“სააკაშვილს, რომლის შესახებაც ამბობენ, რომ მეხსიერებაში “ჩავარდნები”აქვს, კარგად ახსოვს, რომ 2007 წელს “ბუკის“ სისტემა შეიძინა, ამას არ ამბობს, რადგან არ აწყობს”- ცაგარეიშვილი
“ქართული ოცნების” წევრის, გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს, კარგად ემახსოვრება რამდენი გადაიხადა სახელმწიფომ 2007 წელს, როდესაც “ბუკის” სისტემები შეიძინა.
“მიხეილ სააკაშვილს, რომლის შესახებაც ამბობენ, რომ მეხსიერებაში „ჩავარდნები“ აქვს, კარგად ახსოვს, რომ 2007 წელს „ბუკის“ სისტემა შეიძინა. დარწმუნებული ვარ, ისიც ემახსოვრება, რამდენი გადაიხადა ქართულმა სახელმწიფომ. უბრალოდ, ამას არ ამბობს, რადგან თქმა არ აწყობს. ჩემი ინფორმაციით, ამ ყველაფერში საკმაოდ დიდი თანხაა გადახდილი. ჩვენ არავინ არაფერს გვჩუქნის, ერთეული შემთხვევების გარდა. ამ ყველაფერში საკმაოდ დიდი თანხებია გადახდილი, რაც მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს თავდაცვის საშუალებები სჭირდება და მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რათა ამგვარი საშუალებები ქვეყანას ბევრი და ხარისხიანი ჰქონდეს, რომელსაც მაშინ გამოიყენებს, როცა ამის დრო დაუდგება.
„ცხინვალის კატასტროფის შემდეგ, ამგვარი შესყიდვები ფაქტობრივად გაჩერებული იყო. განსაკუთრებით, აშშ-ის ურთიერთობა სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვასთან დაკავშირებით აღარ იყო და 2008-2012 წლებში, ამ მხრივ, ძალიან გვიჭირდა. ეს ყველაფერი 2013-2015 წლებში განახლდა. სწორედ მაშინ შევიძინეთ ტანკსაწინააღმდეგო სისტემები – „ჯაველინები“ და არა მხოლოდ – უამრავი რამ, რაც საქართველოს თავდაცვის ძალებს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურებს სჭირდება. ამის საჭიროება ქვეყანას მუდმივად უდგას, ჩვენ უზრუნველყოფის თვალსაზრისით არამხოლოდ აშშ-თან, არამედ სხვა ბევრ ქვეყანასთან ვთანამშრომლობთ და ამ თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ, ამაში განსაცვიფრებელი არაფერია“, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.
მისი თქმით, საქართველო უკრაინის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს, რაც მის ძალებშია.
„უკრაინას დიდი გასაჭირი უდგას – ებრძვის ოკუპანტს, პუტინის შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც უკრაინას ანადგურებენ. ჩვენი პირობებიდან გამომდინარე, რაც შეგვიძლია, ვეხმარებით და მაქსიმუმს ვაკეთებთ, რასაც მომავალშიც გავაგრძელებთ“, – აღნიშნა გიორგი ცაგარეიშვილმა.