1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „მარცხით გამარჯვება“: უკრაინამ რუსეთთან ომში ფინეთს უნდა მიბაძოს” – უცხოური პრესა
„მარცხით გამარჯვება“: უკრაინამ რუსეთთან ომში ფინეთს უნდა მიბაძოს” – უცხოური პრესა

„მარცხით გამარჯვება“: უკრაინამ რუსეთთან ომში ფინეთს უნდა მიბაძოს” – უცხოური პრესა

1.60K
0

აშშ-ის ანალიტიკური ცენტრის – „ქუინსის ინსტიტუტის“ ჟურნალ „რესპონსიბლ სთეითქრაფთში“ (Responsible Statecraft) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მარცხით გამარჯვება“: უკრაინამ რუსეთთან ომში ფინეთს უნდა მიბაძოს“ (ავტორები – ანატოლ ლივენი და ალექს ლიტლი). „ფინეთს დამოუკიდებლობა რომ შეენარჩუნებინა, ტერიტორიის მსხვერპლად შეწირვა მოუწია, სამაგიეროდ, სტალინთან ომის შემდეგ ქვეყანა აყვავდა და სიამაყე დაიბრუნა“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

რამდენადაც უკრაინის მიმართ საერთაშორისო სოლიდარობა და დახმარება თანდათან სუსტდება, ხოლო ვაშინგტონის პოლიტიკური ელიტა, ახლო აღმოსავლეთის კრიზისის გამო, კიევს შედარებით ნაკლებს ყურადღებას უთმობს, უკრაინას უკიდურესად ჭირდება „კვანძის გახსნა“ შექმნილ სიტუაციაში. გაისმის ხმები, რომ ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები თითქოსდა უკრაინელ კოლეგებთან ბჭობენ – გადადგან თუ არა ნაბიჯი რუსეთთან სავარაუდო სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვის მიზნით.

იბადება კითხვა: როგორი იქნება (უნდა იყოს) კიევსა და მოსკოვს შორის დადებული სამშვიდობო ხელშეკრულება? მრავალი ისტორიული მაგალითიდან თვალშისაცემია ერთ-ერთი, რომელიც შეიძლება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოდელად იქცეს.

საბჭოთა კავშირ-ფინეთის ომი, რომელსაც ფინეთში „ზამთრის ომს“ უწოდებენ, 1939 წლის ნოემბრიდან 1940 წლის მარტამდე მიმდინარეობდა (მეორე მსოფლიო ომის ჩარჩოებში განახლდა 1941 წლის ივნისში, დასრულდა 1944 წლის სექტემბერში). თუ „ზამთრის ომის“ დაწყება-დასრულების პროცესს დაკვირვებით გავეცნობით და მას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს შევადარებთ, მიმართებით გარკვეულ პარალელებს შევამჩნევთ.

მას შემდეგ, რაც ფინეთმა კრემლის ულტიმატუმი უარყო ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის დათმობის მოთხოვნით, ხოლო მოსკოვმა 1939 წელს ხელი მოაწერა მოლოტოვ-რიბენტროპის აქტს, იოსებ სტალინის ჯარები ფინეთში შეიჭრნენ, კანონიერი ხელისუფლების დამხობისა და მარიონეტული პროსაბჭოურ-[პრორუსული] მთავრობის შექმნის მიზნით და იმავდროულად, ლენინგრადისადმი საფრთხის აცილებისთვისაც, რომელიც იმ დროს საბჭოთა კავშირის მეორე მნიშვნელოვან ქალაქს და ბალტიის ზღვაზე ერთადერთ საბჭოთა ნავსადგურს წარმოადგენდა.

ისევე როგორც 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის საწყის ეტაპზე, 1939 წელსაც რუსი საბჭოთა გენერლები წინასწარმეტყველებდნენ, რომ ჰელსინკი საბჭოთა ჯარების ზეწოლით სამ დღეში კაპიტულაციას გამოაცხადებდა, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ჯარი ფინეთის ჯარს რაოდენობის მხრივ სამჯერ ჭარბობდა, ფინეთმა მაინც დიდი წინააღმდეგობა გაუწია მოსკოვს და მიაღწია იმას, რომ კრემლის არმიამ დიდი დანაკარგები განიცადა.

რასაკვირველია, საბოლოო ჯამში, ერთი მხრივ, ფინეთი, სამხედრო თვალსაზრისით, დამარცხდა და იძულებული გახდა მოსკოვისათვის თავისი ტერიტორიის 11% დაეთმო, მაგრამ, მეორე მხრივ, ფინელებმა მაინც მოიპოვეს მორალური გამარჯვება. ფართოდ არის გავრცელებული აზრი, რომ სწორედ ფინელთა თავგანწირულმა წინააღმდეგობამ დაარწმუნა იოსებ სტალინი, რომ ფინეთის მიერთება ან მარიონეტულ სახელმწიფოდ გადაქცევა მოსკოვს უფრო მეტ პრობლემას მოუტანს, ვიდრე სარგებელს. ამიტომაც 1944 წელს დადებული სამშვიდობო ხელშეკრულებით, ფინეთმა მტაცებელ მეზობელს პატარა მიწის ნაჭერი კიდევ „გადაუგდო“ და თავი ნეიტრალურ ქვეყნად გამოაცხადა. ამრიგად, ფინეთმა როგორც რუსეთის იმპერიის ყოფილმა ნაწილმა, თავიდან აიცილა საბჭოთა იმპერიის შემადგენლობაში დაბრუნება, ბალტიისპირეთისაგან განსხვავებით.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჰელსინკი თანმიმდევრულად ატარებდა ე.წ. „პაასიკივი-კეკონენის დოქტრინას“, რომელიც ემსახურებოდა დამოუკიდებელი ფინეთის არსებობას ნეიტრალური საგარეო პოლიტიკის შენარჩუნებით. იმავდროულად ფინური ნაციონალიზმი ქვეყნის შიგნით არ გამქრალა და მნიშვნელოვან იდეოლოგიურ და პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდა. საბჭოთა კავშირი ფინეთთან ხელმოწერილი შეთანხმების პირობებს იცავდა, ღრმავდებოდა ეკონომიკური ურთიერთობა, ვაჭრობა, რაც ხელს უწყობდა ცივი ომის პერიოდში ფინეთის ეკონომიკის აყვავებასა და დასავლური დემოკრატიის წარმატებით განვითარებას. „ცივი ომის’ დასრულების შემდეგ, 1995 წელს, ფინეთი ევროკავშირში გაერთიანდა, ახლახან კი ნატოშიც.

მართალია, ცივი ომის დროინდელ დასავლელ გეოპოლიტიკოსებს შორის ტერმინი „ფინეთიზაცია“ ნეგატიურად აღიქმებოდა (კომპრომისისა და „სიმშვიდის“ სინონიმად), საბოლოო ჯამში ასეთმა პოლიტიკამ დიპლომატიური ტრიუმფის სახე მიიღო. ფინეთში უკვე დიდი ხანია მსოფლიოში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ერთ-ერთ ყველაზე მაღალია ერთ სულ მოსახლეზე, ხოლო დემოკრატიის დონე – 100% (შედარება: „ფრიდომ ჰაუსის“ შეფასებით, აშშ-ში დემოკრატიის დონე მხოლოდ 83%-ს შეადგენს). ფინელები მრავალი წელია მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ხალხად ითვლებიან.

პირდაპირ ვთქვათ: კიევს შეუძლია მიბაძოს ჰელსინკს და ფინეთის მაგალითით ისარგებლოს. დიახ, ტერიტორიის დათმობა, თუნდაც ძალიან მტკივნეული, მაინც ღირს ისეთი მომავლის უზრუნველსაყოფად, როცა ქვეყნის უდიდესი, ძირითადი ნაწილი ეკონომიკურად აყვავდება და პოლიტიკურად განვითარდება. იმედი უნდა გვქონდეს, რომ უკრაინული ნაციონალიზმი შენარჩუნდება და უკრაინელთა შემართება დაარწმუნებს ვლადიმერ პუტინს, იოსებ სტალინის მსგავსად, რომ კრემლის მიზნების რეალიზება ილუზიურია, უკრაინა არასოდეს არ გახდება რუსეთის სატელიტი სახელმწიფო. ეს იქნება უკრაინის ყველაზე დიდი გამარჯვება – არამარტო რუსეთის დღევანდელ მიზნებზე, არამედ მთლიანად, ბოლო სამი საუკუნის განმავლობაში, როცა კიევზე მოსკოვი ბატონობდა.

როგორი მდგომარეობაა დღეს?

ერთი მხრივ, უკრაინის მთავრობა მტკიცედ არის ერთგული თავისი მაქსიმალისტური მიზნებისადმი: კიევს სურს, რომ მთლიანად დაიბრუნოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორია 1991 წლის საზღვრებით, რუსეთის მიერ 2014 წელს ანექსირებული ყირიმის ჩათვლით. მაგრამ ბრძოლის ველზე შექმნილი რეალური სიტუაცია იმაზე მეტყველებს, რომ კიევის გეგმების განხორციელება ძალიან საეჭვოა. შესაბამისად, ყველაზე უკეთესი, რისი იმედიც უკრაინას უნდა ჰქონდეს, ფრონტის ხაზის ამჟამინდელი მდგომარეობის დროს, ეს არის კონფლიქტის გაყინვა.

მეორე მხრივ, თუ საომარი მოქმედებები გაგრძელდება იმ პირობებში, როცა რუსეთს დიდი უპირატესობა როგორც ცოცხალი ძალის, ასევე შეიარაღებისა და ტექნიკის მხრივ, როცა დასავლური სანქციები კრემლის მიმართ ნაკლებეფექტურია, უკრაინას წინ კიდევ უფრო მეტი მტკივნეული დანაკარგები და ნგრევა ელოდება. კიევმა უნდა გაითვალისწინოს: ფინეთს რომ დროულად არ შეეჩერებინა მოსკოვთან ომი, დღევანდელ წარმატებულ მდგომარეობაში არ იქნებოდა.

რა თქმა უნდა, ამ საკითხში ვაშინგტონს თავისი წვლილის შეტანა შეუძლია – ამერიკამ არ უნდა წააქეზოს და ხელი არ უნდა შეუწყოს ისეთი არარეალური სამხედრო მიზნების განხორციელებას, რომლებიც, დიდი ალბათობით, უკრაინას კატასტროფამდე მიიყვანს.

უკრაინამ, ბევრი თვალსაზრისით, მნიშვნელოვან წარმატებას უკვე მიაღწია: ვლადიმერ პუტინს აღარ აქვს იმის იმედი, რომ უკრაინას მთლიანად დაიმორჩილებს და ვასალურ ქვეყნად გადააქცევს. კიევი სწრაფად ინტეგრირდება დასავლეთთან. კრემლის პოლიტიკის გამოისობით, უკრაინული ნაციონალიზმი კი არ სუსტდება (რაც მოსკოვს უნდოდა), არამედ უფრო ძლიერდება.

ისევე როგორც ფინეთის შემთხვევაში, ეროვნული ერთიანობა უკრაინის დამოუკიდებლობისათვის ყველაზე მტკიცე და საიმედო ფაქტორს წარმოადგენს.

წყარო