პირდაპირ გეტყვით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი უწყებაა, რომელიც აბსოლუტურად გამჭირვალედ ფუნქციონირებს, იღებს გადაწყვეტილებებს და აკეთებს საქმეს – კალაძე
ჩემი მთავარი პასუხი კორუფციაზე მხოლოდ სიტყვები კი არა, კონკრეტული განხორციელებული პროექტებია, ჩვენი საქმე და შედეგებია, რასაც თბილისელები ყოველდღიურად ხედავენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემა „დებატებში“ განაცხადა.
მან ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ წლებია კონკრეტული ოპოზიციური პარტიები საუბრობენ მუნიციპალიტეტში შესაძლო კორუფციაზე, თუმცა ამ დრომდე, ამის არც ერთი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი.
„ზოგადად, ყველაზე მარტივი პოლიტიკა ბრალდებების გაჟღერებაა. არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ხშირად აჟღერებენ მსგავსი ტიპის განცხადებებს. 9 წლის განმავლობაში ვისმენთ მხოლოდ ბრალდებებს და არა ფაქტებს, მტკიცებულებებს. ჩემთვის მთავარი პასუხია არა სიტყვები, არამედ კონკრეტული განხორციელებული პროექტები, ის საქმე და შედეგებია, რასაც თბილისელები ყოველდღიურად ხედავენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მიუხედავად ცილისწამებისა, დედაქალაქის მერია წლებია რჩება ქვეყანაში ერთ-ერთ უწყებად, რომელიც გამჭირვალედ მუშაობს.
„სანამ დედაქალქის მერი გავხდებოდი, მანამდეც იყო მსგავსი ტიპის შემოტევები, მანამდეც საუბრობდნენ სხვადასხვა მოგონილ საკითხებზე, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე. პირდაპირ გეტყვით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი უწყებაა, რომელიც აბსოლუტურად გამჭირვალედ ფუნქციონირებს, იღებს გადაწყვეტილებებს და აკეთებს საქმეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.