1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ერდოღანი და პუტინი: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და… როდის დადგება ზამთარი?” – რას წერს უცხოური პრესა
“ერდოღანი და პუტინი: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და… როდის დადგება ზამთარი?” – რას წერს უცხოური პრესა

“ერდოღანი და პუტინი: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და… როდის დადგება ზამთარი?” – რას წერს უცხოური პრესა

1.36K
0

ლიბანის გაზეთ „ალ-მაიადენში“ («الميادين»//«Al Mayadeen») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “ერდოღანი და პუტინი: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და… როდის დადგება ზამთარი?”(ავტორი – ჰოსნი მახალი), რომელშიც თურქეთ-რუსეთის ურთიერთობებია გაანალიზებული.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

იქნებიან თუ არა ერთად ანკარა და მოსკოვი? დაგეგმილი ვიზიტის თარიღიდან (12 თებერვალი) თითქმის უკვე ერთი თვე გავიდა, მაგრამ არც ანკარიდან და არც მოსკოვიდან ჩამიჩუმი არ ისმის. დიპლომატიური წყაროები კონფიდენციალურად იუწყებიან, რომ კრემლმა ვიზიტი მოულოდნელად გააუქმაო, რამაც მითქმა-მოთქმა გამოიწვია რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გაცივების თაობაზე. მართლაცდა, არ არის გამორიცხული, რომ რეჯეფ ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს შორის წინა წლებში ფართოდ რეკლამირებული „ძმობა და მეგობრობა“ ამჟამად კრიზისს განიცდის, რის მიზეზიც, ალბათ, თურქეთის თანხმობა არის შვედეთისა და ფინეთის ნატოში მიღებაზე.
მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბა გავრცელებულმა ხმებმა, რომ თურქეთი უკრაინაში მოდერნიზებული დრონების („ბაირაქტრების“) ქარხნის აშენებას აპირებს. გარდა ამისა, მხარეებს შორის ვერა და ვერ მოგვარდა გარკვეული უთანხმოება სირიის საკითხში. გავიხსენოთ, რომ ვლადიმერ პუტინი თავიდანვე მხარს უჭერდა ლიბიის ლიდერს ბაშარ ასადს, რეჯეფ ერდოღანი კი ყველაფერს აკეთებდა მის დასამხობად (არადა, ადრე ოჯახებით მეგობრობდნენ). თუმცა ეს ფაქტორი მოსკოვს და ანკარას ხელს მაინცდამაინც არ უშლიდა სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაში.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრამ რუს და თურქ პრეზიდენტებს შორის არსებული წინააღმდეგობრიობა გაამწვავა. თურქეთი ორ სკამზე ჯდომას შეეცადა: ერთი მხრივ, მართალია, თავდაპირველად ანკარამ მომრიგებლის როლის შესრულება იკისრა, მაგრამ საბოლოო ჯამში შუამავლობა არ შედგა. მეორე მხრივ, ანკარა ნატოს წევრი სახელმწიფოა და მას ალიანსის წინაშე გარკვეული ვალდებულებები აქვს.

თურქეთში ათობით ნატოს სამხედრო ობიექტებია განთავსებული, მათგან ზოგიერთი კი შავი ზღვის ნაპირებთან ახლოს და ბოსფორ-დარდანელის სრუტეებთან მდებარეობს. მაგრამ, ამის მიუხედავად, ანკარამ არა შავიზღვისპირა სახელმწიფოებისათვის სრუტეები დახურა, რითაც აშშ-ისა და ალიანსის წევრი სხვა სახელმწიფოების უკმაყოფილება გამოიწვია.

ვაშინგტონისა და ბრიუსელის უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტიც, რომ თურქეთი არღვევს ანტირუსულ სანქციებს. გარდა ამისა, მათ კარგად ახსოვს, რომ თურქეთს რუსული სარაკეტო კომპლექსი С-400 აქვს ნაყიდი.

თავის დროზე ვაშინგტონმა თურქეთი ამოიღო იმ პროგრამიდან, რომელიც „ფალკონის“ მარკის (F-16) ავიაგამანადგურებლების მოდერნიზებასა და ახალი F-35-ს წარმოებაში მონაწილეობას ითვალისწინებდა, თუმცა შემდეგ, როცა რეჯეფ ერდოღანი დაეთანხმა ფინეთისა და შვედეთის ნატოში მიღებას, ჯო ბაიდენმა ანკარას შეღავათები მისცა.

ვაშინგტონი თავის გეგმებში ყოველთვის ფსონს დებდა თურქეთზე რუსეთის წინააღმდეგ გეგმებში, მანამდე კი – საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ.

თურქეთს აქვს ფართო რელიგიური, ეროვნული და ემოციური კავშირები კავკასიისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან, რომლებსაც მოსკოვი თავის „უკანა ეზოდ“ განიხილავს.

ანკარა აღნიშნული რეგიონების ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას იღებს – მაგალითად, ანკარა აქტიურად ჩაერია სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტში, აზერბაიჯანის მხარეზე, რის შედეგადაც, საბოლოო ჯამში აზერბაიჯანმა გაიმარჯვა და მთიანი ყარაბაღი დაიბრუნა.

მოსკოვი შეშფოთებულია თურქეთის გააქტიურებული როლით და შესაძლებლობებით. რუსეთში დაახლოებით 100 მილიონი მუსლიმანი ცხოვრობს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი თურქეთისადმი სიმპათიებით არის განწყობილი, მაგალითად, ვოლგელი და ყირიმელი თათრები.

რეჯეფს ერდოღან არაერთხელ განუცხადებია, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის წინააღმდეგია. ამავე დროს თანამშრომლობს უკრაინასთან სამხედრო სფეროში და ყირიმელი თათრების საკითხში. მათი ლიდერები ხშირად „დარბიან“ კიევსა და ანკარას შორის, თურქეთიდან მიემგზავრებიან ევროპასა და ამერიკაში, უკავშირდებიან ექსტრემისტულ დაჯგუფებებს. რასაკვირველია, რუსეთს ეს ყველაფერი არ სიამოვნებს.

თუმცა, ამ წინააღმდეგობრიობისა და სირთულეების მიუხედავად, ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ ერდოღანი იძულებულნი არიან ერთმანეთს შეხვდნენ და გარკვეულ საკითხებში იკონტაქტონ, ვთქვათ, ეკონომიკაში, თავიანთი ქვეყნების ინტერესების შესაბამისად.

მოსკოვი ცდილობს, რომ ანკარამ ვაშინგტონისაგან თავი შორს დაიჭიროს და ამ საკითხში კრემლს არცთუ ცუდი შედეგები აქვს: თურქეთს ჭირდება რუსული გაზი, რომელიც მისი წლიური მოხმარების ნახევარს ფარავს. გარდა ამისა, რუსული კომპანიები თურქეთის სამხრეთში ატომურ ელექტროსადგურს აშენებენ, ხოლო შვიდი მილიონი რუსი ტურისტი თურქეთს ყოველწლიურად სტუმრობს. მათგან ბევრი უძრავ ქონებას ყიდულობს, რამდენიმე ათასმა კი თურქეთის მოქალაქეობაც მიიღო. თურქული სამშენებლო კომპანიები რუსეთში ათობით მილიარდი დოლარის პროექტების რეალიზებას ახორციელებენ.

თურქები სერიოზულ მოგებას იღებენ რუსეთში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტით.

ისტორიულად რუსეთს და თურქეთს წინააღმდეგობრივი ურთიერთობა ჰქონდათ: თურქული ნაციონალისტური წრეები პერიოდულად იხსენებენ ხოლმე 16 დიდ ომს, რომლებიც რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებს შორის არის მომხდარი. მათგან თურქეთმა 11 ომი წააგო, 5 კი მოიგო, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ოსმალეთის იმპერიის ნანგრევებზე აღმოცენებულ „ახალი თურქეთის“ ლიდერისთვის – მუსტაფა ქემალისათვის ბოლშევიკურ რუსეთთან და მის ხელმძღვანელთან ვლადიმერ ლენინთან მეგობრული ურთიერთობა დაემყარებინა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პერიოდში (1919-1923 წლებში), რაც საბოლოოდ თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადებით დასრულდა. მაგრამ მოსკოვ-ანკარას შორის იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა, მუსტაფა ქემალ ათა-თურქის სიკვდილის (1938 წ.) და განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თურქეთი კვლავ რუსეთთან ტრადიციულ მტრობას დაუბრუნდა.

1952 წლიდან, როცა თურქეთი ნატოს წევრი გახდა, ანკარა ვაშინგტონს დაუახლოვდა და 1955 წლის ბაღდადის ხელშეკრულებით, მის ტერიტორიაზე 150-მდე ამერიკული სამხედრო ობიექტი განლაგდა.

ვაშინგტონი დღემდე ახდენს გავლენას თურქეთის ეკონომიკაზე, მსხვილ ბიზნესმენებს და კომპანიებს დასავლურ ფინანსურ სამყაროსთან მჭიდრო კავშირები აქვთ.

ალბათ, ამითაც უნდა აიხსნას თურქეთის მიერ ვეტოს მოხსნა შვედეთისა და ფინეთის ნატოს წევრად მიღების საკითხში, მიუხედავად იმისა, რომ ანკარის მოთხოვნები ქურთებისადმი მხარდაჭერისა და პრაქტიკული დახმარების შეწყვეტის თაობაზე სტოკჰოლმსა და ჰელსინკს ბოლომდე არ შეუსრულებიათ.

თურქეთი თვალს ადევნებს აშშ-ში სიტუაციის განვითარებასაც. თუ თეთრ სახლში დონალდ ტრამპი დაბრუნდება, ეს რეჯეფ ერდოღანის „წისქვილზე წყალს დაასხამს“.

თავის დროზე თურქეთის ლიდერს აშშ-ის პრეზიდენტთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა იმის მიუხედავად, რომ დონალდ ტრამპმა რამდენიმე მკვეთრი განცხადება გააკეთა რეჯეფ ერდოღანის მიმართ: 2018 წელს მან თურქ კოლეგას უხეშად მიმართა – „გააკეთე, რასაც გეუბნები“ – თურქეთში დაპატიმრებული ამერიკული პასტორის ენდრიუ ბრანსონის გათავისუფლების მიზნით, ხოლო შემდეგ ტრამპმა „ტვიტერში“ გამოაქვეყნა მიმართვა რეჯეფ ერდოღანისადმი – „ნუ სულელობ, ქურთებს დაელაპარაკე და შეუთანხმდი“.

რუსეთი ყურადღებით თვალს ადევნებს ანკარასა და ვაშინგტონის ურთიერთობას, თეთრ სახლს კი, თავის მხრივ, იმედი აქვს, რომ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებში „შემოდგომას ზამთრად გადააქცევს“. ასეა თუ ისე, ამჟამად რეჯეფ ერდოღანი უფრო აშშ-სკენ იხრება, ვიდრე რუსეთისაკენ. როგორც ჩანს, ამერიკას თურქეთზე გავლენის მოსახდენად უფრო ძლიერი ბერკეტები აქვს, ვიდრე რუსეთს.

ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, თუ რამდენ ხანს გასტანს რეჯეფ ერდოღანის ბალანსირება „ოს სკამს შორის“ – იგი ცდილობს მაქსიმალური მოგება მიიღოს შექმნილი სიტუაციიდან, რადგან იცის, რომ ანკარა მოსკოვსა და ვაშინგტონს უფრო მეტად ჭირდება, ვიდრე თურქეთს რუსეთი და ამერიკა. თურქეთს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს არამარტო აშშ-სა და რუსეთისათვის, არამედ მათთან დაკავშირებული მოთამაშეებისთვისაც (სირია, ირანი, ერაყი). უფრო მეტიც – თურქეთმა მოახერხა და ტრიუმფით დაბრუნდა ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკაში, დაამყარა რა მეგობრული დამოკიდებულება არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან, საუდის არაბეთთან, ყატართან და სულ ახლახანს – ეგვიპტესთან.

წყარო: