1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ტრამპის გამოსვლა გაეროში ბოდვითი და სახიფათო იყო: სამწუხაროა, რომ ესოდენ კრიტიკულ მომენტში აშშ-ს ასეთი პრეზიდენტი ჰყავს”-The Guardian
“ტრამპის გამოსვლა გაეროში ბოდვითი და სახიფათო იყო: სამწუხაროა, რომ ესოდენ კრიტიკულ მომენტში აშშ-ს ასეთი პრეზიდენტი ჰყავს”-The Guardian

“ტრამპის გამოსვლა გაეროში ბოდვითი და სახიფათო იყო: სამწუხაროა, რომ ესოდენ კრიტიკულ მომენტში აშშ-ს ასეთი პრეზიდენტი ჰყავს”-The Guardian

0

ბრიტანული გაზეთის „გარდიანის“ (The Guardian) 24 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “ტრამპის გამოსვლა გაეროში ბოდვითი და სახიფათო იყო: სამწუხაროა, რომ ესოდენ კრიტიკულ მომენტში აშშ-ს ასეთი პრეზიდენტი ჰყავს” (ავტორი – ქენეთ როთი, პოლიტიკური მიმომხილველი, იელის უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი). პუბლიკაციაში განხილული და კომენტირებულია აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე.


გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე თვალსაჩინო გაკვეთილი გამოდგა იმისა, თუ როგორ ამართლებს იგი თავის უკანონო მოქმედებას და თავის მოტყუების საოცარ უნარს ამჟღავნებს. აშშ-ის პრეზიდენტი იგნორირებს გაეროს წესდებას საერთაშორისო დავების მშვიდობიანად მოგვარების საქმეში და იმ ტრიბუნაზე გამოდის, რომელიც სწორედ ასეთი პრობლემების გადაჭრას ემსახურება.

ბევრისთვის ყველაზე ხმამაღალი განცხადება გამოდგა მისი ნათქვამი: „მე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მივიღო – დავდო თუ არა ირანთან ისეთი ხელშეკრულება, რომლის შემდეგ ქვეყანა აღორძინდება და ისეთივე დიდებული გახდება, როგორც ადრე იყო თუ ღირსია ირანი გავანადგურო, გავგზავნო ჯოჯოხეთში და მას არსებობის შანსი აღარ დავუტოვო?“. შესაძლოა, ეს იყო არა იმდენად რეალური მუქარა, რამდენადაც მცდელობა გავლენა მოახდინოს მოლაპარაკებაზე, რომლის მიმართ მას მცირე ბერკეტები აქვს. დონალდ ტრამპი გამალებული ეძებს რაღაც ისეთ ჟესტს, რომელიც მას სახეს შეუნარჩუნებს, „გამარჯვების“ სიმულირებას მოახდენს და როგორმე გამოვა ამ კატასტროფული ომიდან, რომელიც პირადად თვითონ გააჩაღა.

დონალდ ტრამპს არც კი დაუსაბუთებია თავისი მუქარები. მან კიდევ ერთხელ გამოაცხადა – „მე არასოდეს არ მივცემ ირანს იმის ნებას, რომ ბირთვულ იარაღს დაეუფლოს“, თუმცა ირანმა უკვე საკმაო ხნის წინათ დაადასტურა, რომ მას ბირთვული იარაღის დაუფლების მიზანი არ აქვს.

აშშ-ის ლიდერის მტკიცებით, წინანდელი პრეზიდენტები ირანის ბირთვულ საკითხს, უბრალოდ, იგნორირებდნენ. რამდენად სწორია მისი ნათქვამი? აქ უპრიანი იქნება გავიხსენოთ, რომ ბარაკ ობამამ გარიგება დადო თეირანთან და ირანის შესაძლებლობები შეზღუდა. დონალდ ტრამპმა კი უარესი შეცდომა ჩაიდინა – უპირატესობა მიანიჭა პრობლემის სამხედრო გზით გადაწყვეტას.

„როცა საქმე ირანს ეხება, მე უკვე კონგრესის შუალედურ არჩევნებზე აღარ ვფიქრობ“, – აცხადებს დონალდ ტრამპი, მაგრამ მისი არავის არ სჯერა. თუ რესპუბლიკელები არჩევნებში კატასტროფულ შედეგებს მიიღებენ, რასაც საზოგადოებრივი გამოკითხვები პროგნოზირებენ, პრეზიდენტმა კარგად იცის, რომ ასეთი შედეგი ნიშნავს უარს ირანთან ომზე, რომელმაც ინფლაციას ხელი შეუწყო.
აშშ-ის პრეზიდენტმა მსოფლიოში არსებულ სხვა პრობლემებზეც ილაპარაკა – ვენესუელაზე, რომელსაც პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გატაცებით და ნავთობის საბადოების ხელში ჩაგდებით ეკონომიკას ნათელი მომავალი უწინასწარმეტყველა, მაგრამ არაფერი უთქვამს ქვეყნის დემოკრატიულ პერსპექტივაზე. მან დადებითად შეაფასა გრენლანდიასთან დადებული შეთანხმება, მაგრამ არ უხსენებია თავისი ნატოელი პარტნიორი დანია, რომელსაც ტერიტორიის წართმევით ემუქრებოდა.

დონალდ ტრამპმა ხაზი გაუსვა თავის როლს მშვიდობისმყოფლობაში: კვლავ გაიმეორა ბევრჯერ ნათქვამი „რვა ომის მოგვარების“ თაობაზე, მაგრამ სინამდვილეში საქმე ძალიან რთულადაა. „მე შევწყვიტე ომი ღაზაში“, – ამაყად თქვა პრეზიდენტმა, მაგრამ ეს არ არის მტკიცე ცეცხლის შეწყვეტა, ისრაელი დროდადრო ისევ უტევს პალესტინელებს. სხვათ შორის, პრეზიდენტს სიტყვა „პალესტინა“ საერთოდ არ უხსენებია.

ტრამპი ამტკიცებდა, რომ ცდილობს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასაც, მაგრამ არაფერი უთქვამს ვლადიმერ პუტინისადმი შეთავაზებაზე, როცა მას უფრო მეტ ტერიტორიას უთმობდა, ვიდრე კრემლს ოკუპირებული ჰქონდა.

დონალდ ტრამპმა „მისტიფიკაცია“ უწოდა კლიმატის ცვლილებას (გლობალურ დათბობას), ყურადღება არ მიაქცია იმ უდიდეს რისკებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის – მისი თქმით, „სუპერინტელექტის“ – უკონტროლო განვითარება იწვევს და დასცინა მისი რეგულირების მცდელობებს – „გლობალისტების მოგონილია ეს ყველაფერიო“.

ბევრი, ალბათ, იტყვის, რომ დონალდ ტრამპი მხოლოდ ერთ საკითხში ლიდერობს – საკუთარი ქვეყნის შერცხვენაში. ძალიან სამწუხაროა და სახიფათოა, რომ ესოდენ კრიტიკულ მომენტში შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპია, რომელიც ძირითადად მხოლოდ საკუთარი თავის განდიდებაზე ფიქრობს, ილუზიების ტყვეობაშია და წესიერების ელემენტარულ ნორმებს არ იცავს. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მისი გამოსვლა სწორედ ასეთი ქცევის დემონსტრირებას წარმოადგენს.

წყარო: