1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “რუსეთს ფრონტზე ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დეფიციტი აქვს” – The New York Times
“რუსეთს ფრონტზე ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დეფიციტი აქვს” – The New York Times

“რუსეთს ფრონტზე ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დეფიციტი აქვს” – The New York Times

406
0

 „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსეთს ფრონტზე ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დეფიციტი აქვს, რაც უკრაინისთვის პოზიტიურ სიტუაციას უქმნის“ (ავტორები – ჯულიან ბარნსი და ერიკ შმიტი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრისა და საომარი მოქმედებების დაწყების პირველ ეტაპზე გაჩენილმა ლოჯისტიკურმა პრობლემებმა და რესურსების უკმარისობამ კრემლს თავდაპირველი მიზნები შეაცვლევინა და აიძულა, რომ მთავარი ყურადღება დონბასში საბრძოლო მოქმედებებისათვის დაეთმო. ომის მეექვსე თვის შემდეგ რუსეთის არმიას იგივე პრობლემები ისევ გაუჩნდა, რაც უკრაინის არმიას, ევროპელი და ამერიკელი ექსპერტების აზრით, კონტრშეტევის შესაძლებლობას აძლევს. 

არის ბევრი ნიშანი იმისა, რომ რუსეთის არმიაში მართლაც ბევრი მოუგვარებელი პრობლემა დაგროვდა: არტილერია სულ უფრო ცუდად მუშაობს, უკრაინის დაზვერვის მიერ მოსმენილ რადიოსაუბრებში რუსი ჯარისკაცები სულ უფრო მეტად ჩივიან  ძველი ტექნიკის უვარგისობაზე, იზრდება დაღუპული ოფიცრების რაოდენობა…

ნატოსა და დასავლეთის ქვეყნების ოფიციალური პირების თქმით, ფრონტებზე ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომელიც რუსეთის არმიის მოქმედებებს აყოვნებს, რაც, თავის მხრივ, სასარგებლოა უკრაინისათვის – კიევის არმიას შეუძლია კონტრშეტევისათვის მოემზადოს. აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნები დარწმუნებულნი არიან, უკრაინის ჯარის კონტრშეტევა ქვეყნის სამხრეთში განხორციელდება.

რუსეთს ომში თავისი რეგულარული არმიის 85% ჰყავს ჩაბმული. მოსკოვს მობილიზაციის გამოცხადების გარეშე, არაოფიციალურად, სასწრაფოდ მიჰყავს არმიაში ახალწვეულები და რეზერვისტები – ამ მიზნით „კონტრაქტნიკების“ ჯარში სამსახურის სტანდარტებიც კი იქნა დაწეული. სამხედრო უწყებები ისეთ ადამიანებსაც კი უფორმებენ კონტრაქტს, რომლებსაც კრიმინალური წარსული აქვთ. ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, დღეს რუსეთის არმიის სარდლობისათვის უპირველესი პრობლემა ისაა, რომ ვლადიმერ პუტინს საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება არ სურს, ჯარი კი დაკომპლექტებას საჭიროებს, რაც მობილიზაციის გარეშე სულ უფრო ძნელდება.

ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პრობლემები მწვავე არ არის, მაგრამ თანდათან ისინიც მრავლდება და მძიმდება. თანამედროვე ტანკები საბჭოთა დროინდელი არქაული ტანკებით შეიცვალა. ამერიკული ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემების – HIMARS-ების წყალობით უკრაინის არმია სულ უფრო მეტ საბრძოლო მასალების საწყობებს ანადგურებს, რის გამოც რუსეთის არმის არტილერიის ეფექტურობა შესამჩნევად დაეცა.

ბოლო კვირებში რუსეთმა საზენიტო რაკეტები С-300-ები გამოიყენა ნიკოლაევთან მიწისზედა ობიექტების გასანადგურებლად. როგორც ჩანს, ეს არის სიგნალი იმისა, რომ რუსეთს მაღალი სიზუსტის რაკეტების მარაგი ელევა.

ექსპერტების თქმით, უახლოესი კვირა და თვეები უკრაინისათვის კრიტიკული იქნება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კონტრშეტევით შედეგად რუსები დიდ ტერიტორიებს არ დათმობენ, თვით ამ საომარი ოპერაციის განხორციელება მოკავშირეებს უკრაინის გამარჯვების რწმენას ჩაუნერგავს. ფლორიდელმა კონგრესმენმა მაიკლ უოლტსმა უკვე განაცხადა, რომ ამერიკამ უკრაინაში სულ უფრო მეტი რეაქტიული არტილერია და სხვა ტექნიკა უნდა გაგზავნოს.

წყარო