1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “კახექსია სააკაშვილის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველია”- ამერიკელი გასტროენტეროლოგი
“კახექსია სააკაშვილის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველია”- ამერიკელი გასტროენტეროლოგი

“კახექსია სააკაშვილის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველია”- ამერიკელი გასტროენტეროლოგი

224
0

საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების საქმის პროცესზე გასტროენტეროლოგმა სტიუარტ ფინკელმა განაცხადა, რომ იმ დოკუმენტების თანახმად, რომლებსაც ის გაეცნო, სააკაშვილს 2021 წელს, დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, ბარიატრიული ანუ კუჭის დაპატარავების ოპერაცია არ ჩატარებია.

ამის შესახებ გასტროენტეროლოგმა სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

„თქვენ საუბრობთ, რომ სააკაშვილს გაუკეთდა ბარიატრიული ოპერაცია 2017 წელს, თქვენთან არსებული დოკუმენტების მიხედვით. ამის შემდეგ თუ ჰქონდა მას მსგავსი ტიპის ოპერაცია, ანუ ბარიატრიული ოპერაცია კიდევ გაკეთებული? კითხვას იმიტომ გისვამთ, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე, პენიტენციური სამსახური, იუსტიციის მინისტრი და პროპაგანდისტები ცალსახად და ყოველდღიურად გვიცხადებენ ტელევიზიით, რომ სააკაშვილს ჰქონდა 2021 წელს, სანამ დააპატიმრებდნენ სულ ცოტა ხნით ადრე, მსგავსი ტიპის ოპერაცია გაკეთებული და მისი წონაში დაკლება, კერძოდან 120 კილოგრამიდან 73 კილოგრამამდე ჩამოსვლა, გამოწვეული იყო არა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით, არამედ თითქოსდა მან დაპატიმრებამდე რამდენიმე თვით ადრე ჩაიტარა ბარიატრიული“,- აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.

სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის კითხვაზე, – ჰქონდა თუ არა სააკაშვილს დაპატიმრებამდე რაიმე ოპერაცია გაკეთებული, კერძოდ, ბარიატრიული კუჭის ოპერაცია, – სტიუარტ ფინკელმა განაცხადა, რომ რომელი დოკუმენტებიც განიხილა, იქ ამ ტიპის ოპერაცია არსად ნახსენები არ არის.

„დოკუმენტებში, რომლებიც განვიხილე, რომლებიც მივიღე ციხიდან თუ საავადმყოფოდან, ამ ტიპის ოპერაცია არსად არ არის ნახსენები“, – განაცხადა სტიუარტ ფინკელმა.

გასტროენტეროლოგ სტიუარტ ფინკელის თქმით, სააკაშვილი კახექსიის ფაზაშია, რაც მისი  სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველია.

„დიაგნოზებს შორის არის ჰიატუსის თიაქარი, ეროზიული გასტრიტი. პირველი, რაც ვნახე გამოკვლევები, გამოვიტანე დასკვნა, რომ ჰიატუსის თიაქარს აქვს ადგილი. ამის გარდა, ეროზიული გასტრიტი აღმოჩნდა. 13 მარტს ჩატარებული მანიპულაციის დროს, რაც მე შევისწავლე, კუჭზე ბიოფსია არ გაკეთებულა. ჩემი აზრით, ეს არის მზრუნველობის სტანდარტებიდან გადახვევა, რაც საჭირო იყო ამ ტიპის ვითარებისთვის. რაც შეეხება ანორექსიას და ქრონიკულ გულისრევას, ეს არის კლინიკური დიაგნოზები, რაც კლასიკური სიმპტომებია. ხელთ მაქვს დოკუმენტი 01-55, რომელიც ეხება სერიოზულ და განუკურნებელ დაავადებებს, რაცაა საფუძველი მსჯავრდებულის გათავისუფლებისთვის. სააკაშვილს აქვს საფუძველი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების, ვგულისხმობ კახექსიას“, – განაცხადა სტიუარტ ფინკელმა.

 კითხვაზე, – დაავადებები, რომლებიც ახლა აქვს სააკაშვილს, განსაკუთრებით, აბსორცია, კახექსია, დაკავშირებულია თუ არა შიმშილობის აქტთან, რომელიც განახორციელა დაპატიმრების დღიდან, – სტიუარტ ფინკელმა აღნიშნა: „ჩემი თვალსაზრისით, ეს მდგომარეობები განვითარდა მას შემდეგ, რაც ის იყო დაპატიმრებული და სიმპტომები გამოუვლინდა 2021 წლის „გვიან ნოემბერს“.

ხაჭაპურიძის განმეორებით შეკითხვაზე, – ეს დაავადებები შიმშილობასთან დაკავშირებული არ არის? –  სტიუარტ ფინკელმა განაცხადა, რომ მისი მოსაზრება ასეთია: „დიახ, ეს ჩემი მოსაზრებაა“.

სასამართლო პროცესზე შალვა ხაჭაპურიძემ ამერიკელ გასტროენტეროლოგს ასევე მიმართა კითხვით, როგორ ფიქრობდა, რამ გამოიწვია ასეთი რთული დიაგნოზები და დაავადებები, რაზეც სტიუარტ ფინკელმა აღნიშნა, რომ სააკაშვილს არასწორი მკურნალობა გაეწია. „მან მიიღო არასწორი მკურნალობა“, – განაცხადა სასამართლო პროცესზე ამერიკელმა გასტროენტეროლოგმა.