პარტია „კანონისა და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებულ გუშინდელ აქციაზე თამარ ჩერგოლეიშვილის გამოსვლას და მას „გაზპრომის ფედერალისტად“ და „გაზპრომის ვირთხად“ მოიხსენიებს.

ჩარკვიანის განცხადებით, საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ჩერგოლეიშვილი ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში „გადასარევად გრძნობდა თავს“.

„გააძევეთ და ჩამოაგდეთ ტრიბუნიდან ეს „გაზპრომის ვირთხა“ ჩერგოლეიშვილი. როგორც ლენინი და კრუპსკაია, უკვე ასეა ეს ცოლ-ქმარი. ვაი იმ უტვინოს, ან ამ „თაღლითისნაირს“, ვინც ვერ ხვდება, ეს დუპლეტი ვინ არის და ვის დავალებას ასრულებს ქმართან – ბოკერიასთან ერთად, ეს „გაზპრომის“ ვირთხა. უშიშროების საბჭოს მდივანი რომ ჰყავდა ქმარი და პასუხი რომ არასოდეს მოსთხოვეს „ჩადენილზე“ ამ საბოტაჟის მომწყობს, ახლა რომ გაჰკივის ეს ქალი, ავტოკრატია იყოო ყოფილი ხელისუფლების დროსო. ანუ, მე და ჩემი ქმარი ვიყავით ავტოკრატებიო. ყველას ახსოვს, რომ ეს ჩერგო გადასარევად გრძნობდა თავს. იმ ყოფილი ხელისუფლების დროს ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობა ჰქონდა მის ქმარს და თუ ვინმე ეზიზღებოდა ხალხს, ეს სწორედ ბოკერიაა. ადამიანები ხელს სწორედ ბოკერიას ადებდნენ ციხის ბუნტის, თუ სხვა პატიმრების საქმეებში (დევს სასამართლო ჩვენებები ღიად) საბოტაჟში დებდნენ ბრალს ადამიანები, ხოლო ამ თაღლითი ჩერგოლეიშვილის პროტესტი კი, არ მახსენდება. იმ ყოფილი ხელისუფლების დროს ავტოკრატია იყოო ახლა რომ გაჰკივის, „გრიალი“ და მის მიერ „გაზპრომიდან“ აღებული „მაყუთი“ კი გვახსოვს. არავის უხდის პუტინის „გაზპრომი“ ფულს ისე, ტყუილ-უბრალოდ არავის ამდიდრებს ოკუპანტი. ფაქტობრივად გუშინ აქციაზე ამ ქალმა თქვა, ავტოკრატი ვარო, ჰოდა, წაეთრიონ უნდა პოლიტიკიდან ავტოკრატები, რომ იყვნენ ეს და მისი ქმარი ბოკერია. ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენება მისცა ქალმა აქციაზე – ავტოკრატები ვიყავით მე და ჩემი ქმარიო, აი ეს თქვა ამ „გაზპრომის ფედერალისტმა“, – დაწერა თაკო ჩარკვიანმა.

ასევე, საკუთარ ,,ფეისბუქ” გვერდზე გამოქვეყნებულ კიდევ ერთ პოსტში თაკო ჩარკვიანი წერს: „ისე, ერთი სიკეთე კია, ამ ჩერგო-ბოკერიამ გუშინ (ვფიქრობ, საბოლოოდ ) ამ მავნებლური ბანერით – რუსეთის საამებელი ბანერით დაასრულეს თავიანთი ბინძური, მრავალწლიანი პოლიტ „მოღვაწეობა“ (თან უტვინოც აღმოჩნდა და ვერ გათვალა) და ყველა ის „მოლიდერო“ პოლიტიკანი მათთან ერთად დასრულდება, ვინც ამ „გაზპრომის ვირთხებთან“ ერთად გააგრძელებს პოლიტიკურ წუმპეში გორაობას. სრულიად საქართველო, „იმისტი და ამისტი“ თანხმდება რომ ეს ცოლ-ქმარი ნადეჟდა კრუპსკაია და ლენინივითაა. ზოგი ჭირი მარგებელიაო“.

შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს, ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სიტყვით არ გამოსულან. ამავე დღეს, თავისუფლების მოედანზე გამართულ შეკრებაზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ფედერალისტების“ წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. ინციდენტის მიზეზი გახდა ერთ-ერთი მონაწილის ბანერი, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ერთად იყვნენ გამოსახული. ბანერის მფლობელს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა მიმართა კითხვით: „პროვოკატორი ხარ?!“ მოგვიანებით ფავლენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აქციაზე პროვოკაციას ჰქონდა ადგილი.