„ქართული ოცნების“ წევრის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ოპოზიცია ორი თვის განმავლობაში ყოველდღიურად აანონსებდა აქციას და უპრეცედენტო რაოდენობის მხარდამჭერების შეკრებას გეგმავდა. მისი თქმით, რეგიონულ ორგანიზაციებს მხარდამჭერების მობილიზება და თბილისში ჩამოყვანა დაევალათ, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ 7 000-მდე ადამიანის შეკრება მოხერხდა. შარმანაშვილის შეფასებით, აქცია ნახევარ საათზე მეტხანს ვერ გაგრძელდა, რაც ოპოზიციის რეალურ სახეს აჩვენებს.

აქციაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით კი შარმანაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევა პირველად არ მომხდარა.

 

„სიძულვილის ენა, რომლის კულტივირებასაც ახდენენ, მარტო ჩვენ მიმართ კი არა, ერთმანეთის მიმართაც აქვთ. როდესაც ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი ამ სიძულვილის ენით საზრდოობს და მისი იდეოლოგია ამაზეა დამყარებული, მან უკვე შინაური, გარეული, მეგობარი, თანამებრძოლი აღარ იცის, ყველა ადამიანის მიმართ ასე იქცევა და ეს ნახა მთელმა საქართველომ. ერთმანეთის აუტანლობა იმ დონეზე აქვთ, რომ უკვე მოქმედებაზე გადადიან, მარტო სიტყვიერად შეხლა-შემოხლას არ დასჯერდნენ და უკვე ფიზიკურად მოინდომეს ერთმანეთისთვის პლაკატების წართმევა. როგორი დირექტივაც ჩამოუვათ პატრონებისგან, ბრიუსელიდან ან სხვა ცენტრიდან, ზუსტად ისე იქცევიან. ახლა დადგა ის დრო, რომ გაემიჯნონ მიშა სააკაშვილს. სხვების რა გიკვირთ, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე წითლიძემ თქვა, რომ ფორმალურად იყო პარტიაში მიხეილ სააკაშვილი და არაფერს წარმოადგენდაო, ესეც კი განაცხადეს, როცა სასამართლოზე რაღაცის მტკიცება დასჭირდათ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ისე იტყვიან უარს ერთმანეთზე და ერთმანეთის თანამებრძოლობაზე, როგორც კი დირექტივა მოუვათ თავიანთი პატრონებისგან, რომ ხელიც არ აუკანკალდებათ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს, ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სიტყვით არ გამოსულან. ამავე დღეს, თავისუფლების მოედანზე გამართულ შეკრებაზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ფედერალისტების“ წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. ინციდენტის მიზეზი გახდა ერთ-ერთი მონაწილის ბანერი, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ერთად იყვნენ გამოსახული. ბანერის მფლობელს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა მიმართა კითხვით: „პროვოკატორი ხარ?!“ მოგვიანებით ფავლენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აქციაზე პროვოკაციას ჰქონდა ადგილი.