1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ნატო უკრაინის გამო სულ უფრო უგუნურად იქცევა, რასაც გერმანულ რაკეტებზე ინფორმაციის გაჟონვა ადასტურებს – უცხოური პრესა
ნატო უკრაინის გამო სულ უფრო უგუნურად იქცევა, რასაც გერმანულ რაკეტებზე ინფორმაციის გაჟონვა ადასტურებს – უცხოური პრესა

ნატო უკრაინის გამო სულ უფრო უგუნურად იქცევა, რასაც გერმანულ რაკეტებზე ინფორმაციის გაჟონვა ადასტურებს – უცხოური პრესა

357
0

ბრიტანული „გარდიანი“ (The Guardian) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ნატო უკრაინის გამო სულ უფრო უგუნურად იქცევა, რასაც გერმანულ რაკეტებზე ინფორმაციის გაჟონვა ადასტურებს“ (ავტორი – საიმონ ჯენკინსი), რომელშიც გერმანელი ოფიცრების ბოლოდროინდელი სკანდალური საუბრის ნეგატიური შედეგებია განხილული როგორც ევროპისათვის ასევე საერთოდ, დასავლეთისათვის.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

გერმანიის შეიარაღებული ძალები „ჭკუიდან შეიშალნენ“ – მოსკოვმა გაამჟღავნა „ლიუფტვაფეს“ ხელმძღვანელსა და მაღალჩინოსან სამხედროებს შორის 38-წუთიანი სატელეფონო დისკუსია „ტაურუსის“ ფრთოსანი რაკეტების უკრაინისადმი სავარაუდო გადაცემის თაობაზე, რაც იმას მოწმობს, რომ ნატო, თავისი განცხადებების მიუხედავად, მაინც ცდილობს ომი გაამწვავოს. გერმანელ ოფიცრებს შორის საუბარი, როგორც ამბობენ, თითქოსდა გასაიდუმლოებული იყო, მაგრამ იმ დონეზე, რომ კოდს ბავშვიც კი გამოიცნობდა. ამ ყველაფერმა განამტკიცა ვლადიმერ პუტინის განცხადება, რომ დასავლეთი ომს რუსეთის წინააღმდეგ აწარმოებს და უკრაინა მხოლოდ ინტრუმენტის როლს ასრულებს.

დასავლეთის გამართლებული მიზანი უკრაინაში იყო ხელი შეეშალა კრემლისათვის, რომ რუსეთს კიევის არჩეული ხელისუფლების დამხობის შესაძლებლობა არ ჰქონოდა. ეს მიზანი მიღწეული იყო უკვე ომის რამდენიმე თვის განმავლობაში, დასავლეთის მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერით, როცა რუსეთის არმიამ კიევიდან უკან დაიხია. იმ დროისთვის ნატო არავითარ შემთხვევაში არ მიდიოდა უგუნური ესკალაციის რისკზე, რათა ლოკალური ომი, სხვა ევროპული ომების მსგავსად, საერთოკონტინენტურ ომად არ გადაქცეულიყო.

მაგრამ რამდენადაც უკრაინის კონფლიქტი მოსალოდნელ ჩიხში შევიდა, ნატოს ადრინდელმა სტრატეგიამ თანმიმდევრულობა დაკარგა. ეს სწორედ ის მომენტია, როცა მსგავსი ომები კონტროლიდან გამოდიან. უკვე ორი წელია დასავლელი ლიდერები, რომლებიც საკუთარ  ხალხს თავს ვაჟკაცებად აჩვენებენ და კიევში დადიან, ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდებიან და სრული გამარჯვების მოსაპოვებლად აქეზებენ – ჩვენ დაგეხმარებითო. ასეთი იყო პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის დაპირებაც, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ამომრჩეველი მხოლოდ ფულს იხდიდა და უკრაინისთვის არ კვდებოდა. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უფრო შორს წავიდა და უკრაინაში ნატოს ჯარების გაგზავნის სურვილი გააჟღერა.

საერთოდ, თავიდანვე შეიმჩნეოდა, რომ ნატოს გეგმებში რუსეთზე სრული გამარჯვება გათვალისწინებული არ იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ პოზიცია არ შეიცვლებოდა. დღეს ალიანსის გენერალური მდივანი აცხადებს, რომ „ჩვენ კურსი უნდა გავაგრძელოთო“, მაგრამ არ აზუსტებს, თუ როგორი კურსი უნდა გაგრძელდეს. გერმანელ გენერლებს, შესაძლოა, სურთ ესკალაცია, მაგრამ კიდევ კარგი, რომ მათი კანცლერი სიფრთხილეს იჩენს. იგივე შეიძლება ითქვას აშშ-ის საზოგადოებრივ აზრზეც, რომლის მიხედვით, ამერიკელებს ესკალაცია არ სურთ, თუმცა იმავდროულად სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ დასავლეთმა უნდა უზრუნველყოს, რათა რუსეთისათვის ომი კრემლის „მიზნების სტრატეგიულ ჩაშლად გადაიქცეს“.  

ფაქტია, რომ მოსკოვს ომის მდგომარეობაში ყოფნა დიდი ხნის განმავლობაში შეუძლია. როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს უკრაინისათვის იმ შეთანხმების პროექტი, რომელიც 2022 წლის მარტში განიხილებოდა, ალბათ, ღირს, რომ კიევი მას დაუბრუნდეს – მოლაპარაკების დროს უკვე ნაწილობრივ შეთანხმებული იყო საზღვრების საკითხი. ამის ნაცვლად უკრაინა უფრო ემსგავსება ნატოს გენერლების სურვილების შემსრულებელ ქვეყანას, რომლებსაც უკრაინის ომით თავიანთი ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტის გადიდება და „ცივი ომის“ დროინდელი დაფინანსების განახლება უნდათ. სამწუხარო ისაა, რომ მათი სურვილების ფასს გადასახადის გადამხდელები და უკრაინელი ახალგაზრდები იხდიან.

დასავლეთი ევროპა არ არის დაინტერესებული ომის ესკალაციით აღმოსავლეთ ევროპაში უკრაინისათვის შორი რადიუსით მოქმედი რაკეტების მიწოდებით. დასავლეთმა კიევს დახმარება უნდა გაუგრძელოს, მაგრამ მას არ აქვს სურვილი რუსეთი უკრაინის რუსულენოვანი რეგიონებიდან – ყირიმიდან და დონბასიდან გააძევოს. დასავლეთისათვის დღეს მთავარ სურვილს და მიზანს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დარეგულირება (შეწყვეტა) და დანგრეული ქვეყნის აღდგენა წარმოადგენს.

რაც შეეხება ანტირუსულ სანქციებს, ისინი ჩაიშალა, თუმცა უკვე მოასწრეს გლობალური ვაჭრობის სისტემის დარღვევა. სანქციები, შესაძლოა, მოსწონთ დასავლელ დიპლომატებს და ანალიტიკურ ცენტრებს – არ არის გამორიცხული, ვინმე მართლაც დაზარალდეს – მაგრამ რუსეთის ეკონომიკა ამით არ დანგრეულა და ვლადიმერ პუტინის აზრი არ შეცვლილა. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს რუსეთის ეკონომიკის ზრდის ტემპები დიდი  ბრიტანეთისას გადააჭარბებს.

ბოლო 25 წლის განმავლობაში დასავლეთის მიერ უხეში ფორმებით განხორციელებული სამხედრო ინტერვენციები ჩვენთვის გაკვეთილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, უშედეგო აღმოჩნდა და ვერაფერი ვისწავლეთ.

წყარო