1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რა წერია საქართველოზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში
რა წერია საქართველოზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

რა წერია საქართველოზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

558
0

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2023 წლის განმავლობაში ქართველები გამოდიოდნენ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად.

„ასევე, გაიმართა საზოგადოების მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას. დეკემბერში ევროპულმა საბჭომ ხმა მისცა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და გასცა რეკომენდაცია, რომ შემდგომი პროგრესი მოხდეს ცხრა სფეროში, რაც მოიცავს დემოკრატიულ არჩევნებს, მართლმსაჯულების რეფორმასა და ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებას“, – აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში მიმოხილულია ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები სხვადასხვა მიმართულებით.

„ადამიანის უფლებების კუთხით სერიოზული პრობლემები მოიცავდა სანდო ინფორმაციას წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის, ასევე თვითნებური დაპატიმრების ან დაკავების შესახებ, ასევე სერიოზული პრობლემების თაობაზე სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, მათ შორის გამოძიებებისა და სასამართლო დევნის შესახებ, რომელიც ბევრს მიაჩნია პოლიტიკურად მოტივირებულად. აგრეთვე, გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვების შესახებ, მათ შორის, ცნობებს ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის ან ძალადობის მუქარის თაობაზე, შეკრების თავისუფლების უფლებაში არსებითი ჩარევის შესახებ, ცნობებს მთავრობაში სერიოზული კორუფციის შესახებ, ასევე დანაშაულებებს, რომლებიც დაკავშირებულია ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვიარ ან ინტერსექს პირებისა და აქტივისტების წინააღმდეგ ძალადობასა და მუქარას“, – ნათქვამია ანგარიშში.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მთავრობამ გადადგა ნაბიჯები ზოგიერთი ოფიციალური პირების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევის საქმეებზე გამოძიების ჩასატარებლად, თუმცა დაუსჯელობა კვლავ პრობლემად რჩებოდა.

„რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რჩებოდა ცენტრალური მთავრობის კონტროლს მიღმა, დე ფაქტო ხელისუფლება არის მხარდაჭერილი რუსეთის ძალების მიერ. ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები მოიცავს ცნობებს უკანონო მკვლელობების, თვითნებური დაკავებისა და დაპატიმრების შესახებ, ასევე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, განსაკუთრებით ეს ეხება ეთნიკურად ქართველებს, ასევე ეთნიკური ქართველების მიერ ქონებისა ფლობისა და ბიზნესის დარეგისტრირების უფლებისა და განათლების მშობლიურ ენაზე მიღების შეზღუდვას. რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლება აღნიშნულს ორივე რეგიონში დაუსჯელად სჩადიოდნენ“, – აღნიშნულია ანგარიშში.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებს შორის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიშში მოხვდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში თამაზ გინტურის მკვლელობის ფაქტი, ასევე 2023 წლის დეკემბერში რუსეთის მიერ ოკუპირებულ გალში დე ფაქტო პოლიციის ძალების მიერ საქართველოს მოქალაქე თემურ კარბაიას სასტიკად ცემის ფაქტი, რის შედეგადაც ის დაიღუპა. ანგარიშში წერია, რომ ამ მკვლელობებზე საქართველოს სახალხო დამცველმა პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დააკისრა და საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვა, გაზარდოს ჩართულობა, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევების პრევენცია მოხდეს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიშის იმ ნაწილში, სადაც საუბარია ადამიანების წამების, არაადამიანური თუ ღირსების შემლახველი მოპყრობის შემთხვევებზე, მოყვანილია საქართველოს სახალხო დამცველის 2022 წლის აპრილში გამოქვეყნებული ანგარიში, რომელშიც წერია, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის ოფისის მიერ სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიება 2022 წელს ეფექტური იყო, პროკურატურამ უარი თქვა სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე, როგორც ჩანს, მთავრობის წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი დანაშაულებების დაფარვის მცდელობის მიზნით.

ანგარიშის ამავე ნაწილში მოხვდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეც. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას, უზრუნველეყოთ სააკაშვილისთვის დროული და შესაბამისი მკურნალობა.

„2022 წლის დეკემბერში სახალხო დამცველმა გაავრცელა ცნობა, რომ სამედიცინო ექსპერტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა შეამოწმა სააკაშვილი და დაასკვნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა 2022 წლის აპრილის შემდეგ „მკვეთრად გაუარესდა“ და მისი მდგომარეობა მიიჩნიეს „მძიმედ“. სახალხო დამცველმა ასევე გამოაქვეყნა ცნობა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა გაიარა საქართველოში ხელმისაწვდომი ყველა მკურნალობა, მისი მდგომარეობა „სწრაფად გაუარესდა“. სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ სააკაშვილის საქმე შესაძლოა, არღვევდეს ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მესამე მუხლს, რომელიც არაადამიანურ მოპყრობას ეხება“, – წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე წერია, რომ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდე ის დაუსწრებლად გაასამართლეს და დამნაშავედ ცნეს სხვადასხვა დანაშაულებში, მათ შორის ძალაუფლების გადამეტებაში, რაც ეხება ყოფილ პარლამენტარზე ფიზიკური თავდასხმის ბრძანების გაცემას.

„სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ გრძელდება დამატებითი ბრალდებებით, რაც გამომდინარეობს იმ დანაშაულებიდან, რომელიც მან სავარაუდოდ ჩაიდინა ხელისუფლებაში ყოფნისას და ასევე მის მიერ 2021 წელს საზღვრის უკანონო გადაკვეთიდან. თავად სააკაშვილი ყველა ბრალდებას უარყოფს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებულს“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2023 წლის ანგარიშში ასევე საუბრობს საქართველოს ციხეებსა და დაკავების ცენტრებში არსებული პირობების შესახებ. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ზოგადად ციხეებისა და დაკავების დაწესებულებების მდგომარეობა ადეკვატური იყო, თუმცა ზოგიერთ ძველ დაწესებულებაში არ არის საკმარისი ვენტილაცია, ბუნებრივი განათება, სივრცე და ადეკვატური ჯანდაცვა. ანგარიშის მიხედვით, პრობლემად რჩება პატიმრების გრძელვადიანი იზოლაცია, მათი გადაყვანა დეესკალაციის ოთახებსა და ერთკაციან კამერებში, ასევე ძალადობა მსჯავრდებულებს შორის.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას ეხება, წერია, რომ „მთავრობა არ სცემდა პატივს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, როდესაც საქმე ეხებოდა პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეებს“.

„მოსამართლეები დაუცველები იყვნენ პოლიტიკური ზეწოლისგან როგორც სასამართლოს შიგნიდან, ისე გარედანაც, როდესაც საქმეები ეხებოდა პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხებს ან ინდივიდებს“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სასამართლო სისტემის გაუმჭვირვალობა ძირს უთხრის სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობას. „იყო სანდო ბრალდებები, რომ გავლენიანი „კლანის“ წევრები იყვნენ კორუმპირებულები. რამდენიმე გამომძიებელი ჟურნალისტის რეპორტაჟებში ხაზგასმულია სასამართლოში არსებული კორუფცია, რაც კერძოდ უკავშირდება მოსამართლეთა დაუსაბუთებელ შემოსავლებს“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის იმ ნაწილში, სადაც საუბარია პოლიტიკურ პატიმრებზე ან პოლიტიკური ნიშნით დაკავებულებზე, საუბარია საქართველოს პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებაზე და ნათქვამია, რომ მისი დაპატიმრება პოლიტიკურად მოტივირებულად იყო შეფასებული სახალხო დამცველის, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.

ანგარიშის მიხედვით, სახალხო დამცველი პოლიტიკურ ან სხვა უკანონო მოტივის მქონედ მიიჩნევს დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმესაც. ანგარიშის ამავე ნაწილში ნათქვამია, რომ ოპოზიციური პარტიები ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიიჩნევენ პოლიტიკურ პატიმრად.

დოკუმენტის იმ ნაწილში, სადაც საუბარია გამოხატვის თავისუფლებაზე, ნახსენებია ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მედიის უფლებადამცველები გამოთქვამდნენ შეშფოთებას, რომ თავდაცვის სამინისტროს დავა კეზერაშვილთან მიმართული იყო კრიტიკული ტელევიზიის ლიკვიდაციისკენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე მოხვდა 2023 წლის მარტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ინიცირებული კანონის წინააღმდეგ გამართული გამართული აქციებიც. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეს კანონი მკაცრად გააკრიტიკეს როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო საზოგადოებამაც. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ფართოდ გავრცელებული პროტესტის ფონზე, მმართველმა პარტიამ კანონი უკან გაიწვია.