რადიკალები აქციისთვის ორი თვის განმავლობაში ემზადებოდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მოქალაქეები ქუჩაში გამოეყვანათ, თუმცა საბოლოოდ, მაქსიმუმ, 7 000 ადამიანის შეკრება შეძლეს. მათ თავისუფლების მოედნის სრულად შევსებაც ვერ მოახერხეს და აქცია სულ რაღაც ნახევარ საათში დასრულდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„ეს არის რეალობა, ეს არის ვითომ ხალხის მდინარეები, რომელიც სინამდვილეში მართლა იმ რაოდენობა ადამიანებზე დადის, რაც ჩვენ აქამდეც გვინახავს, მაგალითად, 4 ოქტომბრის გადატრიალების მცდელობაზეც დაახლოებით ამ რაოდენობის ადამიანი იყო. საზოგადოებას არ სჯერა აგენტურის. აგენტურის დღე დასრულდა საქართველოში, მათი დრო აღარ არის. ჩვენი საზოგადოების მხრიდან მათ არანაირი ემპათია არ გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, რაც არ უნდა იკადრონ, როგორც არ უნდა შეეცადონ საზოგადოების აღელვებას, საქართველომ ძალიან კარგად იცის, ვისთან აქვთ საქმე. ეს არის ტიპური აგენტურა, უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალები საქართველოში, რომელთაც ნამდვილად არა აქვთ არანაირი რესურსი, რომ რაიმე სოლიდური გააკეთონ. აქციაზე დაერივნენ ერთმანეთს, ვერ გაიყვეს მიკროფონები, ერთმანეთს წაუყენეს ბრალდებები, იყო ფიზიკური დაპირისპირებაც, რაც ასე დამახასიათებელია უსამშობლო ე.წ. პოლიტიკური ლიდერებისთვის, რომელთათვისაც საკუთარ ქვეყანას და სამშობლოს არანაირი ფასი არ გააჩნიათ. ორთოდოქს „ნაცებს“ ახლადგამომცხვარმა „ნაცებმა“ არ მისცეს მიკროფონთან მისვლის უფლება, სინამდვილეში საზოგადოებამ მაინც კარგად იცის, რომ ერთი მთლიანობაა. ახლა ხვდებიან, რომ სააკაშვილის ბანერი და მისი ფიგურა თითქოს მათთვის კონტრპროდუქტიულია. ეს არის უნდობლობა, რაც მათმა ანტიქართულმა და ანტისაზოგადოებრივმა ქცევამ გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში, მუდმივმა მცდელობამ, საზოგადოება ტყუილში ამყოფონ. ეს არის ის სიმართლე, რაც მათ უნდა გაიგონ, გაიაზრონ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს, ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სიტყვით არ გამოსულან. ამავე დღეს, თავისუფლების მოედანზე გამართულ შეკრებაზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ფედერალისტების“ წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. ინციდენტის მიზეზი გახდა ერთ-ერთი მონაწილის ბანერი, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ერთად იყვნენ გამოსახული. ბანერის მფლობელს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა მიმართა კითხვით: „პროვოკატორი ხარ?!“ მოგვიანებით ფავლენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აქციაზე პროვოკაციას ჰქონდა ადგილი.
