ტრამპის მოსვლა რეგიონში ომის დამთავრებას ნიშნავს -ირაკლი ზარქუა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას შეფასებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება ომის დასრულებას ნიშნავს.
როგორც ზარქუამ აღნიშნა, ომის დასრულების შემდეგ მოიხსნება საქართველოს მიმართ მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნა.
„ტრამპს ვუჭერ მხარს, რადგან მგონია, რომ ის არის მნიშვნელოვანი რეგიონისთვის. რატომ? იმიტომ კი არა, რომ ტრამპი პრეზიდენტი გახდება თუ არა, მეორე დღეს იტყვის, მორჩა. ეს პროცესია და მიდგომები ასე სწრაფად არ იცვლება. ვთქვით, რომ ტრამპის მოსვლა რეგიონში ომის დამთავრებას ნიშნავს, რაც რეგიონისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ომის დამთავრება ნიშნავს, რომ მეორე ფრონტის გახსნის ვალდებულება, მოთხოვნა და ბულინგი მთავრობის მიმართ მოიხსნება „გლობალური ომის პარტიის“ მიერ. რატომ აფინანსებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს? – სახელმწიფო ინსტიტუციებს რომ შეუტიონ. და ეს შემთხვევითი გგონიათ? მათ ნებას არ დავყევით, არც მეორე ფრონტი გავხსენით და უარი არ ვთქვით ანაკლიის პორტის აშენებაზე, რომელიც მნიშვნელოვანი კვანძია ევროპასა და აზიას შორის. არასამთავროების მობილიზება, ეს ყველაფერი ამის გამო ხდება. ყველაფერი იმდენად გამჭვირვალე გავხადეთ, რომ უკვე პოლიტიკაში წამოვიდნენ.
მათი მხრიდან დამალვას აზრი არ აქვს, პოლიტიკაში მანამდეც იყვნენ. ამერიკაში ტრამპის მოსვლა ომის გაჩერებას ნიშნავს. ამით მოიხსნება ჩვენ მიმართ მოთხოვნა, რომ მეორე ფრონტი გაიხსნას. მესამე მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს დაფინანსება შეუწყდებათ, რაც მშვიდობის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. ტრამპმა სწორედ ამიტომ უნდა გაიმარჯვოს. გახსოვთ, გვარამია თავისი ეთერებიდან რას გაჰკიოდა? ტრამპის მოსვლა იყო პუტინის ხაზის გაგრძელება, დამღუპველიო, ტრამპმა წააგო და დამარცხდაო. ბოკუჩავა რას ამბობდა? ბაიდენის გამარჯვება არის მესიჯი, რომ ტრამპის მიერ გზას აცდენილი ამერიკა სწორ რელსებს დაუბრუნდებაო. სამადაშვილი რას ამბობს, ამას აზრი არ აქვს, რადგან ხაზარაძეს სამარცხვინოს ეძახდა და დღეს მასთან არის გაერთიანებული. ამათი სახეცვლილება ნახეთ? ტრამპზე თავდასხმის შემდეგ „ბოკუ“ ამერიკაში აფრინეს, 700 დოლარით ბილეთი უყიდეს და კონგრესის სხდომაზე წამოასკუპეს, დერეფანში გაასეირნეს. არ გახსოვთ, სააკაშვილი კიბის ქვეშ რომ ელოდებოდა ხოლმე ლიდერებს, კამერებით რომ გადაეღოთ? პრეზიდენტობას რომ მორჩა, ამერიკამ ვიზა არ მისცა, ახლოს არ გაიკარეს. რატომ ჰგონიათ, რომ ქართველ ხალხს ტრამპის მიმართ ამათი დამოკიდებულება არ ახსოვს? უპრინციპოები და უნამუსოები არიან, შევახსენებთ, არ გავუტარებთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ჯო ბაიდენმა აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა მოხსნა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩემი განზრახვა იყო ხელახლა არჩევა, მჯერა, ჩემი პარტიისა და ქვეყნის ინტერესებშია განზე გადგომა და მხოლოდ ჩემი ვადის დარჩენილ პერიოდზე ფოკუსირება“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა გამოქვეყნებულ წერილში.
ამასთან, ბაიდენმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭერს მხარს.