„სტრატეგია აღმაშენებელი“ გუშინ გამართულ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პარტიის შეფასებით, აქციაზე მომხდარმა ე.წ. „სიურპრიზმა“ და შიდა დაპირისპირების პროვოცირების მცდელობამ ყველა მონაწილე გაურკვეველ ვითარებაში ჩააყენა.

პარტიაში აცხადებენ, რომ დაუშვებელია მსგავსი ქმედებების წინასწარ დაგეგმვა ისე, რომ პარტნიორებს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდეთ.

 

,,გუშინდელი დღე ნათელი დასტური იყო იმისა, თუ რამხელა ენერგია, ერთიანობა და ცვლილებების სურვილი არსებობს საზოგადოებაში. ქუჩაში გამოსული უამრავი ადამიანი ცალსახად გვიჩვენებს,რომ ქვეყანაში რეალური ალტერნატივის შექმნისა და გამარჯვების დიდი მუხტია.

სამწუხაროდ, გუშინდელ აქციაზე მომხდარმა ე.წ. „სიურპრიზმა" და შიდა დაპირისპირების მცდელობამ ყველა ჩაგვითრია გაუგებრობაში. მიუღებელია მსგავსი ქმედება წინასწარ დაგეგმილად კეთდებოდეს, პარტნიორები ამის შესახებ ინფორმირებულნიც კი არ ვიყავით.

„სტრატეგია აღმაშენებელი" მკაფიოდ ემიჯნება მომხდარ ინციდენტს. ხაზგასმით ვაცხადებთ:პარტნიორებს შორის მსგავსი ქმედება და შეუთანხმებელი ნაბიჯები კატეგორიულად მიუღებელია.

ჩვენ თანამშრომლობის გაგრძელებას ვაპირებთ ყველასთან, ვისაც რეალური ცვლილებებისა და გამარჯვების საერთო მიზანი ამოძრავებს, და არ ვაპირებთ ურთიერთობას მათთან, ვინც პარტნიორებს მსგავს „სიურპრიზებს" უწყობს.”- წერია განცხადებაში.