კობახიძე ქუჩაში გავიდეს და მოსახლეობას აუხსნას, როგორ კარგად მიდის ქვეყანაში ეკონომიკური პროცესები – მერე დაწეროს სტატუსები და ისაუბროს ეკონომიკაზე -ბექა ლილუაშვილი
კობახიძე ჯერ ქუჩაში უნდა გავიდეს და მოსახლეობას აუხსნას, „როგორ კარგად მიდის ქვეყანაში ეკონომიკური პროცესები” – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ლილუაშვილის თქმით, კობახიძემ რა იცის ამ ქვეყნის ეკონომიკა? ან საერთოდ, ეკონომიკა რა იცის?
„არ ვიცი, რა შლეიფს იქმნის და უკავშირდება თუ არა ეს გავრცელებულ ჭორებს დისპოზიციის ცვლილებაზე თუ სხვა რამეზე, მაგრამ თავის საქმეს მიხედოს. კაცი პარტიის თავმჯდომარეა და დაანებოს თავი იმაზე საუბარს, რაც არ იცის. პარლამენტის შენობაში დაცვით, 6 კაცით რომ დადის, აბა გავიდეს ქუჩაში და მოსახლეობას აუხსნას, როგორ კარგად მიდის ქვეყანაში ეკონომიკური პროცესები. გავიდეს და იქ დაარწმუნოს ხალხი, როგორ კარგ ცხოვრებაშია ხალხი. მერე დაწეროს სტატუსები და მერე ისაუბროს ეკონომიკაზე”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
„ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ Facebook-ის პირად გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ის აცხადებს, რომ საქართველოსა და მოწინავე ქვეყნებს შორის, ცხოვრების დონის თვალსაზრისით, სხვაობა თანდათანობით მცირდება.
როგორც კობახიძე აღნიშნავს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით, 2023 წელს საქართველომ ეკონომიკური მაჩვენებლებით მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანას გადაასწრო და 110-ე ადგილიდან 79-ე ადგილზე გადაინაცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა არა მხოლოდ აბსოლუტურ ჭრილში, არამედ სხვა ქვეყნებთან შეფარდებითაც იზრდება.
“ყველანაირი რესურსი გვაქვს, რომ 2030 წლისთვის მოწინავე ევროპულ ქვეყნებთან ჩამორჩენა მინიმუმამდე შევამციროთ, სიღარიბე სრულად აღმოვფხვრათ და მაღალშემოსავლიან ქვეყნად ვიქცეთ. ამისათვის კი მთავარი, ეფექტიან ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად, ქვეყანაში მშვიდობისა და მშვიდი გარემოს შენარჩუნებაა”,- განაცხადა კობახიძემ.