„ჯარედ კუშნერი ვლადიმერ პუტინის პროპაგანდის ანკესზე წამოეგო" - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში" (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორი, გამოცემის მთავარი საგარეოპოლიტიკური მიმომხილველი დევიდ ბლერი ერთ-ერთი ამერიკელი შუამავლის, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძის „სამშვიდობო" საქმიანობას ეხება და თვლის, რომ ჯარედ კუშნერი ვლადიმერ პუტინის გავლენის ქვეშ არის მოქცეული. „ცდილობს რა „მშვიდობიან" ჩარევას რუსეთის მიერ დაწყებულ ომში, ტრამპის წარმომადგენელი რისკავს, აგრესია წაახალისოს და გზა გაუხსნას მომდევნო კონფლიქტს", - ნათქვამია მასალაში.


გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

 

შესაძლოა, საქმე კრემლის კოშკების შპილებსა და მარმარილოს დარბაზების ბრწყინვალებაში იყო, ან უბრალოდ, ვლადიმერ პუტინისა და მისი კმაყოფილი გარემოცვის  „დაუძლეველ" მომხიბვლელობაში. მაგრამ  რაც არ უნდა ყოფილიყო მიზეზი, ჯარედ კუშნერის ოთხი ვიზიტი მოსკოვში - როგორც მისი სიმამრის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლის სახით - რუსეთისთვის, ცხადია, უშედეგო არ ყოფილა.

ჯარედ კუშნერის ბოლო ინტერვიუდან ჩანს, რომ მან სრულად გაიზიარა კრემლისეული ხედვა უკრაინის ომთან დაკავშირებით და ბოლომდე წამოეგო ვლადიმერ პუტინის მიერ ისტორიის მიკერძოებულ, ტენდენციურ ვერსიაზე.

ყველაფერი, რასაც პუტინი თავის უცხოელ სტუმრებს ეუბნება, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება მთავარი ფაქტის „დავიწყებას" -  მათ არასოდეს არ უნდა თქვან ის, რომ სწორედ რუსეთის მეთაურმა წამოიწყო წინასწარ განზრახვით 1945 წლის შემდეგ ევროპაში ყველაზე სისხლისმღვრელი კონფლიქტი - 2014 წელს თავს დაესხა უკრაინას და მისი ტერიტორიის 10 000 კვადრატული მილი (თითქმის 26 ათასი კვადრატული კილომეტრი) მიიტაცა, ხოლო 2022 წლის თებერვალში აგრესია სრულმასშტაბიან ომში გადაზარდა.

ვლადიმერ პუტინს სურს, რომ მისმა ამერიკელმა თუ საერთოდ, დასავლელმა სტუმრებმა ომი ისე აღიქვან, თითქოს ის რაღაცნაირად, „თავისით" დაიწყო. კრემლის ბინადარი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ემისრების ყურადღება ტრაგედიის „ძირეულ მიზეზზე" გადაიტანოს, რომელიც, მისი აზრით, ის კი არ არის, რომ მან უკრაინაში ასობით ათასი ჯარისკაცი გაგზავნა, არამედ ის, რომ ევროპის „უსაფრთხოების არქიტექტურა", თითქოსდა, რუსეთის ინტერესებს უგულებელყოფს. ანუ, ამ ლოგიკით, ომის შეჩერება ცეცხლის შეწყვეტით კი არ უნდა მოხდეს, არამედ ამ „ძირეული მიზეზის" აღმოფხვრით. კერძოდ, საჭიროა ევროპის „უსაფრთხოების არქიტექტურის" ისე გარდაქმნა, რომ ის პუტინის გემოვნებას მოერგოს. ამის შემდეგ კი, შესაძლოა, ომი - რომლის დაწყებაზეც რუსეთის ლიდერს, მისივე ვერსიით, არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება - თავისთავად მოგვარდეს. იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ირწმუნო, საჭიროა უკიდეგანო უცოდინარობა, მიამიტობა და ყოველგვარი სისულელის იოლად დაჯერების უნარი. ჯარედ კუშნერს კი, როგორც ჩანს, ეს თვისებები უხვად გააჩნია.

 

„Axel Springer"-ის აღმასრულებელ დირექტორ მათიას დოპფნერთან უკრაინის ომის მოგვარების მცდელობებზე საუბრისას ჯარედ კუშნერმა სრულად გაიმეორა მოვლენების სწორედ პუტინისეული ხედვა. კერძოდ, მან დიდი ენთუზიაზმით განაცხადა, რომ „ომის შემდგომი უსაფრთხოების არქიტექტურის" მოწესრიგება „ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი" ამოცანაა, რადგან სწორედ აქედან მომდინარეობს კონფლიქტის „ძირეული მიზეზები".

რა შეიძლება იყოს ეს „ძირეული მიზეზები"? ვლადიმერ პუტინის აზრით, სრულიად გაუმართლებელი იყო ის, რომ ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა - ქვეყნებმა, რომლებმაც 1989-1991 წლებში თავი დააღწიეს საბჭოთა თუ რუსულ ოკუპაციას - ნატოში გაწევრიანება არჩიეს, რათა თავი დაეზღვიათ ხელახალი დაპყრობისგან.

ვლადიმერ პუტინისთვის წარმოუდგენელია, რომ ერებს, რომლებმაც რუსეთის არაერთი შემოსევა გამოიარეს (ხოლო მე-18 საუკუნეში, პოლონეთის შემთხვევაში, რუკებიდანაც კი გაქრნენ), „დაზღვევის პოლისის" შეძენის საჭიროება ეგრძნოთ. მისთვის ამ ქვეყნების ნატოში გაწევრიანება იმდენად მძაფრ საფრთხეს წარმოადგენდა, რომ სწორედ ამით ხსნის იმას, თუ რატომ დაატყდა უკრაინას თავს ეს სისხლისმღვრელი ომი.

სამართლიანობის პრინციპი რომ დავიცვათ, უნდა ვთქვათ ისიც, ჯარედ კუშნერმა მცირე ხნით ეჭვქვეშ დააყენა ვლადიმერ პუტინის თეზისი და ნატო „თავდაცვით" ალიანსად მოიხსენია, თუმცა, მისი ნათქვამის უდიდესი ნაწილი რუსული არგუმენტაციის შერბილებული გამეორება იყო.

ჯარედ კუშნერმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ჯორჯ ბუშმა „დაიწყო ნატოს გაფართოება აღმოსავლეთის მიმართულებით" - რაც, პუტინის სიტყვებით - „ნამდვილად შეცდომა იყო". მან ასევე დასძინა, რომ ჯო ბაიდენმა „უკრაინას ნატოში გაწევრიანებისკენ მოუწოდა" (ასეთი განცხადება მართლაც გაკეთდა), რის შემდეგაც ომი დაიწყო და მას შემდეგაც ბრძოლები მიდის ისე როგორც მიდის". ამ 24 სიტყვაში იმდენი მცდარი წარმოდგენაა თავმოყრილი, რომ ისინი დეტალურ ანალიზს იმსახურებს.

 

პირველ რიგში, ჯო ბაიდენს უკრაინა ნატოში არ მიუწვევია, მან მხოლოდ გაიმეორა ის ძველი, შინაარსს მოკლებული დაპირება, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წლის ბუქარესტის სამიტიდან იღებს სათავეს და რომლის თანახმად, „უკრაინა ოდესმე ალიანსის წევრი გახდება". თუმცა ალიანსმა თვითონ შეუშალა ხელი, რომ თავისი დაპირება  რეალურ პერსპექტივად ქცეულიყო, როდესაც უკრაინას არ მისცა შესაძლებლობა, მიეღო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი MAP-ი (Membership Action Plan), ანუ „ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა", რომელიც ქვეყანას გზას გაუხსნიდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიან წევრობისაკენ.

 

მეორე - როგორც ჩანს, ჯარედ კუშნერს მიაჩნია, რომ ჯო ბაიდენის განცხადება კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზი გახდა. თუმცა, ომი ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში განხორციელებული პირველი შეჭრით დაიწყო , ანუ ჯო ბაიდენის პრეზიდენტობამდე ექვს წელზე მეტი ხნით ადრე.

მესამე - დააკვირდით, როგორ იყენებს ჯარედ კუშნერი ზმნის ვნებით ფორმას - თითქოს ომი თავისთავად დაიწყო და ვლადიმერ პუტინს მეზობელ ქვეყანაზე თავდასხმის შესახებ შეგნებული გადაწყვეტილება არ მიუღია.

ვინ უთხრა პრეზიდენტის სიძეს ეს ყველაფერი? საიდან მოიტანა მან აზრი, თითქოს ჯო ბაიდენმა უკრაინას ნატოში გაწევრიანების ახალი მოწვევა გაუგზავნა (სავარაუდოდ, 2021 წელს)? ძნელი წარმოსადგენია, რომ რომელიმე ევროპელი ან ამერიკელი დიპლომატი იმდენად არაკომპეტენტური იყოს, რომ მისთვის მსგავსი რამ ეთქვა.

 

ინტერვიუში ჯარედ კუშნერი რუსებს თავგამოდებით აქებდა, განსაკუთრებით რუსეთის „სიმდიდრის სუვერენული ფონდის" ხელმძღვანელს კირილ დმიტრიევს, რომელიც „თავის არაჩვეულებრივ მეგობრად" და „მშვიდობის მტკიცე მომხრედ" მოიხსენია, ხოლო პუტინის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში იური უშაკოვი, კუშნერის თქმით, უბრალოდ „საოცარ და არაჩვეულებრივ" პიროვნებას წარმოადგენს.

 

რაც შეეხება თავად ვლადიმერ პუტინს, ჯარედ კუშნერმა მას „პოლიტიკის დიდოსტატი" და „ისტორიული ფიგურა" უწოდა, რომელიც, როგორც ყოველთვის, „კარგად მომზადებული" და „ძალიან გონიერი" ადამიანია, რომელიც „საკითხებს სიღრმისეულად იაზრებს". არ არის ძნელი წარმოსადგენი, რომ პუტინმა ან მისმა რომელიმე „გამორჩეულმა" თანამოაზრემ ჯარედ კუშნერს თავი გაუტენა იმ სისულელეებით, რომ თითქოს ომის დაწყება  ჯო ბაიდენმა გამოიწვია, როდესაც უკრაინას ნატოში გაწევრიანებისკენ მოუწოდა.

კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ კუშნერი ადვილად ექცევა გავლენის ქვეშ, მის სიტყვებში ჩანს: „ამ დრომდე პუტინი თავშეკავებას იჩენს. ის დათანხმდა, რომ ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს". ეს ნიშნავს, რომ „თავშეკავების" კრიტერიუმი მისთვის საკმაოდ დაბალია - ყოველ შემთხვევაში, როდესაც საქმე რუსეთს ეხება.

თუმცა, უკრაინის შემთხვევაში სტანდარტი განსხვავებულია: მას შემდეგ, რაც პუტინი შეაქო იმისთვის, რომ ბირთვული იარაღი არ გამოიყენა, კუშნერმა ირიბად გააკრიტიკა ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვის გამო.

ირონია ისაა, რომ ევროპას უკვე აქვს „უსაფრთხოების არქიტექტურა". 1975 წელს ჰელსინკის დასკვნითმა აქტმა მშვიდობის 10 პრინციპი დაადგინა, მათ შორის: სახელმწიფოების „სუვერენული თანასწორობა", „ძალის გამოყენების ან მისი გამოყენების მუქარის" აკრძალვა, „საზღვრების ხელშეუხებლობა" და თითოეული ქვეყნის „ტერიტორიული მთლიანობა".

პრობლემა ისაა, რომ ვლადიმერ პუტინმა ყველა ეს მნიშვნელოვანი ვალდებულება დაარღვია, რასაც ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გამოსავალი არ არის, ასე ვთქვათ, „ლამაზი პრინციპების" (ანუ ახალი „უსაფრთხოების არქიტექტურის") შექმნა. გამოსავალი ისაა, რომ პუტინი ვაიძულოთ, დაიცვას ის ვალდებულებები, რომლებსაც იმ სახელმწიფომ (საბჭოთა კავშირმა), რომლის სამართალმემკვიდრედ რუსეთის ითვლება, დიდი ხნის წინ მოაწერა ხელი.

ნებისმიერი სამშვიდობო შუამავლისთვის ყველაზე დიდი საფრთხე ისაა, რომ სისხლისღვრის შეწყვეტის სურვილმა შესაძლოა ისინი სამართლიანობასა და უსამართლობას (ან მართალსა და მტყუანს) შორის ნეიტრალურ პოზიციამდე მიიყვანოს. ეს კი შუამავლებს უბიძგებს, მხარი დაუჭირონ ისეთ შეთანხმებას, რომელიც აგრესიას წაახალისებს და გზას გაუხსნის მომავალ ომს.

რაც შეეხება იმას, გაება თუ არა ჯარედ კუშნერი ამ მახეში, პასუხს მისსავე სიტყვებში ვიპოვით: „აქ საუბარი არ არის სამართლიანობაზე, ან იმაზე, თუ ვინ არის მართალი და ვინ - მტყუანი. საუბარია იმაზე, თუ როგორ შევაჩეროთ მკვლელობები".

 

წყარო: