ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ინტერვიუ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სათაურით „აშშ ზედმეტად აქცევს ყურადღებას ახლო აღმოსავლეთს, რუსეთზე კი მისი ზეწოლა არასაკმარისია" - რას აცხადებს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი", რომელშიც უკრაინის ლიდერის თვალსაზრისია გადმოცემული ბოლოდროინდელი მოვლენების მიმართ. ინტერვიუ ჩაწერილია კიევის ცენტრში მდებარე [პრეზიდენტის] ოფისში. პრეზიდენტს ჟურნალისტი სარა რეინსფორდი ესაუბრება.
გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:
„პუტინთან მეგობრობა ჰიტლერთან მეგობრობაა..."
ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა ვოლოდიმირ ზელენსკის, თუ რა გრძნობა დაეუფლა მას, როცა თეთრი სახლის მეთაურის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის ერთად გადაღებული ფოტოსურათი დაინახა წარწერით „ჩემი მეგობარი".
„რა თქმა უნდა, ეს შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადასაწყვეტია, მაგრამ... ჩემი აზრით, ეს უცნაურია", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, - „ის აგრესორია და მკვლელი... ის ვერ იქნება მეგობარი. უბრალოდ, ვერ იქნება... თუ მათ ესოდენ ახლო პირადი ურთიერთობა აქვთ, [დონალდ ტრამპს] ასეთი მიმართვა ჟურნალისტების გარეშეც შეუძლია. მე ძალიან გული მტკივა იმ ოჯახებზე, რომლებმაც შვილები დაკარგეს და რომლებსაც აშშ-ის პრეზიდენტის იმედი აქვთ. ჩვენს გვაქვს იმედი ჩვენი მოკავშირეების მიმართ! როგორ უნდა შევხედოთ ჩვენს მკვლელს, როცა აშშ გვეუბნება, რომ პუტინი მისი მეგობარია? მან ხომ ფაშიზმი 21-ე საუკუნეში გადმოიტანა! არა, პუტინი ტრამპის მეგობარი ვერანაირად ვერ იქნება. ეს იგივეა, რომ ვიღაცას ეთქვა ადოლფ ჰიტლერზე მეორე მსოფლიო ომის დროს, რომ ის მისი კარგი მეგობარია".
„გვჭირდება Patriot-ის რაკეტები..."
საჰაერო განგაშის სიგნალები, რომლებიც დღე და ღამე ისმის, ყოველდღიური ცხოვრების დამქანცველ ნაწილად იქცა. რუსული ბალისტიკური რაკეტები ელექტროსადგურებსა და ხიდებს ბომბავენ, ხოლო კიევის ცენტრს (ისევე როგორც სხვა დიდ ქალაქებს) ყოველდღიურად უტევენ რეაქტიულძრავიანი დრონები. საპასუხოდ, უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო და ეკონომიკურ სამიზნეებს ასობით დრონით უტევს.
ზელენსკის თქმით, უკრაინის არმიას უკვე შეუძლია რუსეთის ყველაზე სწრაფი დრონების დაახლოებით 70% გაანადგუროს. ეს მაჩვენებელი დღითიდღე უმჯობესდება.
თუმცა, უკრაინა ბალისტიკური რაკეტების შესაჩერებლად საჭირო P-2 და P-3 „რაკეტა-დამჭერების" (ანუ ანტირაკეტების) დიდ დეფიციტს განიცდის. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ აჭიანურებს Patriot-ის საზენიტო კომპლექსების (დანადგარების) რაკეტა-დამჭერებით უზრუნველყოფას. „სამწუხაროა, რომ მათ ყურადღება ახლო აღმოსავლეთზე გადაიტანეს და იქაურ ქვეყნებს უფრო მეტად ეხმარებიან... ძალიან სამწუხაროა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ უამრავი კითხვა გვაქვს", - აღნიშნა ზელენსკიმ, - ჩვენთვის ამ რაკეტების დეფიციტი ადამიანების სიცოცხლის გაწირვას ნიშნავს".
რთული ზამთარი: „რუსეთს სურს, რომ ჩვენ კიევიდან გავიქცეთ"
უკრაინის პრეზიდენტმა ინტერვიუში დაადასტურა, რომ ქვეყანა რთული და სახიფათო ზამთრისთვის ემზადება.
კიევზე განხორციელებული ბოლოდროინდელი თავდასხმების სამიზნე მდინარე დნეპრზე გამავალი ხიდები იყო - როგორც ჩანს, რუსეთის მიზანი ქალაქის ორ ნაწილად გაყოფაა.
ზოგიერთმა მცხოვრებმა ზამთრის გასატარებლად უკვე დატოვა ქალაქი, ხოლო ბიზნესები დაიხურა, რადგან ელექტროენერგიის გათიშვებმა და ლოჯისტიკურ ქსელებზე განხორციელებულმა დარტყმებმა საოპერაციო ხარჯები ძალიან გაზარდა. ქალაქის დიდი ნაწილი სიბნელეშია ჩაძირული.
„[რუსეთს], რა თქმა უნდა, სურს, რომ ჩვენ გავიქცეთ", განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, - „ხალხს შეუძლია წასვლა, მაგრამ ჩვენ შევეცდებით, ნებისმიერი გზით დავიცვათ ჩვენი დედაქალაქი. ჩვენ გვჭირდება ჩვენი დედაქალაქი, რომლის გარეშე ქვეყანა არ არსებობს".
