1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “დასავლეთი ცდილობს საქართველოში “ფერადი რევოლუცია” მოახდინოს, რომლის თავიდან აცილების მიზნით თბილისი “3+3″ პლატფორმაში უნდა გაერთიანდეს”- თურქული პრესა
“დასავლეთი ცდილობს საქართველოში “ფერადი რევოლუცია” მოახდინოს, რომლის თავიდან აცილების მიზნით თბილისი “3+3″ პლატფორმაში უნდა გაერთიანდეს”- თურქული პრესა

“დასავლეთი ცდილობს საქართველოში “ფერადი რევოლუცია” მოახდინოს, რომლის თავიდან აცილების მიზნით თბილისი “3+3″ პლატფორმაში უნდა გაერთიანდეს”- თურქული პრესა

647
0

თურქულ ჟურნალ „აიდინლიკში“ (Aydınlık) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დასავლეთი ცდილობს საქართველოში „ფერადი რევოლუცია“ მოახდინოს, რომლის თავიდან აცილების მიზნით თბილისი „3+3“ პლატფორმაში უნდა გაერთიანდეს“ (ავტორი – იასინ ოკია).

საქართველოში დემონსტრაციები გრძელდება, რომელსაც დასავლეთი მხარს უჭერს. თურქეთის პარტია „სამშობლოს“ წარმომადგენელი დოქტორი მეჰმედ პერინჩეკი კომენტარს უკეთებს ჩვენს მეზობლად მდებარე ქვეყანაში მიმდინარე საშინაო პოლიტიკურ პროცესებს და მათ დასავლეთის მცდელობად მიიჩნევს – საქართველოში ფერადი რევოლუციის მოხდენის მიზნით. მეჰმედ პერინჩეკმა დაასახელა ფორმულა, რომლითაც საქართველომ აშშ-ის ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში უნდა ისარგებლოს: „თბილისი უნდა შეუერთდეს სამხრეთკავკასიურ ფორმატს „3+3“, – ნათქვამია სტატიაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში რამდენიმე დღის წინ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელსაც დესტრუქციულმა ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა. პრეზიდენტი გახდა მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ყოფილი ფეხბურთელი და პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი. პროდასავლელი აქტივისტები პრეზიდენტის არჩევნებს არ ეთანხმებიან და საპროტესტო აქციებს აგრძელებენ, რომლებიც ერთ თვეზე მეტი ხნის წინ დაიწყო, პარლამენტის არჩევნების შემდეგ, განსაკუთრებით კი გაძლიერდა მთავრობის გადაწყვეტილების გამო, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, მოლაპარაკების გადადებას ითვალისწინებს 2028 წლამდე.

პროდასავლელმა აქტივისტებმა თბილისის ქუჩები ხელისუფლებასთან ბრძოლის არენად გადააქციეს – ისინი, ევროპარლამენტის რეზოლუციით გამხნევებულები, მთავრობისაგან საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას მოითხოვენ.

რისი მიღწევას ცდილობს დასავლეთი საქართველოში? შეძლებს თუ არა საქართველო სუვერენიტეტის შენარჩუნებას?

თურქეთის პარტია „სამშობლოს“ წარმომადგენელი დოქტორი მეჰმედ პერინჩეკი კომენტარს უკეთებს ჩვენს მეზობლად მდებარე ქვეყანაში მიმდინარე საშინაო პოლიტიკურ პროცესებს და მათ დასავლეთის მცდელობად მიიჩნევს – საქართველოში ფერადი რევოლუციის მოხდენის მიზნით.

აშშ-სა და გლობალისტების მიზანს ენერგეტიკული მარშრუტებისა და ცენტრალური აზიის ენერგორესურსების ხელში ჩაგდება წარმოადგენს. ამისათვის რეგიონის სახელმწიფოები ასეთ გეგმას უნდა დაეთანხმონ და დაემორჩილონ. დასავლეთი ცდილობს გავლენის ქვეშ ჰყავდეთ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა თურქეთი, ჩინეთი, რუსეთი და ირანი, რომლებსაც დიდი სახელმწიფოებრივი ტრადიციები აქვთ, მსხვილი არმიები ჰყავთ და დიდი ეკონომიკური პოტენციალი გააჩნიათ. თავისი გავლენის განხორციელების მიზნით დასავლეთი არასასურველი სახელმწიფოების ირგვლივ ქმნის მარიონტულ და კოლაბორაციონისტულ მთავრობებს. იმის გათვალისწინებით, რომ სამხრეთ კავკასიას დასავლეთისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ამ მხრივ საყურადღებოა საქართველოში მიმდინარე მოვლენები.

თავის დროზე, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, აშშ საქართველოში თავის გავლენას კოლაბორაციონისტული მთავრობების მეშვეობით ინარჩუნებდა. ასე იყო პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს, რომელიც პროამერიკულ კურსს ატარებდა, მაგრამ როცა მას სიბერის გამო ასეთი პოლიტიკის განხორციელება აღარ შეეძლო, იგი რბილად დაამხო (ე.წ. „ვარდების რევოლუციით“) მიხეილ სააკაშვილმა, რომლის სახით ქვეყნის ხელისუფლებაში უფრო ძლიერი და მტკიცე პროდასავლური ძალა მოვიდა [თუმცა, საბოლოოდ, მან ვერ შეძლო ხელისუფლებაში დარჩენა].

“ქართული ოცნების” მმართველობაც ძირითადად პროდასავლურად გრძელდებოდა, მაგრამ გარკვეული კორექტივებით, რაც დასავლეთის ეჭვებს იწვევდა. საქართველო არჩევანის წინაშე განსაკუთრებით მას შემდეგ დადგა, როცა რუსეთმა ანტიუკრაინული ომი დაიწყო. თბილისს მოუწია უფრო მეტი ეზრუნა საკუთარ სუვერენიტეტზე, რათა ქვეყნის მომავალი შეენარჩუნებინა. რას ნიშნავდა ეს? ნიშნავდა იმას, რომ საქართველომ მხარი არ დაუჭირა ანტირუსულ სანქციებს და ხელი შეუშალა ამერიკას, რომ ვაშინგტონი საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარეულიყო. ანუ საქართველოში არ იყო ანტიდასავლური ხელისუფლება, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ გამოსვლაზე უარის თქმის გამო დასავლეთის თვალში საქართველოს მთავრობამ ანტიდასავლური ხასიათი მიიღო.

ამერიკამ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას მიანიშნა, რომ ვაშინგტონი მხარს მხოლოდ 100%-იან ლოიალურ ძალებს დაუჭერდა – ისეთს, როგორიცაა ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობა უკრაინაში და როგორიც იყო მიხეილ სააკაშვილის მთავრობა საქართველოში და სხვანაირად მოაზროვნე ხელისუფლება მისთვის მიუღებელია. შესაბამისად, აშშ ისევ შეეცადა საქართველოში „ფერადი რევოლუციის“ მოწყობას არასასურველი მთავრობის დასამხობად.

გამოდის, რომ ჯო ბაიდენს, თეთრი სახლიდან წასვლის წინ, სურს სამხრეთ კავკასიას ცეცხლი წაუკიდოს. ჯო ბაიდენმა ნება დართო უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული შორი მოქმედების რაკეტები გამოიყენოს, ამერიკამ ხელი შეუწყო სირიის მოვლენებს, „გადაარჩინა“ მოლდოვა, ახლა კი საქართველო. ეს ყველაფერი ურთიერთკავშირშია. დემოკრატმა ჯო ბაიდენმა სხვადასხვა რეგიონში სიტუაციის პოლარიზება განგებ მოახდინა. იმიტომ, რომ როცა თეთრ სახლში დონალდ ტრამპი დაბრუნდება, მას ისეთი არეული სიტუაცია დახვდება, რომ უბრალოდ, ვერ შეძლებს და უარს იტყვის მათ დარეგულირებაზე.

საქართველოში მიმდინარე ამბები არამარტო რუსეთის ალყაში მოქცევას ემსახურება, არამედ თურქეთისა და აზერბაიჯანის ალყაში მოქცევასაც. აზერბაიჯანი ითვლება ერთ-ერთ იმ ქვეყნად, რომლის პოლიტიკა დასავლეთს არ მოსწონს რუსეთთან მიმართებით და მის დემონიზებას ახდენს.

აშშ საქართველოს “ინვესტირებას”  დიდი ხნის განმავლობაში ეწევა. თავის დროზე ჯორჯ სოროსის ხელშეწყობით არასამთავრობო ორგანიზაციებმა დიდი ფული მიიღეს და ასეთი პოლიტიკა დღესაც გრძელდება – ხდება საზოგადოების გადაბირება ამერიკული ფულით, რასაც აშშ-ის საელჩო ახორციელებს. მოკლედ, პროდასავლური ორგანიზაციების საქმიანობას საქართველოში საკმაო ხნის ისტორია აქვს. მთავრობა შეეცადა უცხოური გავლენების შესუსტებას და ამიტომ შესაბამისი კანონი მიიღო. ბუნებრივია, დასავლეთი თბილისის ასეთ გადაწყვეტილებას ნეგატიურად შეხვდა.

საქართველოში მოვლენების ნეგატიური განვითარების კვალობაზე, როგორც ჩანს, თბილისისათვის უკეთესი იქნება რეგიონულ ინიციატივას რეალურად და პრაქტიკულად შეუერთდეს. მხედველობაშია სამხრეთკავკასიური პლატფორმა „3+3“ (რომელშიც მეტ-ნაკლებად აქტიურად მონაწილეობენ რუსეთი, თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი და სომხეთი, საქართველო კი თავს იკავებს). 

თბილისისათვის, ამ პლატფორმის ჩარჩოებში, რეგიონის სახელმწიფოებთან ერთად, შედარებით უფრო იოლი იქნება წინააღმდეგობის გაწევა აშშ-სა და დასავლეთთან მიმართებით. საქართველო დასავლეთთან ბრძოლას მარტოდმარტო ვერ შეძლებს. ამ მხრივ პლატფორმა „3+3“ საქართველოსთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობად ითვლება და თბილისი რაც სწრაფად მიიღებს გადაწყვეტილებას, მით უკეთესი მისთვის“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: