საქართველოს საგარეო უწყება – საქართველოს ელჩს გერმანიის პრეზიდენტისათვის ამ დრომდე არ გადაუცია რწმუნებათა სიგელები, ქართულ მხარეს გერმანული მხარისგან ოფიციალური განმარტება არ მიუღია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ალექსანდრე კარტოზია 2025 წლის პირველ ოქტომბერს დაინიშნა, გერმანიის მხრიდან 2025 წლის 10 სექტემბერს გაცემული აგრემანის საფუძველზე.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რწმუნებათა სიგელები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის ამ დრომდე არ გადაუცია, თუმცა რწმუნებათა სიგელების ასლები გერმანიის ფედერალურ საგარეო უწყებას 2025 წლის 17 დეკემბერს ჩაბარდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ქართულ მხარეს გერმანული მხარისგან ოფიციალური განმარტება არ მიუღია.
„როგორც ჩვენთვის ცნობილია, 2025 წლის პირველი ოქტომბრიდან დღემდე გერმანიის პრეზიდენტმა ლიბანის, ბაჰრეინის, ეკვადორის, განას, კანადის, ნიგერიის, ინდონეზიის, კომორის კუნძულების კავშირის, ფილიპინების, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, ახალი ზელანდიის, მონღოლეთის ახლად დანიშნული ელჩებისგან მიიღო რწმუნებათა სიგელები. ქართულ მხარეს ოფიციალური განმარტება გერმანული მხარისგან არ მიუღია. გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე ასევე არ განახლებულა ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ, მიუხედავად ქართული მხარის მიერ არაერთგზის განხორციელებული ოფიციალური შეტყობინებისა. ქართული მხარისთვის სრულიად გაუგებარია გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების არათანმიმდევრული მიდგომები ქართულ სახელმწიფოსთან“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.