თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს ტელეფონით ესაუბრა.
თურქული დიპლომატიური წყაროების ცნობით, მხარეებმა ბათუმში გამართული საფეხბურთო მატჩის დროს განვითარებული მოვლენები და თურქეთის მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხი განიხილეს.
სატელეფონო საუბარი მას შემდეგ შედგა, რაც ბათუმის სტადიონზე, უეფა-ს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე (თურქულ „ბეშიქთაშსა" და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას" შორის) ვითარება დაიძაბა. ტრიბუნებზე პალესტინის მხარდამჭერი დროშებისა და ბანერების გამოფენას სამართალდამცველების მხრიდან ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოჰყვა, რის გამოც შეხვედრა დროებით შეჩერდა.
თურქეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, თბილისში თურქეთის საელჩოსა და ბათუმის გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან და „ბეშიქთაშის" გულშემატკივრების მდგომარეობასა და მათი უფლებების დაცვას პირადად აკონტროლებენ.
ბათუმში თურქული „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩის გამო სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზება იყო. გავრცელებული ცნობებით, თურქული „ბეშიქთაშის“ ქომაგები არ დაემორჩილნენ წესრიგის დაცვისკენ სამართალდამცველთა მოწოდებებს. ინციდენტებს ადგილი ჰქონდა თამაშის დაწყებამდე, რაც შემდეგ სტადიონზეც გაგრძელდა.
