1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “სანამ ეს აგენტურა არ გასამართლდება და ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქმევა, მანამდე ისინი ჩვენს ქვეყანას არ მოასვენებენ”-სოზარ სუბარი
“სანამ ეს აგენტურა არ გასამართლდება და ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქმევა, მანამდე ისინი ჩვენს ქვეყანას არ მოასვენებენ”-სოზარ სუბარი

“სანამ ეს აგენტურა არ გასამართლდება და ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქმევა, მანამდე ისინი ჩვენს ქვეყანას არ მოასვენებენ”-სოზარ სუბარი

353
0

თავის დროზე, 2012 წელს, როცა გავიმარჯვეთ და ვთქვით, რომ „ნაცმოძრაობას“ მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც ქართველ ხალხს ეკადრება, მათ ეს ვერ დააფასეს და საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა გააგრძელეს, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

სოზარ სუბარმა ისაუბრა მოძრაობის იმ ინიციატივის შესახებ, რომლის მიხედვითაც „ნაცმოძრაობა“ როგორც პოლიტიკურად, ასევე სამართლებრივად უნდა გასამართლდეს.

„არის მთელი რიგი ფაქტორები, რის გამოც აქამდე „ნაცმოძრაობის“ გასამართლების მოთხოვნისგან თავს ვიკავებდით. ერთ-ერთი ასეთი ფაქტორი იყო ის, რომ 2008 წლის ომის შეფასებისას საერთაშორისო სასამართლოებში მიმდინარე პროცესებისთვის ხელი არ შეგვეშალა. როცა ეს ყველაფერი დამთავრდა, დადგა დრო ღიად ვილაპარაკოთ, თუ რა მოხდა 2008 წელს და სად ჩანს იმდროინდელი ხელისუფლების – “ნაცმოძრაობის” ღია ღალატი საქართველოს სახელმწიფოს მიმართ.

მაგალითად, ახალგორი, რომელიც შედიოდა მცხეთა – მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, აქედან გამოყვეს და შეუერთეს ცხინვალის რეგიონს; იქ ჩაატარეს აბსოლუტურად არალეგიტიმური არჩევნები და ამით ხელ-ფეხი გაუხსნეს რუსეთს, რომ ეთქვა, ეს ყოფილა ის ტერიტორია, რომლის ცნობაც შემიძლია ოკუპაციის შემთხვევაშიო; ზემო აფხაზეთი დაარქვეს კოდორის ხეობას. იმავე კოდორის ხეობაში 2006 წელს ჯარის შეყვანის შემდეგ, გაერომ მიიღო რეზოლუცია, N 17-16, სადაც პირდაპირ დაიწერა, რომ ჯარის შეყვანა იყო მოსკოვის ხელშეკრულების დარღვევა (სხვათა შორის, ჩვენს სტრატეგიულ მეგობრებს, სამწუხაროდ, ეს არ გაუპროტესტებიათ). ამით, ერთგვარი საფუძველი შეიქმნა კოდორის ხეობის ოკუპაციისთვის. იყო თუ არა ეს გამიზნული ღალატი სააკაშვილისა და მისი სახელისუფლებო გუნდის მხრიდან, სწორედ ამას უნდა მიეცეს როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი შეფასება.

ამ ყველაფრის შემდეგ, ბატონი მაკფოლი, რომელიც უკრაინაში სანქციების კოორდინატორია, ამბობს, რომ NATO-ს გზაზე თურმე უკრაინაა დაწინაურებული, რომელიც ომშია და სისხლისგან იცლება, საქართველო კი, რომელმაც 2008 წელს იგივე გამოიარა, უკრაინას ჩამორჩება. ბუნებრივია, ჩნდება კითხვები, კიდევ ერთხელ ხომ არ არის მცდელობა საქართველო ამ სისხლისმღვრელ ომში ჩაითრიონ.

„ნაცმოძრაობა“ არის აგენტურა, რომლის მეშვეობითაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები (უფრო ფართოდ თუ ვიტყვით – „გლობალური ომის პარტია”), ცდილობენ, რომ მართონ ეს ქვეყანა. ეს გამოიხატება საქართველოს ომში ჩართვის დაუსრულებელ მცდელობებში, რასაც 2022 წლის თებერვლის შემდეგ აქვს ადგილი; როდესაც ცდილობენ, რომ როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების უმრავლესობაში მოიყვანონ თავისი აგენტურა და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ – ეს გვაფიქრებინებს, რომ სანამ ეს აგენტურა არ გასამართლდება და ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქმევა, მანამდე ისინი ჩვენს ქვეყანას არ მოასვენებენ. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის განვითარება მუდმივად ძალიან მყიფე იქნება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.