1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „ბუნტი რუსეთის „უკანა ეზოში“ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ“ – Newsweek
„ბუნტი რუსეთის „უკანა ეზოში“ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ“ – Newsweek

„ბუნტი რუსეთის „უკანა ეზოში“ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ“ – Newsweek

651
0

ამერიკული ჟურნალი „ნიუსვიქი“ (Newsweek) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ბუნტი რუსეთის „უკანა ეზოში“ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ“ (ავტორი – დევიდ ბრენანი), რომელშიც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ვნებათაღელვაა განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოს – სტრატეგიულად მნიშვნელოვან სამხრეთკავკასიურ რეგიონში მდებარე სახელმწიფოს – საპროტესტო აქციები არყევს. მთავრობამ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისათვის მიუღებელი რუსული კანონის მსგავსი კანონპროექტის ინსპირირება განახორციელა და ეს ხდება იმ დროს, როცა პატარა შავიზღვისპირა ქვეყანა, რომელიც დიდ რუსეთს ესაზღვრება და პარალელურად ამბიციურად ცდილობს ევროკავშირისკენ გზის გაკვლევას.

მოსახლეობის ქუჩაში გამოსვლის მიზეზი გახდა კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლის მიხედვით, ის არასამთავრობო ორგანიზაციები და მასმედიის საშუალებები, რომლებიც საზღვარგარეთიდან თავიანთი ბიუჯეტის 20%-ზე მეტით ფინანსდებიან, „უცხოური გავლენის აგენტებად“ უნდა დარეგისტრირდნენ. თუ ასე არ გააკეთებენ, ისინი დაჯარიმდებიან. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეები შიშობენ, რომ თუ კანონპროექტი კანონად იქცევა, ქვეყანას ხელი შეეშლება ევროინტეგრაციის ისედაც რთულ პროცესში.

ოპოზიციაში ამ კანონპროექტს „პრორუსულს“ უწოდებენ, რადგან ანალოგიური სამართლებრივი აქტი რუსეთმაც მიიღო 2012 წელს, რომელსაც ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში კრემლი სხვაგვარად აზროვნების ჩასახშობად და დასათრგუნავად იყენებს.

საქართველოს მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც ბევრი მოსკოვთან დაკავშირებულ ძალად თვლის, ამ კანონპროექტის მიღება პირველად გასულ წელს – 2023 წლის გაზაფხულზე სცადა, მაგრამ იძულებული გახდა პარლამენტიდან უკან გაეტანა – მასობრივი პროტესტების გამო.

ახლაც, შარშანდელის მსგავსად, „უცხოელი აგენტების“ წინააღმდეგ მიმართულმა „პრორუსულმა“ კანონპროექტმა მოსახლეობაში ანტირუსული განწყობის ზრდა გამოიწვია. საქართველოში ბევრი ახალგაზრდა პროევროპულად არის ორიენტირებული და ამიტომ მოსკოვის ორბიტაზე დაბრუნების წინააღმდეგ გამოდიან. ისინი აპროტესტებენ კრემლის გავლენის გაძლიერებას – იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული მობილიზაციიდან თავის ასარიდებლად ათასობით რუსმა თავშესაფარი საქართველოში პოვა.

როგორც ნატალია საბანაძე – ბრიტანული „ჩეთემ-ჰაუსის“ ანალიტიკური ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი ევროკავშირში – „ნიუსვიქთან“ ინტერვიუში ამბობს, „ქართულმა ოცნებამ“ ზუსტად იცოდა, რომ პარლამენტში კანონპროექტის ხელახალი განხილვა საზოგადოებაში იმავენაირ პროტესტებს გამოიწვევდა, როგორიც 2023 წელს იყო: „ჩემთვის აშკარაა, რომ მმართველი პარტია მზად არის გარისკოს და ფიქრობს, რომ ვითარების გაკონტროლება შეუძლია. „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ [ევროპა] სხვა პრობლემებითაა დაკავებული, საქართველოსთვის არავის სცალია და ამიტომ სიტუაციის სათავისოდ გამოყენებას ცდილობს“], – ამბობს ნატალია საბანაძე.

ამასობაში კი კრემლი უარყოფს რაიმე კავშირს ქართულ კანონპროექტთან და აცხადებს, რომ ორი სამართლებრივი დოკუმენტის ერთმანეთთან შედარება „აბსურდულია“. თუმცა, თუ ქართულ კანონპროექტს და რუსულ კანონს ყურადღებით წავიკითხავთ, მათი მსგავსება საკმაოდ მკაფიოა.

როგორც ნატალია საბანაძე ამბობს, კანონპროექტის მიღება ნაკარნახევია რუსეთიდან და გამოწვეულია ვლადიმერ პუტინის შიშით „ფერადი რევოლუციების“ მიმართ. „ის სახელმწიფოები, რომლებიც მსგავს კანონებს იღებენ, ამას ერთი მიზეზით აკეთებენ – რეჟიმის დაცვის მიზნით სხვადასხვა საფრთხეებისაგან: სავარაუდო საპროტესტო აქციებისგან, დემონსტრაციებისგან, რომლის გამოც ხელისუფლების სტაბილურობა ეჭვქვეშ დგება. ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნებაც“ სწორედ ასე მოქმედებს“, – ამბობს „ჩეთემ-ჰაუსის“ თანამშრომელი..

ქართულ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ხელისუფლებას ქვეყნის შიგნით და გარეთ აკრიტიკებენ რუსეთთან სავარაუდო დაახლოების გამო, წინ მძიმე საპარლამენტო არჩევნები ელოდებათ, რომელიც ოქტომბერშია დაგეგმილი: როგორც რამდენიმე თვის წინ ჩატარებული გამოკითხვა მოწმობს, ქართველთა 42% ჯერ უპირატესობას ვერცერთ პოლიტიკურ ძალას ვერ აძლევენ და მხოლოდ 19% უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“.

ლიბერალური ოპოზიცია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო დაქსაქსული, არჩევნებში გამარჯვებისათვის იბრძოლებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები პირველად ჩატარდება მხოლოდ პროპორციული სისტემით, რაც საკმაო საფრთხეს უქმნის იმ სტატუს-ქვოს, რომლითაც „ქართული ოცნება“ პარლამენტში დომინირებს.
„ეს იქნება ყველაზე რთული არჩევნები „ქართული ოცნებისათვის“, – ამბობს ნატალია საბანაძე, – „მეოცნებეებს“ ხელისუფლების შენარჩუნება სურთ, თანაც ისე, რომ ძალაუფლების არავისთან გაყოფა არ სურთ“.

ნატალია საბანაძის თქმით, ის ქართველები, რომლებიც დღეს თბილისის ქუჩებში არიან გამოსულნი, კანონპროექტს მასშტაბური გეოპოლიტიკური ბრძოლის ნაწილად თვლიან: „საქმე ეხება რუსეთის გავლენის გავრცელებას და საქართველოს ევროპული ინტეგრაციისათვის ხელის შეშლას“, – აღნიშნავს ყოფილი ელჩი, – „ქართული კანონპროექტი რუსული კანონების კომპლექსის ნაწილს წარმოადგენს, რომელსაც, ერთობლიობაში, საქართველო მოსკოვთან იდეოლოგიური დაახლოებისაკენ მიჰყავს“.

„ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც „უცხოური აგენტების“ გარდა, ეხება „ლგბტ-საზოგადოების“ პროპაგანდის აკრძალვასაც, იმ ანალოგიურ ზომებს მოგვაგონებს, რომლებმაც რუსეთში ვლადიმერ პუტინის მმართველობა განამტკიცა. „საქართველოსა და რუსეთის მმართველი ძალები ერთმანეთთან სოლიდარობას გამოხატავენ და იდეოლოგიურად ერთ მხარეზე დგანან. ვლადიმერ პუტინს არც ჭირდება რაიმე მითითება მისცეს „ქართულ ოცნებას“, ისინი ხომ ერთნაირები არიან“.

ქართველი ევროფილების საკანონმდებლო მარცხი მტკივნეული დარტყმა იქნება საქართველოს დასავლელი მოკავშირეებისათვის. როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პავლე ჰერჩინსკიმ განაცხადა, აღნიშნული კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებთან და ფასეულობებთან, რაც ძირს გამოუთხრის ქვეყნის განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მსგავსი კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა, რომელმაც შეშფოთება გამოხატა კანონპროექტის განხილვის დაწყების გამო.

საქართველოს რეალობა ისეთია, რომ ქვეყანაში წესით მძლავრი ანტირუსული მოძრაობა უნდა არსებობდეს, რადგან ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული (აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონები), მაგრამ პარადოქსულია, რომ მმართველი პარტია მოსკოვის მიმართ კეთილგანწყობილია და ახლო კავშირები აქვს რუს ტრადიციულ პარტნიორებთან.

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომში დამამცირებელი დამარცხება და ამიტომ რუსეთს ბევრი ამრეზით უყურებს. 2023 წელს კი რუსული მიგრაციის დიდმა ტალღამ უკმაყოფილება გააძლიერა, მით უმეტეს, რომ რუსი მიგრანტების ჩამოსვლამ ცხოვრების დონე დააქვეითა, მოიმატა ფასებმა უძრავ ქონებაზე და ა.შ. ქართველები მხარს უჭერენ უკრაინას რუსეთთან ომში, კიევთან სოლიდარობის დონე მაღალია და ასობით ქართველი უკრაინაში მოხალისის სტატუსით ომობს.

 

წყარო