1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ვილი სანიოლი: ვფიქრობ, ჩვენი სათამაშო გეგმა სწორი იყო
ვილი სანიოლი: ვფიქრობ, ჩვენი სათამაშო გეგმა სწორი იყო

ვილი სანიოლი: ვფიქრობ, ჩვენი სათამაშო გეგმა სწორი იყო

0

ერთა ლიგის გათამაშების პირველ ტურში ჩრდილოეთ ირლანდიასთან სასტარტო მატჩის წაგების (0:1) შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა „დინამო არენაზე” პრესკონფერენცია გამართა.

“ვფიქრობ, ჩვენი სათამაშო გეგმა სწორი იყო. წამყვანი მოთამაშეების ნაწილს სრული 90 წუთის თამაში არ შეეძლო – მაგალითად, ჩაკვეტაძეს. პირველი ტაიმი ნორმალურად ვითამაშეთ, მეორე – უკეთ და მომენტების გამოყენების შემთხვევაში გამარჯვება ჩვენ დაგვრჩებოდა.

ხომ არ იყო შეცდომა სამმცველიანი ტაქტიკა? დიდი არჩევანი არ გვაქვს, ხვიჩა უკან იყო დახეული და შეტევებს სწრაფად ვერ ვიწყებდით. ეს რეალობაა. ახლა უკრაინასთან მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ.

შეიძლებოდა უკეთესი გადაწყვეტილებები მიმეღო? ცხადია, უკეთესი თამაში ყოველთვის შეიძლება. გვქონდა გარკვეული პრობლემები, სამივე ცენტრალურ მცველს კუნთის პრობლემა შეექმნა, რაც იშვიათი ამბავია. დაცვაში იძულებითმა შეცვლებმა შეტევაში რესურსი მოგვაკლო. შეცდომებს ყველა უშვებს და ალბათ, მეც არ ვარ გამონაკლისი.

რატომ არ დაარტყა პენალტი მიქაუტაძემ? ეს საკითხი ორიოდე დღის წინ გადაწყდა – ვინც თავს უფრო კომფორტულად გრძნობს კონკრეტულ მომენტში, იმან უნდა დაარტყას. ჩაკვეტაძე? ის ჩვენი ნაკრებისთვის დიდი ძალაა და მისი ჩანაცვლება მართლაც რთულია”, – განაცხადა მან.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე მომდევნო შეხვედრას 28 სექტემბერს კვლავ თბილისში გამართავს. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი უკრაინას უმასპინძლებს.