მაღალი სიცხის გამო ევროკომისიის შტაბ-ბინაში კონდიცირების სისტემა გადაიტვირთა და გაითიშა -Politico
მაღალი სიცხის გამო ევროკომისიის შტაბ-ბინაში კონდიცირების სისტემა გადაიტვირთა და გაითიშა. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, თანამშრომლებს ტექსტური შეტყობინებით ამცნეს, რომ ბერლემონის შენობის პირველიდან მე-7 სართულამდე გაგრილება დღის ბოლომდე შეწყდებოდა.
გამოცემის ინფორმაციით, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ევროკომისრების ოფისები მე-8 სართულიდან ზემოთ მდებარეობს, სადაც კონდიციონერი კვლავ მუშაობდა. მათ შორის, შტაბ-ბინის მე-13 სართულზე ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის სამუშაო კაბინეტია. ამან კი ქვედა სართულების თანამშრომლებში უკმაყოფილება გამოიწვია.
„შუა საუკუნეების ფეოდალიზმია“, – განუცხადა ერთ-ერთმა მათგანმა პოლიტიკოს.
ბელგიასა და ევროპის დიდი ნაწილში უკვე ერთი კვირაა მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. ბელგიაში მატარებლების მეხუთედი გაგრილების გარეშეა, რის გამოც სარკინიგზო კომპანიამ პიკის საათებში ნაწილი რეისი გააუქმა.
მიმდინარე კვირაში ელექტროენერგია გაითიშა ევროპარლამენტშიც, გაგრილების სისტემის გადატვირთვის გამო.