1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ირაკლი კობახიძე – „თვალთხარიას“ იმიჯი არ მოსწონთ და აცხადებენ, თითქოს მას არ გაუცია ბრძანება სროლასთან დაკავშირებით, შეიძლება მისაღებია, უთავმოყვარეო ერქვას, მძიმე დილემის წინაშე არიან
ირაკლი კობახიძე – „თვალთხარიას“ იმიჯი არ მოსწონთ და აცხადებენ, თითქოს მას არ გაუცია ბრძანება სროლასთან დაკავშირებით, შეიძლება მისაღებია, უთავმოყვარეო ერქვას, მძიმე დილემის წინაშე არიან

ირაკლი კობახიძე – „თვალთხარიას“ იმიჯი არ მოსწონთ და აცხადებენ, თითქოს მას არ გაუცია ბრძანება სროლასთან დაკავშირებით, შეიძლება მისაღებია, უთავმოყვარეო ერქვას, მძიმე დილემის წინაშე არიან

0

„თვალთხარიას“ იმიჯი არ მოსწონთ და აცხადებენ, თითქოს მას არ გაუცია ბრძანება სროლასთან დაკავშირებით. წარმოიდგინეთ, ამტკიცებენ, რომ ვიღაცამ მისი გვერდის ავლით გასცა სროლის ბრძანება და როგორც ჩვარს, ჟარგონზე რომ ვთქვათ, ისე მოექცა შინაგან საქმეთა მინისტრს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი მძიმე დილემის წინაშე არიან.

„არ მინდა, ბევრი ვისაუბრო ამ აგენტურის თავმჯდომარეზე, მაგრამ კიდევ ერთხელ უბრალოდ ფაქტებით რომ გავიხსენოთ, რას ამტკიცებენ ეს ადამიანები. არ მოსწონთ „თვალთხარიას“ იმიჯი და აცხადებენ, თითქოს მას არ გაუცია ბრძანება სროლასთან დაკავშირებით. წარმოიდგინეთ, ამტკიცებენ, რომ ვიღაცამ მისი გვერდის ავლით გასცა სროლის ბრძანება და როგორც ჩვარს, ჟარგონზე რომ ვთქვათ, ისე მოექცა შინაგან საქმეთა მინისტრს და ამის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი იმდენად უთავმოყვარეო იყო, რომ გადაწყვიტა მინისტრის პოზიციაზე დარჩენა. თავზე გადაახტნენ, მოექცნენ როგორც არაფერს, მის მაგივრად გასცეს ბრძანება სროლის თაობაზე და ამის შემდეგ, როგორც უთავმოყვარეო კაცი, ის დარჩა თანამდებობაზე. გასაგებია, მათთვის შეიძლება უფრო მისაღებია, რომ „თვალთხარიას“ მაგივრად ერქვას უთავმოყვარეო. მათი არჩევანია, თუმცა წარმოიდგინეთ, რა მძიმე დილემის წინაშე არიან, საკუთარ თავმჯდომარეზე უწევთ ამის მტკიცება, რომ „თვალთხარია“ კი არა – უთავმოყვარეოა. საზოგადოება ამასთან დაკავშირებით იმსჯელებს და დასკვნებს გამოიტანს. ასევე ფაქტებით დავუმტკიცეთ გავრილოვთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება ამ საკითხზე ერთობლივად იყო მიღებული. გამორიცხულია, როდესაც საქმე ეხება არა მხოლოდ რუსეთის, უცხო ქვეყნის პარლამენტის წევრს, შინაგან საქმეთა მინისტრის გარეშე შემოვიდეს პირი საზღვარზე. ეს მან ძალიან კარგად იცოდა. ეს არის ფაქტების კონსტატაცია, თუმცა აქაც კი სწყინთ და მაინც ცდილობენ, რაღაცნაირად სხვანაირად წარმოაჩინონ მოვლენები“, – აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერის განცხადებთ, როდესაც ადამიანი ხელს მოაწერს ჯაშუშობის ხელშეკრულებას, იქვე მთავრდება ქვეყნის შვილობა.

„დღეს ანგარიშში საუბარი მქონდა უამრავ საკითხზე. ელემენტარულად ამ ქვეყნის შვილი ხომ გქვია, ფორმალურად მაინც, არ უნდა გაინტერესებდეს, რა ხდება ინფრასტრუქტურაში, ეკონომიკაში, სოფლის მეურნეობაში? არანაირი კითხვა, არანაირი ჩაღრმავება, არაფერი. რატომ? ისინი საერთოდ ვერ აღიქვამენ საკუთარ თავს ამ ქვეყნის შვილებად. როგორც კი ხელს მოაწერ ჯაშუშობის ხელშეკრულებას, იქვე მთავრდება შენი ქვეყნის შვილობა. იქ უკვე გამორიცხულია, რაიმე გაინტერესებდეს. პირიქით, ასეთ ადამიანებს არ უხარიათ სპორტული წარმატება, წარმატება კულტურის სფეროში, ეკონომიკური წარმატება, ეს წყინთ. ასეთია აგენტის და ჯაშუშის ბედი, რისი მაგალითებიც არიან ამ კონკრეტული ფრაქციის წარმომადგენლები. ამათი თავმჯდომარე გაქცეულია გერმანიაში და მართლა ტრაგიკულია, გერმანიიდან რომ გავალებენ უზრდელობას და შენ ასრულებ. გერმანიიდან გაუზრდელებს ერთი თავად უზრდელი კაცი, გაუზრდელი კაცი. რა თქმა უნდა, ძალიან ტრაგიკული მოვლენაა და ამას საზოგადოება ხედავს. მე ერთი „ტყუილი“ რაც ვთქვი, იყო ის, რომ მათ შედეგი გაუნახევრდათ ერთ წელიწადში. აღმოჩნდა ტყუილი, სინამდვილეში, სამჯერ და მეტჯერ აქვთ შემცირებული შედეგი. მათ 2024 წლის არჩევნებში მიიღეს 161 521 ხმა და უკვე ერთ წელიწადში, როდესაც ოპოზიციაში კონკურენტი თითქმის აღარ ჰყავდათ და მეტი უნდა აეღოთ, 49 820 ხმა მიიღეს. ხალხი ძალიან კარგად არჩევს აგენტურას და ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც კობახიძემ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს მიმართა, 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენება მათი თავმჯდომარის სირცხვილია.

„20 ივნისს იყო შტურმი პარლამენტის შენობაზე. ზუსტად იმის ანალოგიური, რაც ჩვენ გამოვიარეთ 2023 წელს, 2024 წელს ორჯერ და 2025-ში. ზუსტად იდენტური შტურმი იყო ოთხ შემთხვევაში. არც ერთ შემთხვევაში საჭირო არ გამხდარა რეზინის ტყვიების გამოყენება, თან იმ ფორმით, რომ თვალები დაეკარგათ ადამიანებს. ეს ყველაფერი არის თქვენი თავმჯდომარის და მთლიანად თქვენი პარტიის სირცხვილი. თქვენ რომ ამტკიცებთ, გახარიას მიღმა ვიღაცამ გასცა ბრძანებაო, ნახეთ, თქვენი სამარცხვინო ლოგიკა. თქვენ ახლა ამტკიცებთ, რომ იმდენად უთავმოყვარეო თავმჯდომარე გყავთ და იმდენად უთავმოყვარეოები ხართ, რომ კაცი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, თავზე გადაახტნენ, ისე გასცეს მის მიღმა თვალების დათხრის ბრძანება და ამის შემდეგ ეს კაცი დარჩა ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრად და შემდეგ გახდა პრემიერი? ასეთი უთავმოყვარეო თავმჯდომარე თუ გყავთ, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ. რეალობა ის არის, რომ, რა თქმა უნდა, ბრძანება გაიცა ისე, როგორც გაიცემა შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან. თქვენ ამტკიცებთ, რომ იმდენად უთავმოყვარეო თავმჯდომარე გყავთ, მის მიღმა ვიღაცამ გასცა ბრძანება და ამის მიუხედავად, ის დარჩა შინაგან საქმეთა მინისტრად. რა გამაჩერებს ერთი დღე? მე რომ ვიყო შინაგან საქმეთა მინისტრი და ჩემი გვერდის ავლით ვიღაცამ დათხაროს ადამიანებს თვალები, ერთი დღე რა გამაჩერებს შინაგან საქმეთა მინისტრად და შემდეგ რა გამაჩერებს პრემიერად? თქვენ ამტკიცებთ, რომ თვალები კი არ დათხარა, უთავმოყვარეო თავმჯდომარე გვყავსო და შეინახეთ თქვენთან ეგ უთავმოყვარეო თავმჯდომარე. ეს არის მარტივი ლოგიკა, რაც ფაქტებით დასტურდება. თქვენ ამტკიცებთ, რომ გახარია თვალთხარია კი არ არის, რასაც მაშინ ბანერით ამტკიცებდით, არამედ უთავმოყვარეოა. რა მნიშვნელობა აქვს, თვალთხარიაა თუ უთავმოყვარეო, ასეც და ისეც სამარცხვინოა თქვენი თავმჯდომარე. ფაქტებით დაგიდასტურეთ, რომ თქვენი თავმჯდომარე არის ან თვალთხარია ან უთავმოყვარეო. თქვენ ამტკიცებთ, რომ უთავმოყვარეოა. არის სხვა ვერსია, რომ არის თვალთხარია და დანარჩენი ხალხმა იმსჯელოს. ამ ადამიანების მზე და მთვარე ამოდის ერთ ადამიანზე, გერმანიაში სამარცხვინოდ გაქცეულ ყოფილ თანამდებობის პირზე, რომელმაც საკუთარ ცხენს გაასწრო საქართველოდან, როგორც პიპინია ერისთავი იტყოდა. ასეთი რა ვალი გაქვთ, დღემდე ვერ გავიგე, თქვენი საქმეა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე უპასუხა დეპუტატ შალვა კერესელიძის კითხვას ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ჩორჩანა არის ტერიტორია, სადაც საოკუპაციო ძალა საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის მიღმა კილომეტრებით შემოიჭრა.

„ჩორჩანა არ არის სათქვენო თემა, რაც ნაკლებად ახსენებთ, მით უკეთესი. ერთადერთი შემთხვევა, სადაც კილომეტრებით შემოიჭრა საოკუპაციო ძალა საქართველოს ტერიტორიაზე იმ ე.წ. საზღვრის მიღმა. ფაქტია ეს. წადით და ნახეთ, მიხვალთ თუ არა იმ ე.წ. საზღვრამდე. სირცხვილია, კილომეტრებით არის შემოჭრილი საოკუპაციო ძალა საქართველოს სიღრმეში იმ ე.წ. საზღვრიდან, რომელიც თავის დროზე იყო გავლებული. ამიტომ, ჩორჩანა არ არის სათქვენო თემა, ეს იყო ღალატი, რომელიც ჩაიდინა თქვენმა თავმჯდომარემ“, – მიმართა პრემიერმა გახარიას პარტიის წარმომადგენლებს.