1. Home
  2. სიახლეები
  3. კულტურა
  4. ვოლოდიმირ ზელენსკი – საომარ მდგომარეობას თუ შევაჩერებთ არჩევნების გამო, არმიას დავკარგავთ და რუსეთი ამას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს
ვოლოდიმირ ზელენსკი – საომარ მდგომარეობას თუ შევაჩერებთ არჩევნების გამო, არმიას დავკარგავთ და რუსეთი ამას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს

ვოლოდიმირ ზელენსკი – საომარ მდგომარეობას თუ შევაჩერებთ არჩევნების გამო, არმიას დავკარგავთ და რუსეთი ამას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს

1.40K
0

თუ შევაჩერებთ საომარ მდგომარეობას არჩევნების გამო, დავკარგავთ არმიას და რუსეთი ამას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ lTV News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„რაც შეეხება არჩევნებს, ჩვენ ყველას გვინდა, რომ ომი დასრულდეს და არჩევნები ჩავატაროთ. ჩვენ, როგორც არავის, ისე გვინდა, რომ ომი დასრულდეს. ომის დროს ჩვენი მოსახლეობა არჩევნების ჩატარების წინააღმდეგია, რადგან ყველას ესმის, რა იქნება. რას ნიშნავს დღეს არჩევნები? მე საერთოდ არ მეშინია ამის, უბრალოდ რა იქნება? ჩვენ უნდა დავასრულოთ ან შევაჩეროთ საომარი მდგომარეობა. თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ, ჩვენ დავკარგავთ არმიას და ამით, ბუნებრივია, რუსები ბედნიერები იქნებიან. საბრძოლო მზადყოფნას, სულისკვეთებას და ა.შ. ყველაფერს კარგავ და ვერ შეინარჩუნებ ასეთ ჯარს. ხალხი სახლში დაბრუნდება და სახლში დაბრუნების სრული უფლება ექნებათ. ისინიც კი, ვინც არ დაბრუნდება, მორალურად… ეს პაუზაა. რუსეთი ამას აუცილებლად გამოიყენებს კონტრშეტევისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა სამხედროების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისა და საზღვარგარეთ იძულებით მყოფი მილიონობით უკრაინელის ხმის მიცემის სირთულეებზე.

„თქვენ ნახავთ, თუ ჩატარდება არჩევნები და ის ხალხი, ვინც ვერ შეძლებს ხმის მიცემას საზღვარგარეთ ან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შემდეგ რუსეთი იტყვის: „ჩვენ არ გვჯერა ამ არჩევნების“. მიუხედავად იმისა, რომ მათი აზრი არ მაინტერესებს, ისინი იტყვიან: „ეს არჩევნები არ იყო ლეგიტიმური“. როგორ შეუძლიათ ადამიანებს, სამართლიანად მისცენ ხმა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლებსაც რუსები აკონტროლებენ? ეს იქნება დაახლოებით იგივე რეფერენდუმი, რაც ყირიმში ჩატარდა იარაღის ქვეშ. რა უნდათ რუსებს? სწორედ ეს, უკრაინის სრული დესტაბილიზაცია. ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ფრთხილად ვიქნებოდი“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.​​​​​​​​​​​​​​​​

ჟურნალისტის კითხვაზე, მზად არის თუ არა, შეხვდეს პუტინს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, ზელენსკიმ უპასუხა: „თუ მექნება გარანტია, რომ ამერიკა და ევროპა არ მიგვატოვებს, გააგრძელებენ ჩვენს მხარდაჭერას და მოგვცემენ უსაფრთხოების გარანტიებს, მზად ვიქნები მოლაპარაკებების ნებისმიერი ფორმატისთვის“.

კითხვაზე, დათანხმდებოდა თუ არა იგი საბრძოლო მოქმედებების გაყინვას ამჟამინდელი საკონტაქტო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების გარანტიების არსებობის შემთხვევაში, ზელენსკიმ უპასუხა: „ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის გარანტიები იქნება“.

უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ არ ისურვებდა ფრონტის ხაზის გაყინვას, რადგან უკრაინის რამდენიმე ქალაქი, რომლებიც დღეს ამ საკონტაქტო ხაზით არის მოწყვეტილი, დაზარალდება.

„თუ არსებობს ასეთი პერსპექტივები და ჩვენ გვესმის, როგორ განვითარდება ომის დასრულება შემდგომში, რომ ნამდვილი დიპლომატიით შეგვიძლია, მივაღწიოთ სამართლიან მშვიდობას უკრაინისთვის და უკრაინელებისთვის, მაშინ უნდა გავიგოთ, რას ნიშნავს უსაფრთხოების გარანტიები. თუ ნატო იტყოდა: „ჩვენ მზად ვართ, მოგცეთ ნატო, მაგრამ ვერ მოგცემთ ნატო-ს იქ, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს“, ეს სამართლიანი იქნებოდა და ჩვენ აუცილებლად მივიღებდით ამას. ძალიან ბევრი საკითხია, ბევრი დეტალია, ყველაფერ ამაზე საუბარია საჭირო“, ​​​​​​​​​​​​​​​​- განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკის თქმით, ის მიიჩნევს, რომ უკრაინა შეძლებს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას, როდესაც რუსეთი დასუსტდება.

„რუსეთმა დაარღვია სუვერენიტეტი. ამიტომ, იმ მომენტში, როცა რუსეთი სუსტი იქნება და რა თქმა უნდა, იქნება, იმ მომენტში ყველაფერი დაბრუნდება. ჩვენი ამოცანაა, ყველაფერი რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს და დიპლომატიური გზით დაბრუნდეს, რადგან ხალხის დაკარგვა ძალიან მტკივნეულია. ხალხი ყველაზე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ზელენსკიმ.