1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ბევრს გაუჩნდა განცდა, რომ შესაძლოა, ხანძრები გამოიწვია დაუდევრობამ, არის დივერსიის ვერსიაც”- ირაკლი ღარიბაშვილი

“ბევრს გაუჩნდა განცდა, რომ შესაძლოა, ხანძრები გამოიწვია დაუდევრობამ, არის დივერსიის ვერსიაც”- ირაკლი ღარიბაშვილი

“ბევრს გაუჩნდა განცდა, რომ შესაძლოა, ხანძრები გამოიწვია დაუდევრობამ, არის დივერსიის ვერსიაც”- ირაკლი ღარიბაშვილი
58
0

ბევრს გაუჩნდა განცდა, რომ შესაძლოა, ხანძრები გამოწვეული იყო დაუდევრობით, სიცხით, არის ვერსიები, რომ შესაძლოა, გარკვეული დივერსიაც იყოს, გამორიცხული არაფერი არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გამოძიებამ ყველა მიმართულებით და ყველა ვერსიაზე უნდა იმუშაოს.

„ბოლო 10 დღეა, აქტიურად ვებრძვით ხანძარს. პრაქტიკულად, ყველა რეგიონში იყო. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან საეჭვოც კი არის, რომ ერთდროულად ჩნდებოდა ხანძარი რამდენიმე რეგიონში. გომელაურის უწყებამ ძალიან ეფექტიანად მართა ეს კრიზისი. მოგეხსენებათ, ჩემი გადაწყვეტილებით, ჩართული იყო თავდაცვის ძალები. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ჯარს, პოლიციას, ჩვენს საამაყო სამაშველო სამსახურს, სატყეო სააგენტოს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ყველას მინდა, მადლობა გადავუხადო, ვინც ამ ძალიან მძიმე გამოწვევების პროცესში იყო ჩართული.

ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად იციან, რომ ხანძარი თავიდან გავრცელდა ბორჯომში, შემდეგ გავრცელდა სხვადასხვა სოფლებში, რაიონებში, მაგრამ თითქმის ყველგან არის ლოკალიზებული, ლიკვიდირებული. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენი ქვეყნის მეგობარ სახელმწიფოს, თურქეთის რესპუბლიკას მადლობა გადავუხადო, პირადად პრეზიდენტ ერდოღანს. მინდა გითხრათ, რომ როგორც კი გადასცეს მას ჩვენი თხოვნა დახმარების თაობაზე, იმავე წამს დავალება გასცა და სულ რაღაც ერთ საათში გამოიგზავნა სამი თვითმფრინავი. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ და ამ დახმარებას ქართველები არ დავივიწყებთ. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი მათ. მინდა, მფრინავებს განსაკუთრებით მადლობა გადავუხადო, ასევე ჩვენს საამაყო მაშველებს, პოლიციელებს, ჯარს და ყველას.

ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა განცდა იმისა, რომ შესაძლოა, ეს იყო გამოწვეული ზოგიერთი ადამიანის დაუდევრობით, შეიძლება სიცხის გამო იყო გამოწვეული, არის ვერსიები, რომ შესაძლოა, იყოს რაღაც გარკვეული დივერსიაც, არაფერი არის გამორიცხული. გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს. ჩვენ არაფრის გამორიცხვა არ შეგვიძლია, ვინაიდან ვიცით რა ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალების ბუნება და მათი ეს დივერსიული მიდრეკილებები, არაფერი არ არის გამორიცხული. ამიტომ გამოძიებამ ყველა ვერსიაზე უნდა გასცეს ამომწურავი პასუხი და ვიცი, რომ ასეც იქნება.

მინდა, მოვუწოდო მოქალაქეებს, უფრო მეტი სიფრთხილით მოვეკიდოთ ასეთ ვითარებას. უკვე პრაქტიკულად რამდენიმე კვირაა, არც წვიმა მოსულა ქვეყანაში და არის ძალიან რთული ვითარება. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ხანძრები მთელს ევროპაშია, ამერიკაში, ყველგან და ეს დიდი გამოწვევაა. ასე რომ, მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ასეთ საკითხებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.