პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია გუშინდელ აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ მოსალოდნელი ერთიანობის ნაცვლად, საზოგადოება დღეს დაპირისპირებასა და უთანხმოებაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ამ შედეგის მისაღწევად არც „ქოცი“ და არც ქოცპროპაგანდა არ გამხდარა საჭირო.
გვარამიას თქმით, პასუხისმგებლიან პოლიტიკურ გუნდებს, განსაკუთრებით კი მათ ლიდერებს, არ აქვთ უფლება, „ეგოისტურად იყელყელაონ საკუთარი პოზიციით“.
„მეგობრებო, ბუნებრივია, „ახალი“ გამოეხმაურება გუშინდელ ფაქტს.
უბრალოდ, ნაჩქარევ ფბ სტატუსებს მიჩვეულ ხალხს მინდა, ვუთხრა, რომ ბევრი ადამიანის ბევრი აზრი როცა იკვეთება (შინაარსთან და ფორმასთანაც დაკავშირებით), პასუხისმგებლიან გუნდურ მოთამაშეებს და, მით უმეტეს, ლიდერებს, არ აქვთ უფლება, ავტონომია გამოაცხადონ და ეგოისტურად იყელყელაონ საკუთარი პოზიციით.
პოლიტიკაც, ტელევიზიაც და ყველა სხვა სფერო, სადაც მიმუშავია, გუნდური იყო. და გუნდურ ფორმატში ასე არ ხდება. გუნდურობა ზუსტად ისაა, რასაც მე მთელი ცხოვრება თანამშრომლობის მთავარ და ძალიან გასაფრთხილებელ ფორმად მივიჩნევ. და კი, განსაკუთრებით ამგვარ ვითარებებში გასაფრთხილებელი სწორედ რომ ჩემი პოლიტიკური გუნდია ჩემთვის – იდესიადმი ერთგული და საქმის მიმართ პასუხისმგებლიანი ადამიანების ერთობა.
ჩემი რწმენით, არაა პოლიტიკა „თავისუფალი ფორვარდების“ სათარეშო ასპარეზი და სწორედ ამ რწმენით შევქმენი პარტია და სწორედ ამ რწმენით ვმოქმედებ, მიუხედავად იმისა, რომ სულ არ მიჭირს განსხვავებულად მოქმედება, მერწმუნეთ. ეს ჩემი სრულიად გაცნობიერებული და პრინციპული არჩევანია, და არც თუ ისე მარტივი, მინდა გითხრათ.
ის, რომ გუშინდელი დიდებული აქციის ნაცვლად, დღეს ყველა კონფლიქტზე ლაპარაკობს;
ის, რომ დღეს ერთიანობის ნაცვლად, განხეთქილება იხილება;
ის, რომ ამას არ დაჭირვებია არც ქოცი და არც ქოცპროპაგანდა,
ამაზე უარესი არ ვიცი, რაღა უნდა იყოს.
ps სულელური „პარტიებო, თქვენთან კი არ გამოსულა ხალხი“ და მსგავსი ბოღმის, თუ იდიოტიზმის გამოვლინებები უინტერესოა და პასუხის ღირსადაც არ ვთვლი“, – წერს ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს, ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სიტყვით არ გამოსულან. ამავე დღეს, თავისუფლების მოედანზე გამართულ შეკრებაზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ფედერალისტების“ წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. ინციდენტის მიზეზი გახდა ერთ-ერთი მონაწილის ბანერი, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ერთად იყვნენ გამოსახული. ბანერის მფლობელს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა მიმართა კითხვით: „პროვოკატორი ხარ?!“ მოგვიანებით ფავლენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აქციაზე პროვოკაციას ჰქონდა ადგილი.
