“ტრამპი პრეზიდენტობის დასასრულს უახლოვდება: ირანთან ომის ჩიხში შესვლის ფონზე, იგი სულ უფრო მეტად არის შეპყრობილი საკუთარი თავისადმი მიძღვნილი ძეგლების იდეით”-Financial Times
ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 23 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულია ედვარდ ლიუსის სტატია სათაურით „ტრამპი პრეზიდენტობის დასასრულს უახლოვდება: ირანთან ომის ჩიხში შესვლის ფონზე, იგი სულ უფრო მეტად არის შეპყრობილი საკუთარი თავისადმი მიძღვნილი ძეგლების იდეით“. როგორც ავტორი – ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველი – წერს, კონგრესის მოახლოებული შუალედური არჩევნების წინ (სადაც რესპუბლიკელები შესაძლოა დამარცხდნენ), ირანთან გაჭიანურებული დაპირისპირების ფონზე, დონალდ ტრამპი ყოველდღიური საპრეზიდენტო მოვალეობების შესრულების მიმართ ინტერესს კარგავს.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
დადგა რა შუალედურ არჩევნებში სავარაუდო დამარცხების საფრთხის წინაშე ირანთან გაჭიანურებული ომის გამო, დონალდ ტრამპი სულ უფრო მეტ დროს უთმობს საკუთარი თავის განდიდებას: კვირას მან გამოაცხადა, რომ ვაშინგტონში ტრიუმფალურ თაღს ააშენებს – თითქმის ყველა ქვეყნის დედაქალაქშია და ჩვენთან არ არისო, თან ხაზი გაუსვა – „ეს უბრალო თაღი არ გეგონოთ, მასზე მთელი სამხედრო კომპლექსი იქნება – დრონებით, სნაიპერებით და საბრძოლო მასალების დიდი მარაგითო“. პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ ვის წინააღმდეგ იქნება მიმართული საცეცხლე ძალა, არც ის განუცხადებია თეთრ სახლს, თუ რომელ ტრიუმფალურ გამარჯვებას უკვდავჰყოფს „ტრამპის თაღი“… სამაგიეროდ ჩვენ ვიცით, რომ ბოლო დროს იგი სხვა არაფერზე აღარ ლაპარაკობს – მხოლოდ იმას გაიძახის, რომ „თაღი მინდაო“.
იმის თქმა, რომ დონალდ ტრამპმა ქვეყნის მართვას თავი დაანებაო, არსებული სიტუაციის მნიშვნელობის შემცირება იქნებოდა. ვინმე იფიქრებს, რომ ის ადრე ქვეყანას მართავდა და ახლა თავის მოვალეობას აღარ ასრულებს. თუმცა, ობიექტურობის პრინციპით, კაცმა რომ თქვას, თავდაპირველად პრეზიდენტს რაღაც გეგმები მართლაც ჰქონდა და ბევრი მათგანის რეალიზაცია მოახდინა, მაგალითად, შეამცირა გადასახადები, გამოაცხადა სავაჭრო ომი მთელ მსოფლიოსთან, განახორციელა იმიგრანტთა დეპორტირება, ილონ მასკის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და ჯანდაცვის სისტემის „გაწმენდა“. ფრაზა – „ტრამპს ომი აქვს…“ (უნივერსიტეტებთან, მეცნიერებთან, იურიდიულ ფირმებთან… შეგიძლიათ დაამატოთ) მასმედიისათვის ერთგვარი კლიშე გახდა. ჩვენს პრეზიდენტი სამიზნეების შერჩევაში ბრძენკაცია.
მაგრამ პრეზიდენტობის მეორე წელიწადში დონალდ ტრამპის შემეცნებასა და გონებაში სულ უფრო მეტად ძლიერდება აკვიტებული აზრი, რომ სიცოცხლეშივე ძეგლი უნდა დაიდგას. ვინც პრეზიდენტის ნარცისიზმი არ იცის, მისთვის ძნელი იქნება ჩასწვდეს დონალდ ტრამპის ჩანაფიქრს. რიჩარდ პეინტერი, რომელიც ჯორჯ ბუშ-უმცროსის დროს თეთრ სახლში ეთიკის საკიტხებზე იყო პასუხისმგებელი, ამბობს, რომ დონალდ ტრამპის იდეა საკუთარი თავისთვის „ტრიუმფალური თაღის“ დადგმის თაობაზე აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორებას ექვემდებარება, რომლის თანახმად, პრეზიდენტი გადაყენება შეიძლება არაქმეთუნარიანობის გამო, ვთქვათ, სიგიჟის გამოვლენის გამო. სხვათა შორის, იმის ალბათობა, რომ ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმს ვენსი თავისი შეფის წინააღმდეგ გამოყენებული 25-ე შესწორებით ისარგებლებს, ძალიან მცირეა – ეს იმის ტოლფასი იქნებოდა, რომ ტრამპმა ბუდიზმი აღიაროს.
და მაინც, დონალდ ტრამპი, როგორც ჩანს, სრულ გულგრილობას იჩენს თავისი პარტიის სავარაუდო დამარცხების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა თქვა, ფასებს დავწევო, მისმა მოქმედებამ ფასები უფრო გაზარდა. ამის მიზეზი გახდა კალეიდოსკოპიური სატარიფო განაკვეთები, ე.წ. „ეპიკურ მრისხნებად“ წოდებული ომი ირანთან და აშშ-ის ბიუჯეტის სწრაფად მზარდი დეფიციტი. დონალდ ტრამპი არაფერს არ ამბობს იმაზე, რომ სახელმწიფოს ვალმა გასულ თვეში ასტრონომიულ თანხას – 40 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც ორჯერ მეტია იმასთან შედარებით, რაც მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს იყო, 2017 წლიდან.
რაც სეეხება ხელოვნურ ინტელექტს, დონალდ ტრამპი მთელი ძალ-ღონით ცდილობს, რომ თავისი მოქმედებით ამომრჩევლებში შიში გააღვივოს. მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატების მსგავსად, რესპუბლიკელებიც შეშფოთებულები არიან „მონაცემთა ცენტრებით“ (Data centres ანუ ოფისებით, რომლებიც გამოიყენებიან კომპიუტერული სისტემებისა და დიდი რაოდენობით ციფრული ინფორმაციის შესანახად, დასამუშავებლად და გასავრცელებლად), დონალდ ტრამპმა გასულ თვეში განაცხადა – „მიეცით მონაცემებს ბატონობის უფლება“. მისი თქმით, აშშ-ის ის რეგიონები, რომლებიც უარს განაცხადებენ „მონაცემეთა ცენტრების“ შექმნაზე, თავიანთ თავს უბადრუკ ბედს უმზადებენ. საზოგადოების შეშფოთების პასუხად, რომ ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას საფრთხეს უმზადებს, მან თავის სოციალურ ქსელში გამოკითხვა ჩაატარა, შეიცვალოს თუ არა სიტყვა „ხელოვნური“ ტერმინით „უმაღლესი“ (Supreme). პრეზიდენტის აზრით, გამოთქმა „ხელოვნური ინტელექტი“ არასწორია, თუმცა დონალდ ტრამპის შეგონების მიუხედავად, „უმაღლესმა“ვერ გაიმარჯვა და მომხმარებლებმა უპირატესობა ალტერნატიულ ტერმინს „უკეთესს“ (superior) მიანიჭეს.
არის ნიშნები იმისა, რომ დონალდ ტრამპი შესაძლოა ნელ-ნელა აცნობიერებს ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებულ ნეგატიურ უკურეაქციას, რომელიც დიდწილად მისივე „MAGA“-ს მოკავშირეებისგან მომდინარეობს, მათ შორის სტივ ბენონისგან. შაბათს მან „ხელოვნური ინტელექტის ძალების“ შექმნისა და ამ სფეროს კურატორის („AI მეფის“) დანიშვნის გეგმები გამოაცხადა. თუმცა, იმავე განცხადებაში მან ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული შიშები „თაღლითობად“ მონათლა და პირობა დადო, რომ არანაირად არ შეაფერხებს და არ შეზღუდავს ამ სექტორის სწრაფ განვითარება-გაფართოებას. ასეთი მიდგომის პირობებში, ვის სჭირდება უკონტროლო გარემო? ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ე.წ. „მერყევი შტატების“ რესპუბლიკელი კანდიდატები არ ითხოვენ დონალდ ტრამპის ჩართვას საარჩევნო კამპანიაში.
ნებისმიერ სხვა პრეზიდენტს გამოთქმა „კოჭლი იხვი“ მოსვენებას არ მისცემდა, მაგრამ დონალდ ტრამპისათვის ამის გაგება ძნელია და არც აინტერესებს. იგი უფრო მეტ დროს ხარჯავს იმაზე, რომ ამერიკელებს თავის არქიტექტურულ გეგმებზე ელაპარაკოს, ვიდრე ირანზე, ხელოვნური ინტელექტის საფრთხეზე და ეკონომიკაზე. მოუგვარებელი პრობლემები მას ნაკლებად აინტერესებს, მაგრამ, სამაგიეროდ, უბრალო პროექტები მისთვის მიმზიდველია – მაგალიტად, თეთრი სახლის საბანკეტო-საცეკვაო დარბაზი… გასულ კვირას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეწყვეტს კენედის სახელობის ხელოვნების ცენტრის რემონტს, რადგანაც სასამართლომ ნება არ მისცა მას ცენტრისთვის სახელი გადაერქვა და თავისი სახელი ეწოდებინა.
ირანთან ომი ახლო მომავალში კარგს არაფერს არ მოიტანს. დონალდ ტრამპის კრიტიკოსებს უნდა ახსოვდეთ, 2029 წლამდე ტრამპს არანაირი პრობლემა არ ექნება. ვერ გავიხსენებს ვერცერთ მაგალითს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ასე კარგავდეს ინტერესს Tავისი საქმიანობის მიმართ, როცა მას ვადის დასრულებამდე კიდევ ორნახევარი წელი რჩება. ეს ეხება როგორც დონალდ ტრამპს, ასევე არანაკლებ ჯო ბაიდენსაც, რომლის მმართველობის პერიოდიც ასევე საკმაოდ უღიმღამო იყო. ეს ამერიკას მსოფლიოს წინაშე უჩვეულო სპექტრით წარმოაჩენს: მზარდი გლობალური არასტაბილურობის ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტი დაინტერესებული არ არის რაიმე მოიმოქმედოს მისი განმუხტვისათვის.