ირინა სარიშვილი აღნიშნავს, რომ ჩერგოლეიშვილი ოპოზიციურ ალიანსში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს, თუმცა ალიანსის წევრები მის განცხადებებსა და ქმედებებზე რეაგირებას არ ახდენენ. იგი პარალელს ავლებს მიხეილ სააკაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით ალიანსის აქტიურ პოზიციასა და ჩერგოლეიშვილის მიმართ არსებულ დუმილს შორის და კითხულობს, რატომ უნდა დარჩეს ეს საკითხი უყურადღებოდ.
მისი განცხადებით, თამარ ჩერგოლეიშვილს ოპოზიციური ალიანსის ერთ-ერთი ლიდერის სტატუსი რომ არ ჰქონდეს, კომიქსების ანჩხლი პერსონაჟი იქნებოდა. თუმცა, როგორც სარიშვილი აღნიშნავს, ჩერგოლეიშვილის მავნებლობების ჩამონათვალი არასრულია.
“თამარ ჩერგოლეიშვილი გიჟია, არ ავყვეთ და გავატაროთ - ასე ვინც ფიქრობს, იმათთვის ვწერ:
როცა ყველა მსგავსი პროვოკაციის უკან ჩერგოლეიშვილია;
როცა მიკროფონთან ვინ მივა, ჩერგოლეიშვილი წყვეტს;
როცა უკვე რამდენჯერ ერთობის დარღვევას ჩერგოლეიშვილის ბინძური თავდასხმები უდევს საფუძვლად;
როცა ისედაც კედელთან მიყენებულ მედიას ჩერგოლეიშვილი პერმანენტულად ესხმის თავს რიგით ქოცებს რომ შეშურდებათ ისეთი ბინძური ბრალდებებით;
როცა ხელისუფლება 9 წლიანი მუხლით ბრალდებით ციხეში უშვებს ადამიანს, რომლის წინააღმდეგ გამონათქვამების ავტორი და პროკურატურის ერთადერთი მოწმე ჩერგოლეიშვილია...
და როცა ეს ჩერგოლეიშვილი ოპოზიციური ალიანსის წევრია, თუ ლიდერი არა და ოპოზიციური ალიანსი ამ ყველაფერზე დუმს, მაშინ როცა ციხიდან მიხეილ სააკაშვილის ნათქვამი თუ არ მოეწონა, ლამის საგანგებო სხდომა მოიწვიოს მიშას დასაგმობად, თქვენ გეკითხებით, გაატარეთო ვინც გვირჩევთ - ოპოზიციური ალიანსიც გავატაროთ ჩერგოლეიშვილთან ერთად?! გეთანხმებით რომ ცალკე აღებული ჩერგოლეიშვილი კომიქსების ანჩხლი პერსონაჟი იქნებოდა, მაგრამ იმ სტატუსით, რითაც დღესაა, რასაც აღწევს ვერ ხედავთ?! თავიდან წაიკითხეთ მაშინ მავნებლობების ის არასრული ჩამონათვალი, რაც ზემოთ მიწერია. და ეს ყველაფერი რომ გავატაროთ, რისთვის ვიბრძვით მაშინ - ბიძინა ივანიშვილის სპეცოპერაციის წარმატებით დასრულებისთვის?!
ოპოზიციურ ალიანსს მივმართავ - ამოიღებთ ხმას თუ მოგწონთ რაც ხდება?! გელოდებით,” - წერს სარიშვილი.
28 ნოემბერს ოპოზიციის აქციაზე დაპირისპირება მოხდა, ერთმანეთს “ნაციონალური მოძრაობის” და “ფედერალისტების” წევრები დაუპირისპირდნენ.
