აზერბაიჯანის რუსულენოვან გაზეთ „ნოვოე ვრემიაში“ (Новое время) გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია-კომენტარი სათაურით: "ქიურმიუქი შეთანხმებას არ ექვემდებარება, ანუ კიდევ ერთხელ ბაქოსა და თბილისის ურთიერთ ინტერესზე". პუბლიკაცია ეხება აზერბაიჯანში მდებარე ქრისტიანული ძეგლის - ქურმუხის (ანუ აზერბ. „ქიურმიუქის“) ტაძრის ისტორიულ-კულტურულ-სახელმწიფოებრივ სტატუსს და, ფაქტიურად, 26 სექტემბერს იმავე საკითხზე დაბეჭდილი მასალის დებულებებს იმეორებს.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
„აზერბაიჯან-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობა სიმტკიცის კიდევ ერთ გამოცდას აბარებს, რაც ამჯერად გამოწვეულია ხელოვნურად გაზვიადებული დაძაბულობით - საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით აზერბაიჯანის კახის რაიონში მდებარე ქიურმიუქის (ქურმუხის) ტაძარში მიმდინარე არქეოლოგიურ-სარესტავრაციო სამუშაოებთან დაკავშირებით. (...) ის, რომ განცხადებაში კახი (გახი) მოხსენიებულია „ისტორიული ჰერეთის“ ნაწილად, ხოლო ქიურმიუქი ქართული კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ძეგლად, არანაირი მეგობრობისა და კეთილმეზობლობის ჩარჩოებში არ თავსდება. ქურმუხი არის კავკასიური ალბანეთის ეპოქის ძეგლი და აზერბაიჯანის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილს წარმოადგენს, შესაბამისად, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ტაძრის სარესტავრაციო-არქეოლოგიურ სამუშაოებს საგარეოპოლიტიკურ ინსტანციაში არანაირი შეთანხმება არ ჭირდება. (...)
ქართული მხარის პროვოკაციული რიტორიკა, რომელიც ქიურმიუქს უკავშირდება, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე პირველი პრეტენზია არ არის. უფრო ადრე მსგავსი პრეტენზიები იყო წამოყენებული ქეშიქჩიდაღის სამონასტრო კომპლექსზე, რომელიც ასევე კავკასიური ალბანეთის მემკვიდრეობას წარმოადგენს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს შიგნით მოქმედი განსაზღვრული წრეები, საკუთარი განზრახვით თუ გარეშე ძალების ნებით, ცდილობენ საზოგადოება აზერბაიჯანის წინააღმდეგ განაწყონ და ბაქო-თბილისის სტრატეგიული პარტნიორობა ჩაშალონ. მაგრამ განა ღირს ამად ესოდენ სახიფათო და სარისკო თამაში თვითონ საქართველოსთვის?
აზერბაიჯან-საქართველოს შორის მეგობრული დიალოგის განმტკიცების პოტენციალი საკმაოდ დიდია, რომლის საფუძველს სტრატეგიული პარტნიორობა წარმოადგენს და ის რეგიონული ენერგეტიკული პროექტები, რომლებმაც, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეფასებით, სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური, ეკონომიკური, სატრანსპორტო და ენერგეტიკული რუკა შეცვალა. საყოველთაოდ ცნობილია ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანს არაერთხელ გაუწევია პოლიტიკური, ეკონომიკური, ენერგეტიკული და ჰუმანიტარული დახმარება საქართველოსთვის. სულ ახლახან, მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირკალი კობახიძემ, პარლამენტში ანგარიშით გამოსვლისას, მადლობა მიუძღვნა აზერბაიჯანის ხელმძღვანელობას ბუნებრივი გაზის „ხელმისაწვდომ ფასად“ მიწოდებისათვის, „რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამმხრივი აზერბაიჯან-თურქეთ-საქართველოს თანამშრომლობა უსაფრთხოების საკითხებში. ანკარა და ბაქო განუხრელად მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საზღვრების ურღვეობას. სხვათა შორის, აზერბაიჯანმა უკანონოდ ჩათვალა და არ აღიარა ამას წინათ საქართველოს ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“, რისთვისაც ბაქოში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანს მხარდაჭერისათვის.
და ამ ფონზე აცნობიერებენ თუ არა თავიანთ ნაბიჯებს საქართველოს შიგნით არსებული ძალები? კარგად ესმით თუ არა რას აკეთებენ? ისინი ხომ თავიანთი მოქმედებით პერიოდულად სერიოზულ გამოცდას უწყობენ ბაქო-თბილისის ურთიერთობას? განა ვერ ხვდებიან იმას, ასეთი ქცევით ძირს უთხრიან აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთდამოკიდებულებას? და ნუთუ სერიოზულად აქვთ იმედი იმისა, რომ მათ მიერ გაბერილ-გაზვიადებული ანტიაზერბაიჯანული ისტერია ბაქოზე რაიმე გავლენას მოახდენს?
როგორც ჩანს, ოფიციალური თბილისი აცნობიერებს ამ სიტუაციასთან დაკავშირებულ მთელ საფრთხეს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დამარწმუნებლად განაცხადა, რომ საქართველოს აზერბაიჯანთან არავითარი დაძაბულობა არ აქვს და რომ „მეგობრობაზე დაყრდნობით, ორივე მხარეს იოლად შეუძლია ყველა საკითხზე იმსჯელოს და მეგობრულ რეჟიმში განიხილოს“. ნიშანდობლივია, რომ იგივე თვალსაზრისი აქვს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერს ირაკლი კირცხალიასაც (...)
ჩვენ კი იმედს ვიტოვებთ, რომ ქიურმიუქი - ისევე როგორც ქეშიქჩიდაღი - რა თქმა უნდა, არ გადაიქცევა აზერბაიჯანისა და საქართველოს გამმიჯვნელ ფაქტორად. გვჯერა, რომ ორივე სახელმწიფო ღირსეულად გაივლის ამ გამოცდას, რომელიც შიდაქართული ალების მიერაა თავსმოხვეული და რომლებიც ზიანს აყენებენ ბაქო-თბილისის სტრატეგიულ პარტნიორობას“, - ნათქვამია აზერბაიჯანული გაზეთი სარედაქციო სტატიაში.
