"განა არ დადგა კიევის კომპრომისზე წასვლის დრო?" - ასეთი სათაური აქვს ამერიკულ ჟურნალ "ფორინ პოლისში“ (Foreign Policy) გამოქვეყნებულ ინტერვიუს უკრაინის პარლამენტის დეპუტატთან ალექსი გონჩარენკოსთან, რომელსაც ჟურნალისტი სემ სქოუვი ესაუბრება).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
- როგორ აფასებთ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიდგომას სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ?
- არა მგონია, ვინმეს განსხვავებული მიდგომა შეეთავაზებინა. ამ სიტუაციაში დონალდ ტრამპის ინდივიდუალური ნაბიჯების კრიტიკა რთულია. ჯერ შედეგები არ არის. თითქმის ერთი თვის წინ მე ჩემი სამშვიდობო გეგმა წარვადგინე. ჩემი აზრით, არსებობს ორი პრობლემა.
პირველი ის არის, რომ თავიდანვე ჩვენ გვინდოდა ფართომასშტაბიანი შეთანხმების დადება, ახლა კი უფრო ამბიციურ მიზანს ვისახავთ - ვსაუბრობთ უკრაინასა და მთელ ევროპულ უსაფრთხოების სისტემაზე, ანუ საკითხების სპექტრი მუდმივად ფართოვდება. როდესაც დღის წესრიგში ამდენი მნიშვნელოვანი საკითხია, ძნელია კომპრომისის პოვნა. ამიტომაც ვთავაზობ, რომ მცირედით დავიწყოთ - თუ ტრამპისეული „დიდი ლამაზი გარიგება“ ახლა ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება, მოდით მაშინ ცალკეულ საკითხებზე შევთანხმდეთ, რომლებიც შეიძლება უფრო მოკრძალებულები და ნაკლებად მიმზიდველები იყონ, მაგრამ ნამდვილად მიღწევადი. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ მოვახერხეთ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტასა და მარცვლეულის კორიდორზე შეთანხმება?
მეორე პრობლემა ის არის, რომ მხოლოდ ერთი შუამავალი გვყავს - შეერთებული შტატები. პატივს ვცემ ამერიკის შეერთებულ შტატებს და მინდა, რომ მისი წარმომადგწენლები ყოველთვის იყვნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, მაგრამ რატომ არ უნდა ჩავრთოთ სხვა ქვეყნებიც? მაგალითად, ცალკე მოლაპარაკებებში თურქეთი - შავი ზღვის შესახებ, ან ეგვიპტე, ან ინდოეთი. რატომ არ არიან ბრაზილია და ვატიკანი ჩართულები?
- რატომ გადაწყვიტეთ ამ წინადადების ახლა წამოყენება?
- იმიტომ, რომ ბრძოლის ყოველი დღე მხოლოდ მეტ ტანჯვას გვანიჭებს. სამწუხაროდ, ჩვენი პოზიცია დღითი დღე სუსტდება: ის, რისი მიღწევაც 2022 წელს შეგვეძლო, 2023 წელს უკვე მიუღწეველი იყო. იგივე იყო 2024 და 2025 წლებში. ახლა 2026 წელია და მალე 2027 წელი დადგება. სწორედ ამიტომ, დიდი ხანია მოლაპარაკებებისკენ ვიბრძვი. როდესაც ამაზე ვსაუბრობ, ხშირად მეკითხებიან: „კარგი, გვაჩვენეთ რა გეგმა გაქვთ? როგორ წარმოგიდგენიათ?“ ამიტომ გადავწყვიტე პასუხის გაცემა. არ ვამტკიცებ, რომ ჩემი გეგმა იდეალურია, მაგრამ ვცდილობ, ყოველ შემთხვევაში, კონკრეტული ნაბიჯები დავასახელო, რომელთა გადადგმაც, ვფიქრობ, შეგვიძლია.
ბოლოს და ბოლოს, ვხედავ, როგორ ვითარდება ესკალაცია. ექვსი თვის წინ გემები შავ ზღვაში დაცურავდნენ, ხიდები არ დაზიანებულა და საწყობები ხელუხლებელი იყო. ახლა კი, ყოველ თვესთან ერთად, სიტუაცია უარესდება. ამიტომ გავიფიქრე: მოდით, ყოველ შემთხვევაში, ვეცადოთ დაძაბულობის განმუხტვას. ვოლოდიმირ ზელენსკი ყოფილი მსახიობია და ძალიან მგრძნობიარეა საზოგადოებრივი განწყობის მიმართ. ვფიქრობ, მისთვის მნიშვნელოვანია იგრძნოს, რომ ხალხს მშვიდობიანი გადაწყვეტა სურს. იმედი მაქვს, ეს მას მოტივაციას მისცემს, უფრო აქტიურად ეძებოს მშვიდობისკენ მიმავალი გზები.
- როგორ აფასებთ თქვენს სამშვიდობო გეგმაზე რეაქციას?
- გეგმა ბრალდებებით „დამიბომბეს“. ზოგიერთმა რუსეთის აგენტი მიწოდა, ზოგმა - MAGA-ს აგენტი, ზოგმა კი - ტრამპის აგენტი. გაირკვა, რომ საზოგადოების ნაწილს საერთოდ არ სურს მოლაპარაკებები. ეს ადამიანები ცოტანი არიან, მაგრამ ძალიან ხმამაღლა საუბრობენ და მათი ხმა მკაფიოდ ისმის. და ესეც პრობლემაა. წარმოვიდგინოთ, რომ დღეს ან ხვალ ამერიკელი მომლაპარაკებლები გამოაცხადებენ: „შეთანხმება გვაქვს“. თუ ვლადიმერ პუტინი დათანხმდება, ესე იგი, რუსეთის მოსახლეობაც დათანხმდება. მაგრამ უკრაინაში საქმე სხვაგვარადაა: შეიძლება ჩვენი მომლაპარაკებლებმა შეთანხმება გამოაცხადონ, მაგრამ საზოგადოების ნაწილი მათ წინ აღუდგება: „ეშმაკმა წაგიღოთ!“.
ჩემი გეგმის წარდგენამდე ქვეყანაში არც კი ყოფილა განხილვა იმის შესახებ, თუ რა პირობების მიღებაზე ვიყავით მზად და რომელს მიუღებლად მივიჩნევდით. ვფიქრობ, ამ მხრივ სერიოზული ვაკუუმია შექმნილი. ზოგიერთი ვარაუდობს, რომ რუსეთი უკრაინას ულაპარაკოდ დანებდება. სამწუხაროდ, დღეს ეს არარეალურია.
- თქვენ ფიქრობთ, რომ მოსკოვი მზადაა შეარბილოს მკაცრი მოთხოვნები, რომლებსაც საჯაროდ აყენებს მოლაპარაკებების დროს?
- იცით, ეს მოლაპარაკების ტაქტიკაა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ რუსული მხარე მზადაა მოლაპარაკებისთვის. ჩემი გეგმის წინააღმდეგ წამოყენებული ერთ-ერთი არგუმენტი, სხვა საკითხებთან ერთად, იყო ის, რომ ეს ყველაფერი სისულელეა, რადგან რუსებს არაფერი არ სურთ. უცნაური არგუმენტია. დავუშვათ, რომ მათ სინამდვილეში არაფერი არ სურთ და ჩემი წინადადებები არსად მიგვიყვანს. რას დავკარგავთ ამ შემთხვევაში?
ბოლოს და ბოლოს, მე არ მოვუწოდებ ბრძოლის შეწყვეტის ან იარაღის დაყრისკენ. მე ვამბობ, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები მხოლოდ იმიტომ არის შესაძლებელი, რომ უკრაინის არმია წარმატებით აგრძელებს ბრძოლას. თუ ჩვენი არმია ბრძოლას შეწყვეტს, მოლაპარაკებები არ იქნება. უკრაინის არმია დროს ყიდულობს. მაგრამ რა მიზნით? ჩვენი საქმეა, სულ მცირე, მოლაპარაკებების დაწყება ვცადოთ. გაიხსენეთ ოლეშკის ცეცხლის შეწყვეტა, 2022 წლის მარცვლეულის დერეფანი და შავი ზღვის შეთანხმება. ეს მაგალითები აჩვენებს, რომ რუსეთთან გარკვეულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. თუ გავაგრძელებთ იმის მტკიცებას, რომ რუსეთთან ნებისმიერი შეთანხმების დადება შეუძლებელია, მაშინ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთ სიტუაციაში კონფლიქტს დასასრული არ ექნება. თუმცა ისტორიიდან ვიცით, რომ ომები და კონფლიქტები მუდმივად არ გრძელდებიან.
