თურქეთის გაზეთი „თურქიე" (Türkiye) აქვეყნებს სტატიას სათაურით „უწყვეტი ომი მართლმადიდებელ აღმოსავლეთში: გამოსავალი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტიდან" (ავტორი - ფერხად უნლიუ, პოლიტ. მიმომხილველი). როგორც მასალაშია აღნიშნული, ომი უკრაინაში შეიძლება კიდევ დიდხანს გაგრძელდეს, თუმცა არის ერთი გამოსავალი მშვიდობის დასამყარებლად - ვოლოდიმირ ზელენსკის გადადგომა.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს დაწყების დღიდან „აღმოსავლეთის მართლმადიდებლურ ომს" ვუწოდებ, რომელიც, ჩემი აზრით, მესამე მსოფლიო ომში არ გადაიზრდება, მაგრამ იმ სტრატეგიის პირობებში, რომელიც გამოიხატება ფორმულით „არც ომი, არც მშვიდობა, მაგრამ მუდმივი დაძაბულობა", დიდი რისკია, რომ კიდევ მეოთხედი საუკუნე გაგრძელდეს.
მესმის, რომ ჩემი ნათქვამი ძალიან გაბედულ ფრაზას წარმოადგენს და უპირატესად „დაბალი ინტენსივობის კონფლიქტს" შეესაბამება, მაგრამ ახლავე გაგაცნობთ ჩემს არგუმენტებს.
უკრაინის განვითარების ხუთი ისტორიული ეტაპი - 1986-1991-2004-2014-2022 წლები - აჩვენებს იმას, რომ რუსეთ-უკრაინის კონფრონტაციას პერმანენტული ხასიათი აქვს.
დავიწყოთ 1986 წელს მომხდარი ჩერნობილის კატასტროფით. ყველაზე გასაოცარი ნიუანსი, რომელიც ტერმინ „ჩერნობილის" ხსენებაზე გონებაში მომდის, არის ფრაგმენტი იმავე სახელის მქონე ცნობილი სერიალიდან, რომელიც ტრაგიკულ სცენას წარმოადგენს: პრიპიატთან ახლომდებარე ერთ-ერთ სოფელში მყოფ საბჭოთა ჯარისკაცს, რომელმაც რადიაციული დასნებოვნების გამო მოსახლეობის ევაკუაცია უნდა განახორციელოს, მოხუცი ქალი ეუბნება: „ჯერ მეფე გვყავდა, შემდეგ მოვიდნენ ბოლშევიკები, შემდეგ - გერმანელები, შემდეგ სტალინის ჯარისკაცები... მე ყველას მოვესწარი და აქედან არასოდეს არსად არ წავსულვარ.. და ახლა მე მეუბნები, რომ აქედან რაღაც უხილავი მტრის გამო უნდა წავიდე?". ეს სიტყვები არამარტო თვალსაჩინო ილუსტრაციაა რადიაციის მიმართ დამოკიდებულებისა, არამედ იმავდროულად განაზოგადებს უკრაინელი ხალხის ევოლუციას.
საბჭოთა კავშირის დაშლის დროს, 1991 წლის ბოლოს, უკრაინამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და 2004 წლამდე ცდილობდა აყვავებულ ქვეყნად გადაქცეულიყო დიდ წილად ევროპის, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთისა და „მისი ბიძაშვილის" - აშშ-ის დაფინანსებით.
ომი, რომელიც ორი ვიქტორის ერთმანეთთან ბრძოლით დაიწყო
გადავიხედოთ 2004 წელში... იმდროინდელი „ნარინჯისფერი რევოლუცია" ორი ვიქტორის „ბრძოლის" სახით გამოიყურებოდა, მაგრამ ეს იყო ევროპისა და რუსეთის შეტაკება უკრაინაში. არჩევნების მეორე ტურში, რომელიც პროევროპულ-პრობრიტანულად განწყობილ ვიქტორ იუშენკოსა და პრომოსკოვურ ვიქტორ იანუკოვიჩს შორის გაიმართა, კულისებსმიღმა მანევრების შედეგად გამარჯვება ვიქტორ იუშენკოს ხვდა. სხვათა შორის, კონფლიქტს, რომელიც დღეს უკრაინაში მიმდინარეობს, ფესვები 22 წლის წინანდელ კრიტიკულად მნიშვნელოვან მოვლენაში აქვს გადგმული.
შემდეგ, 2024 წელს, გაჩაღდა ომი დონბასში. რუსებმა უკრაინელებს, ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან დაწყებული, ნელ-ნელა წაართვეს მიწები, რომლებიც მჭიდროდ იყო დასახლებული ეთნიკური რუსების მიერ. იმავე წლის თებერვალში მოსკოვმა უეცრად მიიერთა ყირიმიც, რაც რეფერენდუმით „დამტკიცდა".
ყირიმი - ეს ის ადგილია, რომელსაც თქვენი მონა-მორჩილი კარგად იცნობს - მე სამჯერ ვიყავი ნახევარკუნძულზე. თქვენც რომ იქ ჩახვიდეთ, თავს ისე იგრძნობთ, თითქოს დროის მანქანაში ზიხართ და 1970-იანი წლების თურქეთში დაბრუნდით. ყირიმი სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონს წარმოადგენს, რომელსაც განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი ყირიმზე არასოდეს უარს არ იტყვის - ისევე როგორც იმ მიწებზე, რომლებიც უკრაინას მოგვიანებით წაართვა.
ომი არ დამთავრდება, სანამ ევროპა უკან არ დაიხევს
2022 წლის 24 თებერვლით უკრაინაში ახალი ისტორიული ეტაპი დაიწყო. რა მოხდა შემდეგ, ყველას კარგად მოეხსენება. ექვსი თვის შემდეგ სამხედრო კონფლიქტს ხუთი წელი შეუსრულდება.
ახლა ვიტყვი ჩემს მთავარ სათქმელს: ომი, რომელიც უკვე 22 წელია გრძელდება, ანუ თითქმის მეოთხედი საუკუნე, არ დამთავრდება, სანამ ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს არ დატოვებს.
და სანამ იგი პრეზიდენტად რჩება, მანამ რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდება, ევროპელები კი, განსაკუთრებით ბრიტანელები, „დიდი მურა დათვის" გაღიზიანებას გააგრძელებენ. ამას თვალსაჩინოდ ადასტურებს ის ფაქტი, რომ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, რომელიც არანაირად არ შეეფერება ესოდენ მაღალ თანამდებობას და რომლის ქცევის შემყურე დიდი კოლეგები და მოაზროვნეები - ვთქვათ, მისი სეხნია ფრიდრიხ ნიცშე - საფლავში ტრიალებენ, პირადად ჩავიდა ამას წინათ კიევში და უკრაინას მორიგ სამხედრო დახმარებას დაპირდა ერთი მილიარდი ევროს მოცულობით.
დასასრულს, ზემოთ ნათქვამის რეზიუმეს მოვახდენ: მართლმადიდებელ აღმოსავლეთში კონფლიქტის მეოთხედი საუკუნით გაჭიანურება რომ თავიდან იქნას აცილებული, აუცილებელია ვოლოდიმირ ზელენსკის გადადგომა-გადაყენება და ევროპის უკანდახევა უკრაინის საკითხში.
