“გოგაშვილი ამბობს, ყველაფერს გამოვდებო, ძალიან ველოდები, არანაირი პრობლმა არ იქნება, უბრალოდ, მეცინება”- ვახტანგ გომელაური
სოსო გოგაშვილი ამბობს, ყველაფერს გამოვდებო, მე ველოდები, გამოვიტან რაღაც ჩანაწერებსო, ძალიან ველოდებით. არანაირი პრობლემა არ იქნება, მეცინება უბრალოდ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
მისი თქმით, აბსურდია ყველაფერი, რასაც სოსო გოგაშვილი ამბობს.
“ამბობს, ყველაფერს გამოვდებო, მე ველოდები, გამოვიტან რაღაც ჩანაწერებსო, ძალიან ველოდებით. არანაირი პრობლემა არ იქნება, მეცინება უბრალოდ. თავად სოსო გოგაშვილზე გული მწყდება. რომ გავიცანი 2013 წელი იყო, წამოვიყვანე მე პირადად, ის იყო რიგით თანამდებობაზე, აღარ მახსოვს განყოფილების უფროსის მოადგილე თუ ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე გენინსპექციაში. მე მაშინ მოადგილე ვიყავი, ბატონი ირაკლი იყო ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი. ვთხოვე, ჩემს საკურატოროში გადმოვიყვანე, დავაწინაურე და ასე ეტაპობრივად. ბოლოს გახდა ჩემი პირველი მოადგილე. თითქმის სამი წელი იყო ჩემი მოადგილე, ის იყო ჩემი ოჯახის ახლობელიც, დავახლოვდით ოჯახებით. ახლა რასაც აცხადებს, სამწუხაროა. თურმე სამი წელი იდგა და აგროვებდა ჩემზე და ჩვენს გუნდზე კომპრომატებს, თურმე გომელაური ციხეში უნდა იჯდეს. თუ არ ვცდები, 2018-ში გათავისუფლდა თანამდებობიდან, რატომ მოხდა ეს თვითონ ყველაზე კარგად იცის, თუმცა ახლა ამას არ ვიტყვი. არაერთხელ დამიცვია ის გუნდისგან“, – განაცხადა გომელაურმა.
ვახტანგ გომელაურს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, შედგა თუ არა მასსა და სოსო გოგაშვილს შორის სატელეფონო კავშირი და ნამდვილად დაემუქრა თუ არა იგი გოგაშვილს, რაზეც შს მინისტრმა აღნიშნა: „ეს რა თქმა უნდა, ტყუილია, არანაირი კავშირი არ შემდგარა“
„არ დამირეკავს, არ შემდგარა არანაირი კომუნიკაცია, არ შემდგარა არანაირი მუქარა. მით უმეტეს, ოჯახისა და ოჯახის ამოწყვეტის მუქარა, სასაცილოა. სამსახურიდან მისი გათავისუფლების შემდეგ ჩვენ ჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა, რომ გადადგა კიდეც, მას შემდეგ პარტიაში იყო რამდენიმე ხანი და ურთიერთობა გვქონდა ჩვეულებრივად, ჩემთანაც ყოფილა ოჯახში მას შემდეგ და არანაირი დაძაბული ურთიერთობა ჩვენ არ გვქონია. რჩევაც უკითხავს და მიმიცია. შეიძლება, ათჯერ გაიყვანეს საშხაპეში, მე არ ვიცი. არ ვიცი, შიგნით რა ხდებოდა. საშხაპეში გაიყვანეს, თუ სხვაგან გაიყვანეს, მე რა ვიცი. ის ჩემი დაწესებულება არ არის, მაგრამ მე რომ არ დამირეკავს მასთან და კომუნიკაცია არ მქონია, ეს ვიცი 100 პროცენტით.
წარმოიდგინეთ, ყველაზე მეტად გაოცებული მე ვარ. ელემენტარულად, არავის ვაყვედრი არაფერს, რაც შემეძლო, ყველაფერი გავუკეთე. ეს ადამიანი იყო დაბალ თანამდებობაზე, არაფერი ჰქონდა, მერე გახდა პირველი მოადგილე და როგორც არის, ღმერთმა მისცეს, კარგად იყოს. არანაირი ცუდი არ მინდა მისი ოჯახისთვის. რაც მოხდა, სადამდეც მიიყვანა მისმა საქციელმა და ქმედებებმა, კი ვხედავთ. კიდევ ვწუხვარ, არ მინდა არავისთვის ცუდი, მით უმეტეს, მისი ოჯახისთვის“, – განაცხადა გომელაურმა.
ამასთან, კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ გოგაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაიბარებენ, მივა თუ არა საგამოძიებო უწყებაში, გომელაურმა აღნიშნა, რომ მზად არის, კითხვებს პასუხები გასცეს.
„რა თქმა უნდა, მე მზად ვარ, თუ კითხვები ექნება, პასუხი გავცე გამოძიებას“, – აღნიშნა გომელაურმა.