„რუსეთი კიევის ხიდებისადმი დარტყმებზე გადადის და თავისი მოქმედებით მნიშვნელოვან სატრანსპორტო არტერიებს დანგრევით ემუქრება" - ასეთი სათაური აქვს აშშ-ის გაზეთის „ნიუ-იორკ თაიმსის" (The New York Times) 5 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორი კონსტან მეი წერს, რომ რუსეთმა გასანადგურებლად უკრაინის ინფრასტრუქტურაში ახალი სამიზნეები მონიშნა - მდინარეებზე გადასასვლელად შექმნილი საავტომობილო და სარკინიგზო ნაგებობები.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
უკრაინის ინფრასტრუქტურის ობიექტების იმ პერმანენტულად მზარდ სიაში, რომლებიც რუსეთის ავიადარტყმების ქვეშ მოექცნენ, ახალი სამიზნეები გაჩნდა: ხიდები.
ბოლო სამი დღის განმავლობაში რუსეთმა კიევში, მდინარე დნეპრზე გადებულ ხიდებს ექვსჯერ დაარტყა. გასულ ხუთშაბათს უპილოტო საფრენმა აპარატებმა (დრონებმა) ქალაქის სამხრეთ ნაწილში მდებარე ხიდს შეუტიეს, პარასკევს კი იმავე ნაგებობას დარტყმა კიდევ ორჯერ მიაყენეს. შაბათს და კვირას დრონების სამიზნე გახდა კიევის ჩრდილოეთ ნაწილში არსებული ხიდი (რომელსაც 2018 წლამდე მოსკოვის სახელობის ხიდი ერქვა და მისი სიგრძე 800 მეტრზე მეტია). ხიდზე შეტევა კიევში გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის ვიზიტის დღეს განხორციელდა.
მართალია, ხიდებმა დარტყმას გაუძლეს, მაგრამ მიყენებულმა დაზიანებებმა და ახალი შეტევების საშიშროებამ ქალაქის ხელმძღვანელობა აიძულა ექვსი საავტომობილო ხიდიდან ხუთზე მოძრაობა შეეჩერებინა, რაც უკრაინის უდიდესი ქალაქის მოსახლეობის ტრადიციული ცხოვრების წესის ძალზე სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს, მით უმეტეს, რომ კიევი (ისევე როგორც თვითონ უკრაინა) ფართო და უხვწყლიანი დნეპრის მიერ ორ ნაწილად არის გაყოფილი.
ბევრი კიეველი ყოველდღიურად გადაადგილდება უპირატესად საცხოვრებელი მარცხენა ნაპირიდან (სადაც დაახლოებით მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს) მარჯვენა ნაპირისაკენ, სადაც თავმოყრილია სამთავრობო დაწესებულებებისა და სამრეწველო საწარმოების დიდი ნაწილი).
დნეპრის ხიდებზე დარტყმები რუსეთის არმიის მასშტაბური კამპანიის მორიგი ეტაპი გახდა უკრაინის ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, რომლებიც ფრონტის ხაზიდან საკმაოდ მოშორებით არიან განლაგებულნი. ბოლო კვირებში აღნიშნულმა კამპანიამ მოიცვა საწყობები, სარკინიგზო ტრანსპორტი, მონაცემთა დამუშავების ცენტრები, მედპრეპარატების საცავები და მეტალურგიული ქარხნები... და ეს ყველაფერი ხდება უკრაინის ენერგოსისტემაზე ინტენსიური შეტევების პარალელურად, რომლის უფრო გაძლიერებას რუსეთი ზამთრის დასაწყისისთვის გეგმავს.
უკრაინის ოფიციალური პირებისა და სამხედრო ექსპერტების აზრით, კრემლის მოქმედების მიზანია უკრაინის ეკონომიკის დანგრევა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისადმი ძირის გამოთხრა, რომ კიევმა ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლოს. იმავდროულად რუსეთს სურს გატეხოს უკრაინის მოსახლეობის ნებისყოფა და გაუსაძლისადგაართულოს ქვეყნის მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრება.
უკრაინამ უკვე გადაიტანა მსგავსი კამპანიები წინა ხანებში, 2022 წლიდან დაწყებული, მაგრამ რადგანაც ამჟამად უკრაინის არმიას არ ჰყოფნის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, რუსეთს კი ამ მხრივ ბევრად უფრო უკეთესი მდგომარეობა აქვს, კიევი ისეთი მოწყვლადი ხდება მოსკოვის შეტევების წინაშე, როგორც არასდროს არ ყოფილა.
„მტერი კიევს ანგრევს, - განაცხადა დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ პარასკევს სოციალურ ქსელებში, - უკვე აღარ შეიძლება ისეთ ილუზიებში ყოფნა, რომ ჩვენ კვლავ ისევე ვიცხოვრებთ, როგორც მშვიდობიან დროს ვცხოვრობდით".
ვიტალი კლიჩკოს სიტყვები ასახავს იმ განწყობას, რომელიც სულ უფრო ძლიერდება კიევის მოსახლეობაში: გასული კვირის ინტენსიურმა დარტყმებმა ცხადჰყო, რომ კიეველების „ტკბილი ცხოვრება" და უსაფრთხოების პერიოდი, როცა დაბომბვები შედარებით იშვიათად ხდებოდა - ქალაქის რესტორნები და კაფეები, სილამაზის სალონები სავსე იყო - უკვე წარსულში დარჩა. ახლა ქალაქის თავზე მთელი დღეები დრონები დაფრინავენ და, შესაბამისად, საჰაერო განგაშის ხმა შეუჩერებლად ისმის. ორშაბათს დრონმა კიევის უნივერსიტეტის ერთ-ერთ კორპუსს - ქალაქის ცენტრში მდებარე შენობას დაარტყა და ცეცხლი გაუჩინა, რის გამოც კიეველები შოკში ჩავარდნენ - ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქალაქის უმაღლესი სასწავლებელი დაიბომბა.
ხიდებზე განხორციელებული დარტყმები, ალბათ, ქალაქის მოსახლეობის ცხოვრებას კიდევ უფრო გააუარესებს და დეზორგანიზაციას გამოიწვევს. შაბათს, როცა რუსულმა დრონმა კიევის ჩრდილოეთის ხიდი დააზიანა, მერიამ საავტომობილო მოძრაობისათვის გარკვეული დროით სამხრეთის ხიდიც დახურა და მეტროპოლიტენიც (ხიდზე მეტროს მატარებელიც დადის), ასევე შეიზღუდა მოძრაობა სამ დარჩენილ ხიდზეც.
ხიდების დანგრევა იოლი არ არის. ხიდი მასიური რკინა-ბეტონის ნაგებობა, რომლის გასანადგურებლად ბევრი დარტყმის მიყენებაა საჭირო. უკრაინასაც აქვს რუსული ხიდების გასანადგურებლად მიყენებული დარტყმების გამოცდილება, თუმცა ნაკლები წარმატებით. მაგალითისათვის შეიძლება დავასახელოთ ქერჩის ხიდი, რომელიც უკანონოდ ანექსირებულ უკრაინის კუთვნილ ყირიმს რუსეთთან აკავშირებს. ხიდი უკრაინელების შეტევების შემდეგ დროებით იხურებოდა, მაგრამ არ განადგურებულა და მასზე სარკინიგზო და საავტომობილო მოძრაობა დღემდე ხორციელდება. და მაინც, რა თქმა უნდა, ხშირ დარტყმებს შეუძლიათ ხიდის ბურჯები და კონსტრუქცია დააზიანონ და ხელისუფლება იძულებული ხდება მათზე მოძრაობა აკრძალოს, ჩანგრევის შიშით.
კიევისა და საერთოდ, მთელი უკრაინისათვის ხიდების დანგრევა ლოჯისტიკური კოშმარი იქნებოდა: ხიდებით ხდება სამხედრო ტექნიკისა და სურსათის გადატანა დნეპრზე - მდინარეზე, რომელიც უკრაინას ორად ყოფს ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით. დნეპრის ხიდების ხანგრძლივად დახურვა ან მათი დანგრევა ქვეყნისთვის კატასტროფული იქნებოდა, რადგან მათი ალტერნატივა პრაქტიკულად არ არსებობს.
კიევიდან ჩრდილოეთით, 90 კილომეტრის მოშორებით, მდინარე დნეპრზე, ზემო წელში მხოლოდ ერთი საავტომობილო ხიდია გადებული. ქვემო წელში კიდევ არის რამდენიმე ხიდი, მაგრამ სატვირთო ავტომობილს მათთან მისაღწევად საკმაო დრო და შემოვლითი გზა ჭირდება, თანაც ფრონტის ხაზის სიახლოვე ტრანსპორტს რუსეთის დარტყმებისათვის მოწყვლადს ხდის.
ომის პირველ დღეებში უკრაინის ხელისუფლება კიევის ხიდების დანგრევა-აფეთქების შესაძლებლობას განიხილავდა - რუსეთის ჯარების წინსვლის შესაჩერებლად, რომლებიც მარცხენა ნაპირს უახლოვდებოდნენ, თუმცა მოგვიანებით ამ ნაბიჯზე უარი თქვეს - უკრაინის ჯარებმა მტერს უკან დაახევინეს.
