იტალიაში ათიათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა, - ამის შესახებ ANSA იუწყება.

სტუდენტები, სატვირთო მანქანების მძღოლები, ფერმერები და სხვა მუშები დიდი ქალაქების - რომის, ტურინის, პალერმოს, მილანის, ნეაპოლის - ქუჩებში გამოვიდნენ. მათ საცხოვრებელი ფასების ზრდა, განათლების ბიუჯეტის შემცირება და სამხედრო ხარჯების მატება გააპროტესტეს.

როგორც მედია წერს, ქალაქების უმეტესობაში დემონსტრაციები მშვიდობიანი იყო, თუმცა ტურინში პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა იმ მომიტინგეების დასაშლელად, რომლებიც პრეფექტურის შენობას დამცველ უსაფრთხოების კორდონებს მიუახლოვდნენ.

ტურინში ფერმერებმა ქუჩებში ნაკელი დაყარეს, ხოლო მილანში აქციის მონაწილეების ნაწილმა მაღაზიების ვიტრინები ჩაამსხვრია, რის გამოც ქალაქში უსაფრთხოების დასაცავად 500 ჯარისკაცის მობილიზება გახდა საჭირო. 

რომში, კოლიზეუმთან ახლოს მასშტაბური მსვლელობა გაიმართა, სადაც მომიტინგეებმა განაცხადეს, რომ კარვების გაშლას და შაბათ-კვირის განმავლობაში იქ დარჩენას გეგმავდნენ. დემონსტრანტებმა ქუჩებში ნაგვის ურნები განათავსეს და ცეცხლი წაუკიდეს.