„აშშ, ჩინეთი და რუსეთი შენჟენში ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის სავარაუდო სამიტის საკითხს განიხილავენ // ორი კვირის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი შენჟენში გაემგზავრება APEC-ის სამიტში მონაწილეობის მისაღებად" - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ ტაიმსში" (Financial Times) 3 ნოემბერს გამოქვეყნებულ სტატიას (ავტორები - დემეტრი სევასტოპულო, მარკ სედონი და ჯო ლი), რომელშიც საუბარია იმაზე, თუ რამდენად რეალურია თანამედროვე „დიდი სამეულის" შეხვედრა და რა სიძნელეები არსებობს მსოფლიოს სამი უძლიერესი ქვეყნის მეთაურთა სამიტის ორგანიზების თვალსაზრისით.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ოფიციალური პირები განიხილავენ დონალდ ტრამპის, სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის სავარაუდო შეხვედრის შესაძლებლობას უმაღლეს დონეზე მიმდინარე თვის მეორე ნახევარში, 18-19 ნოემბერს, როცა ლიდერები აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (APEC) წევრი ქვეყნების სამიტზე შეიკრიბებიან ჩინეთის ქალაქ შენჟენში.
პირები, რომლებმაც იციან, თუ რა სიტუაციაა ამ მხრივ ვაშინგტონში, პეკინსა და მოსკოვში, იტყობინებიან, რომ ოფიციალური პირები სერიოზულ მოლაპარაკებას აწარმოებენ აშშ-ჩინეთ-რუსეთის მეთაურების პირველი სამმხრივი შეხვედრის ორგანიზების თაობაზე.
„მუშაობა სამმხრივი სამიტის ორგანიზების მიზნით უკვე მიმდინარეობს", - განუცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა „ფაინენშელ ტაიმსს". მოგვიანებით, სამშაბათს, პესკოვმა თქვა, რომ „სავარაუდო შეხვედრის წევრებს შორის ჩამოყალიბდა საერთო გაგება, რომ სამიტი სასარგებლო და საგანგებოდ მიზანმიმართული იქნება".
როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა სამმხრივი სამიტის პერსპექტივის შესახებ, ზოგადად, პეკინს „კონტაქტები აქვს შესაბამის მხარეებთან, თუმცა ამ ეტაპზე შეხვედრა დაგეგმილია მხოლოდ რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს შორის". განცხადებაში სამმხრივი სამიტი დონალდ ტრამპის მონაწილეობით მოხსენიებული არ არის.
თეთრმა სახლმა „ფაინენშელ ტაიმსის" თხოვნას კომენტარის გაკეთების შესახებ არ უპასუხა.
როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპი შენჟენში ორი კვირის შემდეგ გაემგზავრება APEC-ის სამიტში მონაწილეობის მისაღებად. დაგეგმილია აგრეთვე მისი შეხვედრა სი ძინპინთან, რომელიც მესამე იქნება მიმდინარე წლის განმავლობაში. შენჟენამდე კი ტრამპი მანილას ეწვევა - სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოების ასოციაციის (ASEAN) ყოველწლიურ სამიტზე დასასწრებად. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ შენჟენში დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის მესამე შეხვედრის შემდეგ იქნება მეოთხეც, დეკემბერში, როცა ჩინეთის მეთაური მაიამიში G20-ის სამიტს დაესწრება. (შედარებისთვის: ჩინეთის სახელმწიფო მასმედიის მონაცემებით, პუტინი და სი ძინპინი ერთმანეთს 40-ჯერ შეხვდნენ, მათ შორის, 3-ჯერ მიმდინარე წელს).
გაურკვეველი რჩება, მართლაც აწარმოებენ თუ არა მოლაპარაკებას სამი მხარე ერთმანეთთან, თუ პეკინი ცალ-ცალკე ახდენს კონსულტაციებს ვაშინგტონთან და მოსკოვთან. წყაროები, რომლებიც სიტუაციაში ჩახედულნი არიან, აცხადებენ, რომ ჩინეთის ლიდერს, რომელიც APEC-ის სამიტს მასპინძლობს, ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება სამეულის შეხვედრის თაობაზე.
ერთ-ერთი ჩინოვნიკის თქმით, ვაშინგტონი და მოსკოვი ჩინეთზე გარკვეულ დიპლომატიურ ზეწოლას ახდენენ, რომ პეკინმა სამმხრივი სამიტის ჩატარებაზე თანხმობა განაცხადოს. სხვათა შორის, სამიტის გამართვაზე ვარაუდები ოქტომბრის პირველ ნახევარში გავრცელდა, თუმცა თვის ბოლოს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სავარაუდო შეხვედრის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს.
პირველ ნოემბერს გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, რომელიც პეკინში გასულ კვირას იმყოფებოდა, განაცხადა, რომ როცა სი ძინპინს სავარაუდო სამმხრივი სამიტის შესახებ ჰკითხა, ჩინელი ლიდერი გაოცდა და დაინტერესდა, თუ საიდან გავრცელდა ხმები სამიტის თაობაზე.
როგორც გერმანიის პრეზიდენტი აცხადებს, სი ძინპინს არ აქვს გეგმები, უკრაინის ომის საკითხი დონალდ ტრამპთან და ვლადიმერ პუტინთან ერთად განიხილოს. „უკრაინის პრობლემის მოგვარებაში ევროპელებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა იმ მიზეზით, რომ ომი ევროპის ტერიტორიაზე მიმდინარეობს", - ასე უთქვამს ჩინელ მასპინძელს გერმანელი სტუმრისათვის.
რაც შეეხება რუსეთს: მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ სამმხრივი სამიტის ორგანიზებისთვის მუშაობა მიმდინარეობსო, კრემლის საქმეებში ასე თუ ისე ჩახედული ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ მოსკოვი მაინცდამაინც დიდ შედეგებს არ ელოდება სავარაუდო სამიტისაგან. კრემლი დარწმუნდა, რომ ჩინეთი არ ცდილობს წამყვანი როლის შესრულებას უკრაინასთან თითქმის ხუთწლიანი ომის შესაწყვეტად. როგორც ჩანს, როცა ომი დასრულდება, პეკინი, ალბათ, შეეცდება, დამსახურება საკუთარ თავზეც მიიწეროს.
თავის მხრივ, დონალდ ტრამპი თანახმაა, სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს შენჟენში, მაგრამ მან ხაზი გაუსვა, რომ სამიტზე მეტ ყურადღებას დაუთმობს ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლს. მაგრამ პეკინმა არაერთხელ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ ამ საკითხის განხილვა ვაშინგტონთან მას არ აინტერესებს - იმის გათვალისწინებით, რომ „ამერიკას უფრო მეტი ბირთვული იარაღი აქვს, ვიდრე ჩინეთს".
„კაცმა რომ თქვას, სი ძინპინისთვის სამმხრივი შეხვედრის იდეა „შლიაპაში გაყრილ ფრთასავით" [ანუ საამაყო საქმე] უნდა იყოს, რომელიც საერთაშორისო არენაზე მისი წამყვანი როლის დემონსტრაცია იქნებოდა", - ამბობს დენის უაილდერი, თეთრი სახლის ყოფილი მაღალჩინოსანი აზიის საქმეებში ჯორჯ ბუშ-უმცროსის პრეზიდენტობის დროს, - „იმიტომ, რომ APEC-ის, როგორც ორგანიზაციის, როლი საკმაოდ მოკრძალებულია მსოფლიოში და მისი წევრების სამიტისაგან მაინცდამაინც დიდ შედეგებს არ უნდა ველოდოთ".
რატომ სურს დონალდ ტრამპს სავარაუდო სამმხრივი შეხვედრის დროს ყურადღება განსაკუთრებით ბირთვულ შეიარაღებას დაუთმოს? როგორც დენის უაილდერი ამბობს, პეკინმა თავის დროზე უარი განაცხადა, საკუთარ ბირთვულ შეიარაღებაზე მოლაპარაკება ეწარმოებინა, შესაბამისად, ეს საკითხი დახურა და საიდუმლოებად გადააქცია, ახლა კი შეუძლია კოზირის სახით გამოიყენოს. გარდა ამისა, თუ შენჟენის „დიდი სამეულის" სამიტი ჩატარდება, გაურკვეველია, იქნება თუ არა მოლაპარაკების თემა ირანთან ომის საკითხი.
მოკლედ, როგორც ჩანს, სამმხრივი შეხვედრის ჩატარების ერთ-ერთ სიძნელეს სწორედ ისეთი დღის წესრიგის შედგენა წარმოადგენს, რომელიც სამივე ლიდერისათვის საინტერესო იქნება.
დევიდ შულმანი, აზიის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი, ამბობს, რომ „სი ძინპინის შეხვედრა ამერიკელ და რუს კოლეგებთან, თუნდაც მას მხოლოდ სიმბოლური ხასიათი ჰქონდეს, მაინც გასაოცარი და უმნიშვნელოვანესი იქნება, მტკიცე დღის წესრიგის გარეშეც. სი ძინპინი, რომელიც ვლადიმერ პუტინს მხარს უჭერს უკრაინასთან მიმდინარე ომში, მიიღებს შესაძლებლობას, თავი წარმოაჩინოს საკვანძო სახელმწიფო მოღვაწედ, რომელიც რუსეთს და ამერიკას მშვიდობისაკენ სწრაფვაში აერთიანებს. ეს იქნებოდა ჩინეთის მეთაურის დიდი დიპლომატიური მიღწევა".
