“მე ევროპის ისეთ ახალ პოპულარულ ადგილს ვეწვიე, რომელიც ავსტრალიელებს ჯერ არ უნახავთ: კავკასიის პატარა ქვეყანა მსოფლიოს მოგზაურებზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ახდენს”-The Armidale Express
ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსის შტატის გაზეთ „არმიდეილ ექსპრესში“ (The Armidale Express) გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით” „მე ევროპის ისეთ ახალ პოპულარულ ადგილს ვეწვიე, რომელიც ავსტრალიელებს ჯერ არ უნახავთ: კავკასიის პატარა ქვეყანა მსოფლიოს მოგზაურებზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ახდენს“ (ავტორი – მაიკლ ტერტლი).
პუბლიკაციაში გადმოცემულია ავსტრალიელი ტურისტის საოცრად პოზიტიური განწყობა საქართველოში მოგზაურობის შემდეგ.
გთავაზობთ სტატიის მოკლე შინაარსს:
„როგორც კი საქართველოს საზღვარი გადავკვეთეთ, ჩვენმა ქართველმა გიდმა სოფომ თავისი ქვეყნის ღირსშესანიშნაობების ჩამოთვლა დაიწყო: საქართველოში მდებარეობს ევროპის ყველაზე მაღალი მთა, საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა, ქართული ანბანი ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში, საქართველოში ნაპოვნია პირველყოფილ ადამიანთა ერთ-ერთი უძველესი ნაშთი… საქართველო ღვინის უძველესი სამშობლოა…
ერთი დღით ადრე კი, როცა აზერბაიჯანში ვიმყოფებოდით, იქაურმა გიდმა გვითხრა, რომ ქართველების მტკიცებით, ისინი პირველები და საუკეთესონი არიან ყველაფერშიო. მე ეს უბრალოდ მეზობლური ხუმრობა მეგონა, მაგრამ სოფო არ ჩერდება და კიდევ აგრძელებს ღირსშესანიშნაობების ჩამოთვლას… ნუთუ მართლაც ასეა?
საქართველოს სიმდიდრემ ლეგენდარული ბერძენი იაზონი კოლხეთში – ქვეყნის დასავლეთ მხარეში – ჩამოიყვანა ოქროს საწმისის დასაუფლებლად. „ჯორჯია“ საქართველოს ბერძნებმა უწოდეს, რაც „მიწათმოქმედი ხალხის ქვეყანას“ ნიშნავს. აქ იმდენი ჯიშის ვაზია, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანას შეშურდება. აქ დაირწა ღვინის აკვანი“, – წერს ავტორი სტატიაში.
„ვაზი და ღვინო… აი, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არის განთქმული მსოფლიოში ევროპისა და აზიის საზღვარზე მდებარე საქართველო. მე დავუჯერე კომპანია Bunnik Tours-ს და კავკასიურ ქვეყანას ვეწვიე – ახალ პოპულარულ ტურისტულ მიმართულებას“, – აღნიშნავს მაიკლ ტერტლი.
ავსტრალიელი ტურისტები იყვნენ ღვინის მარანში „ხარება“, დააჭაშნიკეს ღვინო და მოისმინეს „ღვთიური ქართული სასმელის“ დამზადების წესი. საინტერესოა, რომ „ხარება’ ფლობს მთაში გამოკვეთილ 8-კილომეტრიან გვირაბს, სადაც 35 ათასი ბოთლი ღვინო მუდმივ ტემპერატურაზე ინახება.
„საქართველო ღვინის სამშობლოა, ჩვენთან ღვინის დაყენება 8 ათასი წლის წინ დაიწყეს, თუმცა აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ მე-19 საუკუნემდე ჩვენ არ შეგვეძლო მეღვინეობის კომერციალიზაცია. ადამიანი, რომელმაც ქართული ღვინის მრეწველობის ევროპული სტილით გარდაქმნა პირველად დაიწყო, თავადი ალექსანდრე ჭავჭავაძეა, წინანდლიდან“, – გვიყვება გიდი.
ავტორი სტატიაში ვრცლად აღწერს თბილისის ღირშშესანიშნაობებს, ერთმანეთს ადარებს ძველ და ახალ თბილისს, რუსთაველის გამზირზე სეირნობის შთაბეჭდილებებს. საინტერესოა, რომ კომპანია Bunnik Tours-მა მოაწყო ტურისტების შეხვედრა ქართველ პოლიტიკოსთან ალექსი პეტრიაშვილთან, რომელსაც დიდი ხნის წინ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის პოსტი ჰქონდა დაკავებული და რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება აკრიტიკებს. „ალექსი საუბრობს საქართველოს თანამედროვე პრობლემებზე და ამბობს, რომ სირთულეების მიუხედავად, ქართველი ხალხი სტუმართმოყვარედ რჩება. „იოსებ სტალინის სიკვდილის შემდეგ, საბჭოური რეპრესიული მანქანის წნეხის ქვეშაც კი ქართველებმა ტრადიციები არ დაივიწყეს“.
როგორ მოხდა, რომ ქართველები ჯერ კიდევ პატივს სცემენ იოსებ სტალინს? როგორ მოხდა, რომ გორელი ღარიბი ხარაზის ბიჭი იოსები უძლიერესი ქვეყნის ლიდერი გახდა? პასუხი ამ კითხვებზე გორის მუზეუმის დათვალიერების შემდეგ მივიღეთ. ქართველთა ნაწილი ამაყობს თავისი თანამემამულით, რომელიც მე-20 საუკუნეში მსოფლიოს ერთ-ერთი გავლენიანი პოლიტიკოსი გახდა. წყალტუბო არის „ნაშთი ძველი დიდებისა“ – სტალინის მმართველობის პერიოდისა, მიტოვებული მონუმენტური სანატორიუმებით. ადრე აქ გავლენიანი საბჭოთა ლიდერები ჩამოდიოდნენ დასასვენებლად, ახლა კი ნახევრად დანგრეულია.
ავტორი აღფრთოვანებულია საქართველოს სამხედრო გზით, ყაზბეგით, გერგეტის სამების ეკლესიით… „საქართველოს ისტორია მდიდარია ნათელი და გმირული მოვლენებით. ზოგიერთი რამ ზღაპრულია, მაგრამ ბევრი რამ რეალურია და პატივისცემას იმსახურებს. საქართველო საოცარი პეიზაჟების ქვეყანაა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებს იწვევს. მოდით, ავწიოთ ბოკალი და საქართველო, ქართველები ვადღეგრძელოთ“, – ასე მთავრდება ავსტრალიურ გაზეთში გამოქვეყნებული სტატია.