“დონალდ ტრამპი თავს იკავებს სერიოზული ესკალაციისაგან ირანის წინააღმდეგ: მრჩევლები შიშობენ, რომ ახლო აღმოსავლეთში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებზე რაკეტების მარაგი შემცირებულია”-The New York Times
აშშ-ის გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“ (The New York Times) რუბრიკით „ომი ახლო აღმოსავლეთში“ აქვეყნებს სტატიას სათაურით: „დონალდ ტრამპი თავს იკავებს სერიოზული ესკალაციისაგან ირანის წინააღმდეგ: მრჩევლები შიშობენ, რომ ახლო აღმოსავლეთში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებზე რაკეტების მარაგი შემცირებულია“ (ავტორები: ერიკ შმიტი და ჯონათან სვონი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა – როგორც ამ ეტაპზე გახდა ცნობილი – გადადო ირანთან ომის მკვეთრი ესკალაცია იმის გამო, რომ იგი შიშობს, ვაითუ ომის გამწვავებამ აშშ-ის ისედაც შემცირებული საზენიტო ანტირაკეტების (Patriot-ების) რეზერვები ისე გამოფიტოს, რომ მარაგი საშიშ ზღვარს მიუახლოვდეს.
თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენლების თქმით, რაკეტ-დამჭერების (ანტირაკეტების) რეზერვების შემცირება ერთ-ერთ იმ ფაქტორს წარმოადგენს, რის გამოც მსხვილი შეტევების განხორციელება უკვე ძალიან სარისკო გადაწყვეტილებად მიიჩნევა.
საქმის კურსში მყოფი პირების თქმით, დონალდ ტრამპმა ასეთი გადაწყვეტილება გასულ კვირაში, პარასკევს, თავის მთავარ მრჩევლებთან და პენტაგონის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. თუმცა, როგორც დენ კეინი – შტაბების უფროსების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ირანთან საომარი მოქმედებების გაფართოებით რაკეტების მარაგი აღარ იქნება – „რეზერვები ყოველთვის გამოინახება“.
სტივენ ჩუნგის – თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორის თქმით, პრეზიდენტი, უბრალოდ, წინდახედულობას იჩენს, იგი უპირატესობას ყოველთვის მშვიდობას და მოლაპარაკებას ანიჭებს. თუმცა, თუ სიტუაცია გაუარესდება და ირანი ტერორიზმს გააგრძელებს, აშშ იძულებული გახდება პასუხი გასცეს. „თეირანისთვის გონივრული იქნება სამშვიდობო ხელშეკრულების დადებაზე იფიქროს, თორემ საწინააღმდეგო შემთხვევაში ისლამურმა რეჟიმმა იცის, რაც ელოდებათ“.
არადა, აშკარაა, რომ მისტერ დონალდ ტრამპი თავს იმტვრევს იმაზე, თუ როგორ გააგრძელოს ხუთთვიანი ომი ირანთან და როგორ გახსნას ჰორმუზის სრუტე, რადგან ფასები გაზზე და ნავთობზე ისევ მატულობს. დიპლომატიამ კრახი განიცადა, ირანი კი აშშ-ის მასობრივ შეტევებს უძლებს და უკან არ იხევს.
ჟურნალისტებთან მოსაუბრე თეთრი სახლის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ანონიმურად განაცხადა, რომ აშშ-ის არმიის დარტყმებს, რა თქმა უნდა ეფექტი აქვთ, მაგრამ ირანელები ერთიანობას ინარჩუნებენ და შესაბამისად, რეჟიმის ლიდერებს მთავარი ყურადღება საშინაო საკითხებიდან საგარეო საფრთხეებზე გადააქვთ.
შაბათს სარაკეტო და საავიაციო დარტყმები თითქოს ჩაცხრა, მაგრამ დაძაბულობა მაინც მაღალ დონეზეა, რადგან იემენელი ჰუსიტები გააქტიურდნენ და წითელი ზღვისაკენ მცურავ ტანკერებს ბაბ-ელ-მანდების სრუტეში სროლა აუტეხეს.
ბოლო დღეებში პენტაგონმა ახლო აღმოსავლეთში დამატებითი ძალები, იარაღი და სხვადასხვა ამუნიცია გაგზავნა, რომ მზად იყოს ნებისმიერი ესკალაციისათვის. ამერიკელებმა საკმაოდ ბევრი სარკინიგზო და საავტომობილო ხიდები დაანგრიეს ირანში, განსაკუთრებით ჰორმუზის სრუტის სანაპიროზე, რათა მისი აკვატორიის გაკონტროლებაში ისლამურ რეჟიმს ხელი შეეშალოს. ჯერ კიდევ ხუთშაბათს პრეზიდენტმა გამოცემა Axios-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ „მე მასშტაბურ შეტევას ვამზადებ და თანაც ისეთ მასშტაბურს, როგორიც არასოდეს ყოფილა. მე უკვე გადაწყვეტილების მიღების წინაშე ვდგავარ და მზად ვარ მივიღო კიდეც“. მაგრამ პარასკევს საღამოსათვის დონალდ ტრამპმა ირანზე მასირებული შეტევა გაურკვეველი ვადით გადადო. როგორც ჩანს, იგი დაარწმუნეს მრჩევლებმა იმაში, რომ იორდანიაში, ბაჰრეინში და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში არსებულ აშშ-ის სამხედრო ბაზებზე საბრძოლო მასალები შემცირებულია და მათი შევსება არ დასრულებულა.
აპრილში „ნიუ-იორკ თაიმსი“ იტყობინებოდა, რომ პენტაგონმა ომის დროს 1200-ზე მეტი ანტირაკეტა „პეტრიოტი“ გამოიყენა, რომელიც თითოეული 4 მილიონამდე დოლარი ღირს. რაკეტებით ასეთი აქტიური სარგებლობა მის რეზერვებს ამცირებს, აშშ-ის სამხედრო მრეწველობა ვერ ასწრებს არმიის მოთხოვნების დაკმაყოფილებას. აპრილის თვიდან სიტუაცია უფრო გაუარესდა.