1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “სი ძინპინის წყურვილი ძალაუფლების განმტკიცებისათვის ჩინეთის ეკონომიკას აზიანებს”- The Economist
“სი ძინპინის წყურვილი ძალაუფლების განმტკიცებისათვის ჩინეთის ეკონომიკას აზიანებს”- The Economist

“სი ძინპინის წყურვილი ძალაუფლების განმტკიცებისათვის ჩინეთის ეკონომიკას აზიანებს”- The Economist

199
0

ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „სი ძინპინის წყურვილი ძალაუფლების განმტკიცებისათვის ჩინეთის ეკონომიკას აზიანებს“, რომელშიც გაანალიზებულია ჩინეთის ეკონომიკის მდგომარეობა და პერსპექტივები, სახალხო წარმომადგენლების ყრილობის ფონზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

იმდენად, რამდენადაც ჩინეთის პოლიტიკური სისტემა სულ უფრო დახურული ხდება, ტრადიციული მასობრივი ხასიათის ღონისძიებები ერთ-ერთ შედარებით გამჭვირვალე მოვლენად რჩებოდა მიღებული გადაწყვეტილებების გასაგებად, თუმცა ეს წყაროც, როგორც ჩანს, ქრება. ამჟამად პეკინში დაიწყო ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება – სახალხო წარმომადგენლების ყოველწლიური ყრილობა, რომელსაც ერთი კვირის განმავლობაში ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელები და ათასობით დელეგატი ესწრება. ჯერ-ჯერობით მიღებული სიგნალები დამაიმედებელი არ არის. სავარაუდოდ, ჩინეთს ჯერ კიდევ არ აქვს ეკონომიკის მდგომარეობის გამოსწორების საიმედო გეგმა, ხოლო ლიდერების განცხადებები რეალობისგან შორს დგას. ძალაუფლება სულ მეტად კონცენტრირდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის სი ძინპინის ხელში.

ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ლი ციანი, რომელმაც დელეგატებს წარუდგინა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5%-იანი ზრდის მიზნობრივი მაჩვენებლები 2024 წლისათვის. მან ასევე ისაუბრა გრძელვადიან გეგმაზე ლოზუნგით „ახალი საწარმოო ძალები“, რაც ნიშნავს ახალ საბაზო წარმოებაზე გადასვლას – მწვანე ენერგეტიკაზე, ხელოვნურ ინტელექტზე და ციფრულ სამსახურზე. ჩინეთის მოსახლეობის შემცირების საპასუხოდ კომპარტია ვალდებულობს, რომ გააუმჯობესებს დემოგრაფიულ მონაცემებს და „შობადობის ზრდას“. ჩინეთის მმართველები აცხადებენ, რომ მათ ყველა პრობლემა იციან და ზომებს იღებენ მათ აღმოსაფხვრელად და მოსაგვარებლად.

მაგრამ თუ სიტუაციას დაკვირვებით შევხედავთ, სურათი სრულიად სხვაგვარია. 5%-იანი მიზნობრივი მაჩვენებელი საშუალო 4,6%-ზე მეტია და მის მისაღწევად დამატებითი სტიმულებია საჭირო, მაგრამ 3%-იანი დეფიციტის მქონე ბიუჯეტის დროს სტიმულების გამოძებნა საკმაოდ რთულია. ლი ციანის მოხსენებიდან ასევე ირკვევა, რომ ინფლაციის დონე 3%-იანი იქნება, ანუ იგივე, რაც ბოლო 15 წლის განმავლობაში, მაგრამ წინა წლებისგან განსხვავებით, ჩინეთი დეფლიაციური კრიზისის წინაშე დგას: სამომხმარებლო ფასები 0,8%-ით არის დაცემული. ადრე ჩინეთი მიზნებს ისახავდა და აღწევდა კიდეც, ამჟამად კი დასახული მიზნები რეალური სიტუაციისაგან მთლიანად თუ არა, სანახევროდ მაინც არის დაშორებული.

ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად ჩინეთისათვის აუცილებელია კერძო სექტორის გაფართოება., მაგრამ კერძო ინვესტიციები 2023 წელს 0,4%-ით შემცირდა, ძირითადად უძრავ ქონებაზე ფასების დაცემის გამო. ლი ციანი დამაშვიდებლად საუბრობდა ინოვაციებზე და უცხოური კომპანიებისათვის შექმნილ შეღავათიან „ეროვნულ რეჟიმზე“, მაგრამ იმის გამო, რომ უცხოური ფირმები თავს შეზღუდულად გრძნობენ მთავრობის პარანოიის გამო უსაფრთხოების სფეროში, ჩინეთის ხელისუფლების მიმართ ნდობა მცირდება. საერთაშორისო ინვესტიციები 30 წლის განმავლობაში ყველაზე მინიმალურ დონეზეა.

ამ არადამაკმაყოფილებელ ეკონომიკურ ფონზე მიმდინარე პოლიტიკური თამაშები გვაფიქრებინებს იმას, რომ სი ძინპინი სულ უფრო იმყარებს თავის ხელისუფლებას და მისი გაყოფა არ სურს დაბეჯითებით შერჩეულ და ერთგულ გარემოცვასთანაც კი. შესავალ სიტყვაში პრემიერმა ლი ციანმა სი ძინპინის სახელი ყველაზე ხშირად მოიხსენია, ვიდრე მისმა წინამორბედმა პრემიერებმა. სამწუხაროდ, ყრილობის დროს პრეს-კონფერენციების ჩატარება აიკრძალა – პირველად 1980 წლიდან. ეს იყო ერთადერთი შესაძლებლობა, რომ რიგით ჩინელ მოქალაქეს მაღალჩინოსნისგან გაეგო პასუხები საჭირბოროტო  საკითხებზე. ახლა გამჭვირვალობის ეს მცირე გამოვლინებაც გაქრა. ალბათ, იმიტომ, რომ სი ძინპინს არ სურს შექმნას შთაბეჭდილება იმისა, რომ სხვისი ხმა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი.

მართალია, ყრილობა ძირითადად საშინაო საკითხებს იხილავს, მაგრამ მას საგარეოპოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს, კერძოდ, აშშ-სთან მიმართებით. რადგანაც აშშ-ში ამჟამად საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება მიმდინარეობს და არავინ იცის, თუ ვინ იქნება თეთრი სახლისთვის ბრძოლაში გამარჯვებული, ლი ციანი შეეცადა თავის სიტყვაში აშშ-სთან არსებული წინააღმდეგობები არ გაემწვავებინა.  მან ასევე აღნიშნა ტაივანთან ურთიერთობის „მშვიდობიანი განვითარება“.

და მაინც, არის ბევრი ფაქტი იმისა, რომ ჩინეთის რეჟიმი გრძელვადიანი ცივი ომისთვის ემზადება. ლი ციანის მოხსენების მიხედვით, სამხედრო ხარჯები 7%-ით იზრდება. მატულობს აგრეთვე საბიუჯეტო ხარჯები სამხედრო მეცნიერების სფეროს განვითარებისათვის. ბოლო დროს მომხდარმა მოვლენებმა, მაგალითად, ჩინეთ-მალდივის სამხედრო ხელშეკრულების დადებამ ინდოეთის ოკეანეში დაძაბულობა გააძლიერა.

ჩინეთის პოლიტიკა დღეს ყველაზე უფრო გაუმჭვირვალეა, ვიდრე ოდესმე, მაგრამ დახურული კარიდან მაინც აღწევს უშეცდომი სიგნალები: ეკონომიკა ისევ არარიტმულად მუშაობს, ხდება ხელისუფლების კონცენტრაცია, სი ძინპინი კი ისევ ურყევია ამერიკასთან მეტოქეობაში.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო