გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში: საჯარო სერვისის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების 12 უწყებას გადაეცა, მათ ეს დაიმსახურეს
საქართველო არის ხიდი ევროპასა და აზიას შორის, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, – განაცხადა „იმედის კვირასთან“ ექსკულიზიურ ინტერვიუში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ჯუნჰუა ლიმ.
მისივე თქმით, თბილისში საჯარო სერვისების ფორუმი უნაკლოდ იყო ორგანიზებული.
„საქართველომ ჩვენი გული დაიპყრო. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო უდიდესი მადლიერება ქართველი ერისა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ყველა მონაწილეს, მათ შორის მეც, საკმაოდ დიდი მოლოდინი გვქონდა და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი მოლოდინი სრულად გამართლდა. შესანიშნავად გვიმასპინძლეთ, ფორუმი უნაკლოდ იყო ორგანიზებული“, – განაცხადა ჯუნჰუა ლიმ.
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში მიიჩნევს, რომ უმნიშვნელოვანესია ძლიერი საჯარო ინსტიტუტები, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ ხიდს მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის.
„აუცილებელია, რომ გაგრძელდეს საჯარო ინსტიტუტებში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა, ვგულისხმობ ციფრულ ტექნოლოგიებს და ხელოვნურ ინტელექტს, ჩვენი ვალია, რომ ტექნოლოგიური განვითარების მხარდამხარ, უზრუნველვყოთ შესაბამისი საჯარო სერვისების მიწოდება მოქალაქეებისთვის“, – აღნიშნა ჯუნჰუა ლიმ.
მისივე თქმით, საჯარო სერვისის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების 12 უწყებას გადაეცა.
„მათ ეს დაიმსახურეს საზოგადოების საკეთილდღეოდ ინოვაციის, შემოქმედებისა, შრომისა და ჩართულობისთვის, ამ სახელმწიფოს უწყებების თანამშრომლების მიერ მოქალაქეებისთვის გაწეული სამსახურისთვის, სწორედ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ“, – განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ.