ვემზადებით შევუერთდეთ ევროს ერთიანი გადახდების სივრცეს – ირაკლი ღარიბაშვილი
ვემზადებით შევუერთდეთ ერთიან ევრო გადახდების სივრცეს, ორგანიზაციას სახელწოდებით SEPA, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ საჭირო აღარ იქნება ევროკავშირი გადარიცხვებისთვის საკორენსპონდენტო ბანკის ან შუამავლის გამოყენება.
„ვემზადებით შევუერთდეთ ერთიან ევრო გადახდების სივრცეს, ორგანიზაციას სახელწოდებით SEPA (ევროკავშირის და ერვოზონის ქვეყნებში საგადასახადო მომსახურების და პროვაიდერების ჰარმონიზების ჩარჩო). ამ ორგანიზაციის წევრია ევროკავშირის 27 ქვეყანა, ასევე დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტაინი. ამ მიზნით აქტიურად ვმუშაობთ, ეროვნული ბანკია ჩართული, ასევე ეკონომიკის სამინისტრო და სხვადასხვა სამთავრობო უწყებები. საქართველოს პარლამენტმა, რომელსაც დასამტკიცებლად გადაეგზავნება დღევანდელ მთავრობის სხდომაზე წარმოდგენილი სამი კანონპროექტი, უნდა დაამტკიცოს და შესაბამისი ცვლილება ასახოს კანონმდებლობაში.
საჭირო აღარ იქნება ევროკავშირი გადარიცხვებისთვის საკორესპონდენტო ბანკის ან შუამავლის გამოყენება და ეს ძალიან პოზიტიური საკითხია ჩვენი მოქალაქეებისთვის“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.