
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 14 აპრილს ლუქსემბურგში უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებსა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტს განიხილავენ – European Pravda
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 14 აპრილს ლუქსემბურგში, საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს განიხილავენ, კერძოდ, „მსურველთა კოალიციის“ ინიციატივას უკრაინაში უცხოური სამხედრო მისიის შესაძლო განლაგებასთან დაკავშირებით, ასევე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტის მომზადებას და მასზე ზეწოლის სხვა საშუალებებს. ამის შესახებ European Pravda-ს კორესპონდენტს ანონიმურობის პირობით ევროპელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომელიც სხდომის მომზადების პროცესის შესახებ ინფორმირებულია.
სააგენტოს წყარომ აღნიშნა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 14 აპრილს ლუქსემბურგში ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე განიხილავენ უკრაინის უსაფრთხოების შესაძლო გარანტიებს საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ, ასევე, რუსეთზე სანქციებით ზეწოლის გაგრძელებას.
„ევროკავშირი მხარს უჭერს რუსეთზე ზეწოლის გაგრძელებას და, შესაბამისად, სანქციების მე-17 პაკეტი და ზეწოლის სხვა საშუალებები ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საუბრის ნაწილი იქნება“, – განაცხადა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა.
მან დასძინა, რომ ასევე განიხილება უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების პროცესი, იმის გათვალისწინებით, რომ უნგრეთი მოლაპარაკებების კლასტერების გახსნას ბლოკავს.
ამასთან, განსახილველ საკითხებს შორის იქნება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის ინიციატივა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაზრდის შესახებ, კერძოდ, 5 მილიარდი ევროს ღირებულების 2 მილიონი საბრძოლო მასალის მიწოდების ინიციატივა.
„ვფიქრობ, ორშაბათს [14 აპრილს] ვნახავთ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ვალდებულებები გაფართოვდება”, – დასძინა ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, „ასევე, განიხილება „მსურველთა კოალიციის“ ინიციატივები ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინაში სადამკვირვებლო მისიის განლაგების შესახებ, რომელიც მონიტორინგს გაუწევს დარღვევების არარსებობას, ასევე, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს – უკრაინისთვის ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობის დამყარების მიზნით“.
ამრიგად, უკრაინის საკითხი ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგის მთავარი თემაა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ვიდეო ბმულით მიმართავს.
„მინისტრი სიბიგა მინისტრებს აცნობებს ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებას, უკრაინაში პოლიტიკურ პროცესებს, უკრაინის ამჟამინდელ გადაუდებელ პრიორიტეტებს და იმას, თუ რას ითხოვენ ისინი ახლა ევროკავშირისგან. ასევე განიხილება ამერიკის დიპლომატიური ინიციატივები მშვიდობის დამყარებისთვის“, – განუცხადა წყარომ European Pravda-ს.