1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ირაკლი კობახიძე ბერლინში: “უცხოური აგენტობით” დაჩრდილული ვიზიტი”-Deutsche Welle
“ირაკლი კობახიძე ბერლინში: “უცხოური აგენტობით” დაჩრდილული ვიზიტი”-Deutsche Welle

“ირაკლი კობახიძე ბერლინში: “უცხოური აგენტობით” დაჩრდილული ვიზიტი”-Deutsche Welle

251
0

„ქართული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გერმანიასა და საქართველოს ურთიერთობაში დაბრკოლების ლოდი და ორი ქვეყნის მთავრობისათვის მწვავე დავის საგანი გახდა“, – ნათქვამია გერმანული სამაუწყებლო კომპანიის „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „ირაკლი კობახიძე ბერლინში: „უცხოური აგენტობით“ დაჩრდილული ვიზიტი“ (ავტორი – ნიკიტა ჟოლკვერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 12 აპრილს, ბერლინში ყოფნისას მოასწრო და გერმანიის ყველა ხელმძღვანელს შეხვდა – ფედერალურ პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, კანცლერ ოლაფ შოლცს და ბუნდესტაგის სპიკერს ბერბელ ბასს.

ქართველი სტუმარი, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრად თებერვალში დაინიშნა, მართალია, სამხედრო პატივით იქნა მიღებული, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვით იმას, რომ ირაკლი კობახიძეს ბერლინი ძალიან ხელგაშლით და სიხარულით შეხვდა. ჯერ კიდევ მის ჩასვლამდე გერმანიის მთავრობის წარმომადგენლები და ბუნდესტაგის ზოგიერთი წევრი თავის კრიტიკულ დამოკიდებულებას არ მალავდა საქართველოს მმართველი პარტიის შიდაპოლიტიკური ინიციატივების მიმართ.

საქართველოს ევროპული პერსპექტივა რისკის ქვეშ

ვიზიტამდე რამდენიმე დღის წინ გერმანიის კანცლერის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილემ ქრისტიან ჰოფმანმა, „დოიჩე ველეს“ კითხვაზე – როგორი დამოკიდებულება გაქვთ „უცხოური აგენტების შესახებ“ ქართული კანონპროექტის მიმართო – უპასუხა, რომ გერმანიის მთავრობა კრიტიკულად აფასებს „ქართული ოცნების“ მეორე მცდელობას პარლამენტში გაიტანოს და მიიღოს ისეთი კანონპროექტი, რომელიც ქართულ და დასავლურ საზოგადოებაში ორაზროვან და უარყოფით რეაქციას იწვევს. თითქმის იგივე განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა სებასტიან ფიშერმა და განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტში სავარაუდო მიღებით საქართველო თავის ევროპულ პერსპექტივას რისკის ქვეშ აყენებს. ქართული კანონპროექტის მიმართ ნეგატიური თვალსაზრისი გამოხატა ბუნდესტაგის „მწვანე“ დეპუტატმა ანტონ ჰოფრაიტერმაც, რომელმაც იმედიანად განაცხადა, რომ კანცლერი ქართველ სტუმარს მიანიშნებს, თუ რა რისკების ქვეშ მოექცევა სამხრეთკავკასიური ქვეყნის გზა ევროკავშირისაკენ.

უჩვეულოდ გულახდილი კანცლერი

კანცლერმა დეპუტატის იმედები გაამართლა: ერთობლივ პრესკონფერენციაზე ოლაფ შოლცმა უჩვეულოდ მკვეთრი პოზიცია და გულახდილობა გამოავლინა. მან თქვა, რომ ამგვარი [არადემოკრატიული] კანონპროექტების მიღება დაუშვებელია.

თავის მხრივ, ირაკლი კობახიძე ვალში არ დარჩენილა: იგი ბრწყინვალედ ლაპარაკობდა გერმანულ ენაზე და აღნიშნა, რომ მან და სხვა ქართველმა პოლიტიკოსებმა გერმანიაში სწავლის დროს კარგად გაითავისეს – „დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა, ადამიანის ძირითადი უფლებები და სახელმწიფო სუვერენიტეტი“ იმ უმაღლეს პრინციპებს წარმოადგენს, რომლებიც განსაკუთრებულად უნდა იქნენ დაცულნი და ქართული კანონპროექტიც სრულად პასუხობს ჩამოთვლილ მოთხოვნებს.

ირაკლი კობახიძე ამაზე არ გაჩერებულა და აღნიშნა, რომ კანონპროექტის მოწინააღმდეგე არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთი დამფინანსებლების მითითებით მოქმედებენ და ცდილობენ გავლენა მოახდინონ საქართველოს პოლიტიკურ განვითარებაზე – ისე როგორც ეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოხდა“.

საქართველო „საქანელაზე“: მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

გერმანიაში საქართველოს მთავრობის პოლიტიკას ამბივალენტურად თვლიან და მას „საქანელას“ უწოდებენ მოსკოვსა და ბრიუსელს შორის: ერთი მხრივ, თბილისი აცხადებს თავის უცვლელ კურსად ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, მეორე მხრივ კი – თითქმის ასლი გადმოაქვს რუსული რეპრესიული ზომებისა, რომელსაც მთავრობა მიმართავს ქართული ოპოზიციური ორგანიზაციებისა და „ლგბტ-საზოგადოების“ წინააღმდეგ.

გერმანული რესპექტაბელური გაზეთი „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგის“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) ავტორი რეინჰარდ ფეზერი ამ მხრივ ყურადღებას ამახვილებს თვითონ ირაკლი კობახიძის პიროვნებაზე: „45 წლის ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც პრემიერ-მინისტრად დამტკიცებამდე მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ლიდერის პოსტი ჰქონდა დაკავებული, აღნიშნული კანონპროექტის მიღების მტკიცე მომხრე იყო და მის მოწინააღმდეგეებს „ლიბერალურ ფაშისტებს“, „ნარკომანებს“ და „უღმერთო დამნაშავეებს“ უწოდებდა.

„სწორედ ირაკლი კობახიძე იყო ბოლო წლებში თავისი პარტიის მიერ ანტიდასავლური კურსის გატარების ინიციატორი და რეგულარულად აჟღერებდა „შეთქმულების თეორიებს“, რომელთა თანახმად, დასავლეთი, „რადიკალურ ოპოზიციასთან“ ერთად, თითქოსდა საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევა სურს. რეინჰარდ ფეზერის ვარაუდით, ირაკლი კობახიძეს თავისი პოლიტიკური მსოფლმხედველობა ჩამოუყალიბდა როგორც პარტიის დამაარსებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ზეგავლენით, ასევე კულისებს მიღმა არსებული ხელისუფლების ცენტრის მეშვეობით.

2016 წლიდან 2019 წლამდე ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტის სპიკერი იყო და იძულებული გახდა პოსტიდან გადამდგარიყო ფართო საზოგადოებრივი საპროტესტო აქციების შედეგად, რომელიც თვითონვე გამოიწვია – უფლება მისცა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატს სერგეი გავრილოვს საქართველოს პარლამენტის სპიკერის ადგილზე დამჯდარიყო.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: