„მიუხედავად იმისა, რომ ჟასმინი ჩემი პოლიტიკური პატიმრობის შემდეგ დაიბადა, მე ის ძალიან მიყვარს და გულწრფელად ვზრუნავ მის კეთილდღეობაზე“, - წერს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ X-ში უკრაინის პარლამენტის წევრის, ლიზა იასკოს მიერ სასამართლოში შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით. იასკოსა და სააკაშვილს საერთო ქალიშვილი ჰყავთ.

„მე დიდ პატივს ვცემ ლიზას, რომელიც, როგორც უკრაინის პარლამენტის დეპუტატი, მამაცურად შრომობს თავისი ქვეყნისთვის და ჩვენს მშვენიერ ქალიშვილ ჟასმინს უკიდურესად რთულ პირობებში, მუდმივი დაბომბვების ფონზე ზრდის“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ჟასმინი მისი პატიმრობის შემდეგ დაიბადა, ის მის კეთილდღეობაზე ზრუნავს. მისი თქმით, გიული ალასანია შვილიშვილს ყოველთვიურად ფინანსურად ეხმარება, 2022 წელს კი კიევში მდებარე ბინაც აჩუქა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჟასმინი ჩემი პოლიტიკური პატიმრობის შემდეგ დაიბადა, მე ის ძალიან მიყვარს და გულწრფელად ვზრუნავ მის კეთილდღეობაზე. სამწუხაროდ, ახლა არ მაქვს შესაძლებლობა, ვნახო ჩემი ქალიშვილი.

ამიტომ დედაჩემი, გიული, რამდენჯერმე ესტუმრა მას კიევსა და ევროპის სხვა ქალაქებში. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის ჟასმინს ყოველთვიურად ფინანსურად ეხმარებოდა და ამას დღემდე აგრძელებს.

გარდა ამისა, დედაჩემმა საქართველოში ოჯახის ქონების ნაწილი გაყიდა და 2022 წელს ჟასმინს კიევის ცენტრში ბინა აჩუქა.

რა თქმა უნდა, მე და ჩემი ოჯახი სრულად ვართ პასუხისმგებელი ჟასმინზე და ყოველთვის ვიზრუნებთ მასზე.

იმედი მაქვს, მალე გავთავისუფლდები, რათა პირადად შევძლო ჩემს ქალიშვილთან ყოფნა და მისთვის მშობლის სიყვარული და მზრუნველობა გავუზიარო“, - წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, უკრაინის პარლამენტის წევრი ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილთან სამართლებრივ დავაშია. მათ საერთო ქალიშვილი, ჟასმინი ჰყავთ. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 2026 წლის აპრილიდან იასკო სასამართლოს მეშვეობით სააკაშვილისთვის ალიმენტის გადახდის დაკისრებასა და მისთვის მშობლის უფლებების ჩამორთმევას ითხოვს.