1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ რეგიონში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გაეროს სააგენტოების საქმიანობა შეიზღუდა” -სუს-ი
“საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ რეგიონში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გაეროს სააგენტოების საქმიანობა შეიზღუდა” -სუს-ი

“საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ რეგიონში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გაეროს სააგენტოების საქმიანობა შეიზღუდა” -სუს-ი

537
0

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი “არასამთავრობო ორგანიზაციების“ მიმართ მიდგომები მკვეთრად გამკაცრდა. სუს-ი პარლამენტში წარდგენილ ყოველწლიურ ანგარიშში წერს, რომ საოკუპაციო რეჟიმი მათ მადისკრედიტებელ განცხადებებს ავრცელებდა, ცენტრალური ხელისუფლების მიზნებისა და ამოცანების შესრულებაში ადანაშაულებდა და “საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესების“ არევაში სდებდა ბრალს.

“საოკუპაციო რეჟიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ რეგიონში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გაეროს სააგენტოების საქმიანობა მნიშვნელოვნად შეიზღუდა. საერთაშორისო ორგანიზაციების დაბლოკვით საოკუპაციო რეჟიმი ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის ფედერაციის გავლენების გაზრდასა და აფხაზებსა და ქართველებს შორის კონტაქტების მინიმუმამდე დაყვანას ცდილობდა“, – ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2023 წლის დასაწყისში საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებულ რეგიონში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები არ შეუშვა. აღნიშნულის მიზეზად, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, თანათავმჯდომარეების ინიციატივით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების რამდენჯერმე გადადება დაასახელეს.

ასევე, საანგარიშო პერიოდში საოკუპაციო რეჟიმმა საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის წესში “ცვლილებები“ შეიტანა, რომელიც ორგანიზაციებსა და ე.წ. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობებს მკაცრად აკონტროლებდა. სუს-ის ანგარიშის თანახმად, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებსა და გაეროს სააგენტოებს ე.წ. საგარეო უწყებასთან უნდა შეეთანხმებინათ ადგილობრივი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივისთვის ფინანსური სახსრების გამოყოფის საკითხი.

“2023 წლის 7 დეკემბერს საოკუპაციო რეჟიმმა სამხრეთ კავკასიაში USAID-ის რეგიონული ხელმძღვანელი “პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა. საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით აღარ “მტკიცდებოდა“ USAID-ის ნაწილობრივი ან სრული ფინანსური მხარდაჭერით წარმოდგენილი პროექტები. ასევე შეჩერდა UNDP-ის პროექტების მიღება. იკრძალებოდა იმ პროექტების რეალიზება, რომელთა მიზანს ქართველებსა და აფხაზებს შორის კონტაქტის დამყარება წარმოადგენდა.

იზღუდებოდა იმ მედიაპროექტების დაფინანსება, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთის “შიდა და საგარეო პოლიტიკის“ საკითხების გაშუქებას ისახავდა მიზნად“, – ვკითხულობთ სუს-ის ყოველწლიურ ანგარიშში.

სუს-ი ასევე წერს, რომ 2023 წელს ოკუპირებული რეგიონების საოკუპაციო რეჟიმები რუსეთის ფედერაციის დახმარებით აქტიურად ცდილობდნენ საერთაშორისო ასპარეზზე “პოზიციონირებას“ – მუშაობა შეინიშნებოდა სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით.