციალურად ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, თუ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, ორი „ზ“ (ზელენსკი და ზალუჟნი) ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. მართალია, არჩევნების ჩატარება ნაკლებ სავარაუდოა, რადგან უკრაინა საომარ მდგომარეობაში იმყოფება, მაგრამ თვით ფაქტი ამ ორი ცნობილი ადამიანის კონფლიქტის თაობაზე მრავლისმეტყველია.

ვოლოდიმირ ზელენსკის კიდევ ერთი მძიმეწონიანი ოპონენტი ჰყავს – კიევის მერი ვიტალი კლიჩკო,  ყოფილი მსოფლიოს ჩემპიონი კრივში, რომელმაც ამას წინათ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი „დაშვებული შეცდომების ფასს მწარედ გადაიხდის“.

  1. პუტინის ფაქტორი

ვოლოდიმირ ზელენსკი თავისი რუსი სეხნიისა და კოლეგის – ვლადიმერ პუტინის ჯიუტობასა და გაძლიერებას უნდა შეეგუოს. კრემლის ბინადარი ისეთი ტახტშერყეული აღარ არის, როგორიც „ვაგნერელთა“ ამბოხების დროს იყო. ამჟამად რუსი დიქტატორი თავს ძველებურად მტკიცედ გრძნობს – მზარდი ეკონომიკით და ფრონტზე არსებული მეტ-ნაკლებად მომგებიანი სამხედრო სიტუაციით. მან უკვე გაგზავნა რუსი მამაკაცების მთელი თაობა სასაკლაოზე, მაგრამ მსხვერპლის რაოდენობა მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან დემოკრატია რუსეთში დათრგუნულია.

როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინს 2024 წლის მარტში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში ფორმალურად „მეფობის“ ვადას კიდევ ექვსი წლით გაგრძელებენ. კრემლელი დიქტატორის თქმით, მას ომის შეწყვეტა და მშვიდობის დამყარება სურს, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, როცა დასავლეთი და უკრაინა რუსეთის მოთხოვნებს შეასრულებს.

წყარო: