ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი საპატრიარქოს ეწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.
„დღეს, 30 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოში იმყოფებოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი და ორგანიზაციის გენერალური დირექტორობის კანდიდატი, დოქტორი ჰანს კლუგე, რომელიც თბილისს ოფიციალური ვიზიტით, საკუთარი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ეწვია.
შეხვედრას ესწრებოდნენ: წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე და საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე).
შეხვედრაზე დოქტორმა ჰანს კლუგემ სასულიერო პირებს სამომავლო ხედვა და ის გეგმები გააცნო, რომლებიც მის საარჩევნო პლატფორმასა და გლობალური ჯანდაცვის სისტემის განვითარებას უკავშირდება.
მასპინძლებმა სტუმარს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადეს და მომავალ საარჩევნო მარათონში წარმატებები უსურვეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
