გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით პარტია „ფედერალისტები“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ 28 ნოემბრის აქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ როგორ იზრდება საზოგადოებაში ივანიშვილის რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობის მუხტი და ფართოვდება საქართველოს თავისუფალი, ევროპული მომავლისთვის ბრძოლა.
მათივე თქმით, ,,ფედერალისტებისთვის” ამ ბრძოლაში გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი პირობაა საზოგადოებისთვის იმის ნათლად ჩვენება, თუ რას ნიშნავს საქართველო ივანიშვილის გარეშე.
,,ეს ნიშნავს თავისუფალ ქვეყანას, სადაც ხელისუფლების წყარო მოქალაქეა და არა ერთი ადამიანის ნება, სადაც ხელისუფლება არჩევნებით იცვლება, კანონი ყველასთვის კანონია, ადამიანის თავისუფლებას დამოუკიდებელი მართლმსაჯულება იცავს და საქართველოს თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი წევრია.”
ისინი, ასევე, განმარტავენ, რომ ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა სააკაშვილის პოლიტიკურ დაბრუნებას არ უნდა ნიშნავდეს.
,,ივანიშვილის პროპაგანდა და, პარადოქსულად, პოლიტპატიმარ მიხეილ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა საზოგადოებას ერთსა და იმავეს უმტკიცებენ - რომ საქართველო ივანიშვილის გარეშე ნიშნავს სააკაშვილის საქართველოს.
ეს ასე არ არის და ამის მკაფიოდ თქმა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია.
ამიტომ ყველგან, სადაც საერთო წინააღმდეგობის გზავნილის მიხეილ სააკაშვილის ფიგურასთან გაიგივების მცდელობა იქნება და ასეთ მცდელობებს სისტემატურად ვხედავთ, აუცილებლად მოვახდენთ საპირისპირო გზავნილის დემონსტრირებას.
ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური უთანხმოება მიხეილ სააკაშვილთან არ გამომდინარეობს წარსულზე პასუხისმგებლობის საკითხიდან. ამ მხრივ, სწორედ სააკაშვილი და მისი გუნდია დაკავებული სხვებისკენ თითის გაშვერითა და, არცთუ იშვიათად, ქართული ოცნების შავრაზმული პროპაგანდის გამეორებით.
ჩვენი უთანხმოება ეხება დღევანდელობასა და საქართველოს მომავლის ხედვას.
პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველას, ვინც მიხეილ სააკაშვილის უალტერნატივობას არ აღიარებს, მოღალატედ ან ივანიშვილთან შეკრულად აცხადებს, ივანიშვილის რეჟიმისთვის სასარგებლო როლს ასრულებს და ოპოზიციის შიგნით იმავე ავტორიტარულ პოლიტიკურ კულტურას ამკვიდრებს, რომლის დამარცხებასაც ვცდილობთ.
პოლიტიკურ ძალებს შორის ცივილიზებული კოორდინაციის არაერთი მცდელობა სწორედ ამ გუნდის მხრიდან გახდა საბოტაჟის სამიზნე.
ამის უახლესი მაგალითი ოპოზიციური ალიანსის მიმართ მათი დამოკიდებულებაა, როდესაც ჯერ შეუერთდნენ ალიანსს და იმავე დროს, მისი წევრების წინააღმდეგ უბინძურესი კამპანია წამოიწყეს, რომელსაც დღემდე აგრძელებენ.
ამ ფონზე განსაკუთრებული ცინიზმია, როდესაც ისინი დღეს საერთო სცენიდან სიტყვით გამოსვლის უფლებას მოითხოვენ იმავე პოლიტიკურ ძალებთან ერთად, რომლებსაც ივანიშვილთან შეკრულებად აცხადებენ.
ივანიშვილი არის ავტორიტარული რეჟიმის შემქმნელი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო ინსტიტუტები, მოქალაქეებს წაართვა ხელისუფლების არჩევნებით შეცვლის შესაძლებლობა, თავისუფალი სამყაროსგან იზოლაციით, ქვეყანას რუსული გავლენის ჭაობში ტოვებს და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს და სახელმწიფოებრიობას.
მისი რეჟიმის დამარცხება ჩვენი მთავარი პოლიტიკური ამოცანაა.
ამავდროულად, მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობა ვერ გახდება მისი და მისი გუნდის პოლიტიკური ქმედებების კრიტიკისგან გათავისუფლების საფუძველი - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ქმედებები ივანიშვილის რეჟიმის ინტერესებს ემსახურება.
ამ პრობლემის იგნორირება დღევანდელ ნაცმოძრაობასთან არარსებული ერთიანობის ილუზიის შესანარჩუნებლად მძიმე პოლიტიკური შეცდომა იქნებოდა, რომელმაც უკვე არაერთგზის შეუქმნა საფრთხე ივანიშვილის მიმართ სახალხო წინააღმდეგობას, მათ შორის სულ ბოლოს 4 ოქტომბრის უპასუხისმგებლო კამპანიის დროს, რაც ივანიშვილის რეჟიმმა საკუთარი ამოცანებისთვის ეფექტურად გამოიყენა.
ფედერალისტებს სამიზნე მკაფიოდ გვაქვს განსაზღვრული - ივანიშვილის რეჟიმი.
და სწორედ მის დასამარცხებლად არის აუცილებელი იმ პროპაგანდისტული ალტერნატივის დანგრევა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მხოლოდ ორ ავტორიტარს შორის აქვს არჩევანი.
ივანიშვილს დავამარცხებთ არა წარსულში დაბრუნების დაპირებით, არამედ უკეთესი მომავლის დამაჯერებელი პერსპექტივის შექმნით.
არა რომელიმე ერთი პოლიტიკური ლიდერის გარშემო უპირობო გაერთიანებით, არამედ თავისუფალი მოქალაქეების ფართო წინააღმდეგობითა და დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებს შორის პრინციპული, ცივილიზებული თანამშრომლობით.
ფედერალისტების მიზანია, ყველა მოქალაქემ იცოდეს, რომ ჩვენ ვიბრძვით არა ერთი მმართველის მეორით ჩანაცვლებისთვის, არამედ იმისთვის, რომ საქართველოში ერთპიროვნული მმართველობის ეპოქა საბოლოოდ ჩაბარდეს წარსულს.”- ნათქვამია განცხადებაში.
