1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ოცნების” შექმნილი დეკორაცია, რომ თითქოს სიძულვილის ენას და ძალადობას ებრძვიან, სრულად და ბოლომდე ჩამოინგრა”-ბერდია სიჭინავა
“ოცნების” შექმნილი დეკორაცია, რომ თითქოს სიძულვილის ენას და ძალადობას ებრძვიან, სრულად და ბოლომდე ჩამოინგრა”-ბერდია სიჭინავა

“ოცნების” შექმნილი დეკორაცია, რომ თითქოს სიძულვილის ენას და ძალადობას ებრძვიან, სრულად და ბოლომდე ჩამოინგრა”-ბერდია სიჭინავა

0

პარტია „გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ბერდია სიჭინავა პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასა და პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენას ეხმაურება. სიჭინავას განცხადებით, გუშინდელმა მოვლენებმა საბოლოოდ დაანგრია მმართველი გუნდის მიერ შექმნილი ილუზია, თითქოს ისინი სიძულვილის ენასა და ძალადობას ებრძვიან.

მისი თქმით, „ქართული ოცნება” განსხვავებულ აზრს საკანონმდებლო რეპრესიებითა და ფიზიკური აგრესიით უპირისპირდება, რადგან ოპონენტებთან ინტელექტუალური პაექრობის რესურსი აღარ გააჩნია.

პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ მომხდარი ინციდენტის მთავარი პოლიტიკური დაზარალებული თავად პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეა, ხოლო მმართველმა სისტემამ საკუთარ დეპუტატებად ქცეულ ოლიმპიურ ჩემპიონებს საზოგადოებრივი აღიარება და ხალხის სიყვარული სამუდამოდ დაუკარგა. „გუშინ იმ დარბაზიდან პოლიტიკურად „გალახული” და რეპუტაციაშერყეული მხოლოდ „ოცნება” გამოვიდა”, – აცხადებს ბერდია სიჭინავა.

“უკვე ცივი გონებით შეგვიძლია შევაფასოთ გუშინ მომხდარი ფაქტები და შედეგები, რომელიც ასე გამოიყურება:

“ოცნების” შექმნილი დეკორაცია, რომ თითქოს სიძულვილის ენას და ძალადობას ებრძვიან, სრულად და ბოლომდე ჩამოინგრა;

ძალადობა სისტემურია და უკვე “ოცნების” მოუშორებელ დამღად იქცა – პირდაპირ ეთერში ვხედავდით პარლამენტში სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ წინასწარ ორგანიზებულ, ჯგუფურ თავდასხმასა და ძალადობას, რომელიც გენერალური პროკურორისა და შინაგან საქმეთა მინისტრის თვალწინ ხდებოდა – რატომ შეიძლება ვიფიქროთ, რომ
გორში მოქალაქის წამება, “ოცნებას” შეაწუხებდა და რეაგირებას მოახდენდა, რომ არა საჯაროდ გავრცელებული კადრები და საზოგადოების რეაქცია?!

“ოცნება” განსხვავებულ აზრს ვერ იტანს და უპირისპირდება საკანონმდებლო რეპრესიებითა და ძალადობით ყველა სივრცეში – პარლამენტში მომხდარმა ფაქტმა კიდევ ერთხელ ღიად დაადასტურა, რომ მიზანი მხოლოდ ერთია – განსხვავებული აზრის დევნა და ჩახშობა – მათ შორის კონსტიტუციურ, პოლიტიკურ ორგანოში;

ანგარიშში აღწერილი ვირტუალური საქართველო რეალობად ვერ გასაღდა, რადგან კობახიძეს არ ჰქონდა პასუხები მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებსა და გამოწვევებზე, ოკუპაციაზე, ანექსიაზე, ძალადობაზე, რეპრესიებზე, დემოკრატიის უკუსვლაზე, ჩამონგრეულ საგარეო პოლიტიკაზე;

“ოცნება” იმდენად უსუსურია, რომ მართალ
სიტყვას ძალადობით უპირისპირდება. ეს სწორედ მაშინ ხდება, როცა არც სიმართლეა შენს მხარეს და არც ინტელექტუალური რესურსი დაგრჩა პარლამენტში – სიტყვას სიტყვით დაუპირისპირდე;

“ოცნების” სისტემამ ოლიმპიურ ჩემპიონებს გაუნადგურა საზოგადოებრივი აღიარება, რეპუტაცია და წაართვა ხალხის საყოველთაო სიყვარული, რადგან ასეთი სისტემები ვერ იტანს ავტორიტეტებს და მის საოპერაციო მუშაობის მოდულთან უბრალოდ შეუთავსებელია. იმედი მაქვს, აცნობიერებენ, რა გააკეთებინეს საკუთარი თავის წინააღმდეგ. ჩემპიონებზე წუხს საქართველო, თორემ უსახური და უბიოგრაფიო დეპუტატები იმად დარჩებიან მთელი ცხოვრება, რასაც ახლა წარმოადგენენ.

გუშინდელი ამბის მთავარი პოლიტიკური დაზარალებული არის ირაკლი კობახიძე, რომელსაც საკუთარმა გუნდმა სპეციალურად მოუწყო ეს, თუ სიმართლის მოსმენისგან კონტროლდაკარგულმა საკუთარ თავს – თავად გაუკეთა, არ ვიცი.

გუშინ ძალადობაზე ხალისობდა “ოპოზიციონერი” რადიკალებისა და ცალკეულ ვითომ აქტივისტების ნაწილი, რომელთა ბრძოლა არის სრული ფარისევლობა, არა ღირებულებების, ფასეულობებისა და ადამიანის უფლებებისთვის, არამედ მხოლოდ
ძალაუფლებაში მოსასვლელად, რომ ძალადობაზე ექსკლუზივი გააჩნდეთ და იგივეს კეთების შესაძლებლობა. ამიტომ, არ აირჩევს ეს ქვეყანა და ქართველი ხალხი მათ არასოდეს.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, გუშინ იმ დარბაზიდან პოლიტიკურად “გალახული” და რეპუტაციაშერყეული მხოლოდ “ოცნება” გამოვიდა.”-წერს სოციალურ ქსელში სიჭინავა